როგორც მოსალოდნელი იყო, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კანონიერად არჩეულმა პრეზიდენტმა დიდი საკადრო წმენდა დაიწყო და თავისი გუნდის დაკომპლექტებას შეუდგა.
ეს გუნდი მომავალი (მინიმუმ) ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის მმართველი იქნება. ამდენად, დღეს მიღებული გადაწყვეტილებები გრძელვადიანი ხასიათისაა. ვგულისხმობთ არა იმდენად ახალ მთავრობას (რომლის შემადგენლობა, გარდა პრემიერმინისტრისა, ალბათ, ცვალებადია), არამედ პრეზიდენტის პოლიტიკურ გუნდს - იმ ადამიანებს, ვისაც პირადად მიხეილ სააკაშვილი საკვანძო პოლიტიკურ თანამდებობებზე ნიშნავს.
ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის 45 დღიანი ვადის განმავლობაში დანიშნული ზოგიერთი მოხელე ან მასთან არ იყო შინაარსობრივად შეთანხმებული (სამომავლოდ), ან პირიქით - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დანიშნული რამდენიმე ფიგურა ახალი პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ამ ერთგვარი წინააღდეგობის ყველაზე ნათელი მაგალითია პეტრე ცისკარიშვილი, რომლის დანიშვნა ნინო ბურჯანაძეს აშკარად არ სურდა მინისტრის მოადგილედ, ვინაიდან ცისკარიშვილი გარკვეულ საზოგადოებრივ წრეებში რადიკალად და შეუკავებლად მიიჩნევა, განსაკუთრებით, პარლამენტში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ. ნინო ბურჯანაძემ სწორედ ამ წრეებს გაუწია, ალბათ, ანგარიში, და არა „ოჯახის ინტერესებს“.
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ცისკარიშვილის დანიშვნა მინისტრის მოადგილედ მიხეილ სააკაშვილს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ სთხოვა. სწორედ ბარამიძე იქცა მიხეილ სააკაშვილის ახალ პოლიტიკურ გუნდში საკვანძო ფიგურად, ვინაიდან მათი პოზიციები (რადიკალიზმისა და „უკანმოუხედაობის“ თვალსაზრისით) დიდწილად ემთხვევა ერთმანეთს.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბარამიძე „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ჯგუფის წევრად ითვლებოდა, იგი მეორე გუნდშიც სიხარულით მიიღეს. შეგახსენებთ, რომ დიდუბის რაიონი, სადაც გიორგი ბარამიძემ იყარა კენჭი, იყო ერთად ერთი, რომელშიც „ნაციონალებმა“ თავისი ალტერნატიული კანდიდატურა არ წარმოაყენეს.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტს მხოლოდ გიორგი ბარამიძის სურვილით არ უხელმძღვანელია, როდესაც პეტრე ცისკარიშვილის დანიშვნა მტკიცედ დაიცვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მას სწორედ „უკანმოუხედავი“ კადრები სჭირდება, რათა ამ მონსტრის რეფორმირებას მიჰყოს ხელი და რეფორმის პროცესში სტრუქტურა ხელიდან არ დაუსხლტეს.
პოლიტიკური გუნდის კიდევ ერთი უდავოდ გამოკვეთილი წევრია ვანო მერაბიშვილი. ხოლო ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის თანხმობით მის მოადგილედ პროფესიონალი ჯემალ გახოკიძე დარჩა, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს: პრეზიდენტს სჭირდება არა მხოლოდ ერთგული და მთლიანად მისი პოლიტიკის აღმასრულებელი, არამედ კვალიფიციური უშიშროების საბჭო.
ამდენად, ვანო მერაბიშვილის დანიშვნაც იმ „გრძელვადიან“ საკადრო გადაწყვეტილებად უნდა მივიჩნიოთ, რომლითაც პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი იკვეთება.
ამავე დროს, პრეზიდენტმა მიიღო ძალზე ნიშანდობლივი გადაწყვეტილება და რუსეთში საქართველოს ელჩად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია დარჩა.
თუ გვახსოვს, კემულარია ნოემბრის ბობოქარი მოვლენების დროს იმყოფებოდა მოსკოვში და მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა რუსეთის ხელსიუფლებასთან. ეს დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დატვირთვას ანიჭებს (არცთუ უსაფუძვლოდ) ახალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებს. ეს მისი საგარეო (და საშინაო!!!) პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდება.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ მაგალითად, ნინო ბურჯანაძე არაფრის დიდებით არ გაათავისუფლებდა თანამდებობიდან „ტრადიციული ქართული ელიტის“ საყოველთაოდ პატივცემულ და პოპულარულ წევრს - ზურაბ აბაშიძეს.
ყოფილ ელჩსაც აშკარად ჰქონდა ილუზია, რომ იგი შეინარჩუნებდა თანამდებობას, მაგრამ პოლიტიკის კარდინალური გარკვევის პროცესში ეს შეუძლებელია აღმოჩნდა. იმავე დისკურსში, არცთუ შემთხვევით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პოსტი ვერ შეინარჩუნოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ. თუმცა, სხვა ცნობებით, ამ საკითხზეც სამეულის ფარგლებში საკმაოდ მწვავე დისკუსია მიმდინარეობს.
აქვე უნდა დაზუსტდეს, რომ რასაკვირველია, ნინო ბურჯანაძე და განსაკუთრებით ზურაბ ჟვანია აგრეთვე პრეზიდენტის გრძელვადიანი პარტნიორები არიან, მაგრამ ისინი სწორედ პარტნიორებად უნდა ჩაითვალონ და არა უშუალოდ სააკაშვილის გუნდის წევრებად, ვინაიდან თითოეული მათგანი თავისთავადი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა.
ამ თვალსაზრისით (განსხვავებით იმავე პეტრე ცისკარიშვილისაგან) მათ დამოუკიდებელი, თვითკმარი და ძალზე სერიოზული პოლიტიკური რესურსი აქვთ.