სოზარ სუბარი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: ამას სჭირდება შესაბამისი საბუთების წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს წინაშე ბოდიშიც უნდა მოიხადონ

სოზარ სუბარი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: ამას სჭირდება შესაბამისი საბუთების წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს წინაშე ბოდიშიც უნდა მოიხადონ

ხშირად გვითქვამს, რომ გაოცებული ვართ იმ განცხადებებით, რომელიც გვესმის ხოლმე უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის თუ პოლიტიკოსის მხრიდან, თუმცა გაოცებასთან ერთად ეს იყო უკვე ძალიან შეურაცხმყოფელი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინას გვერდით დაუდგეს, თუმცა, არსებობს გარკვეული საკითხები, სადაც ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები.

„ამას სჭირდება შესაბამისი საბუთების წარმოდგენა და წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოიხადონ გარკვეულწილად საქათველოს წინაშე ბოდიშიც. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინას, თუმცა არის გარკვეული საკითხები, სადაც ჩვენ მოვალენი ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები. ჩვენ საკმაოდ ბევრი გავიღეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ბევრი გავიღეთ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიის 22 პროცენტი არის ოკუპირებული, საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი არის დევნილი საკუთარ ქვეყანაში და ნაწილი ქვეყნიდან ლტოლვილია, ძალიან ბევრი ადამიანის სისხლი დაიღვარა და ერთადერთი ახლა, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, ეს არის ომში ჩაბმა, ეს არის გამორიცხული, რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად, რასაც აკეთებს აბსოლუტურად ყველა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის ნატო-ს წევრები და ნატო-ს არაწევრი ქვეყნები. რატომღაც, მხოლოდ საქართველოს მიმართ არის ასეთი ერთგვარი მოთხოვნები ლამის ზეწოლაც, რომ მოგვიწოდებენ ომში ჩავებათ, მოგვიწოდებენ, როგორც უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსი და მაღალი თანამდებობის პირი, ისე ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი და სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ლამის ომის პარტიის მედროშეები გახდნენ. ეს არის გაუგებარი, მიუღებელი“, - განაცხადა სუბარმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველში განაცხადეს, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.