მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბრიტანეთის მხრიდან უსამართლო და უსაფუძვლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბრალდებები აბსურდულია. დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, უნდა შეწყდეს ანტიქართული განცხადებები.
ასევე, მმართველი პარტია კითხვებზე პასუხს ითხოვს, რატომ აფინანსებს ბრიტანეთი საქართველოში ექსტრემიზმს.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს დროებითი რწმუნებული, სადაც დაფიქსირდა ბრიტანეთის პოზიცია, რომ საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან.
„ქრონიკამ“ ის წერილი მოიპოვა, რომელიც ბრიტანეთის საგარეო უწყებამ საქართველოს დროებით რწმუნებულს გადასცა.
„პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, ცნობილი ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება აღიქმება როგორც მცდელობა, შეზღუდონ არჩევნებში მონაწილე კონკურენტები და ჩაახშონ განსხვავებული აზრი. ეს ემატება იმ სხვა ზომებს, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვაზე. გაერთიანებული სამეფო ასევე გამოხატავს სერიოზულ წინააღმდეგობას „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გაერთიანებული სამეფოსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ საჯარო თავდასხმებზე. ეს მოიცავს ბრალდებებს ექსტრემიზმის დაფინანსებასა და „ქართული ოცნების“ მთავრობის დესტაბილიზაციის მცდელობაზე. ასეთ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და უაღრესად სამწუხაროა დიდი ხნის პარტნიორისა და მოკავშირის მიმართ ასეთი ენის გამოყენება“, - ნათქვამია წერილში.