არც თბილისშია და ბოლო დროს ტელეფონიც გამორთული აქვს. მეგობრის საშუალებით მოვძებნეთ. საგურამოსკენ მივდივართ. ორღობეში ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ. ვეკითხები, "უცნობი" სად ცხოვრობს-მეთქი და ერთმანეთს არ აცლიან მისი სახლის მისწავლებას.
ჭიშკართან კუპრივით შავი გერმანული ნაგაზი გვეგებება. "უცნობის" დედა, ქალბატონი ნანა მიხსნის, ნაგაზს "შავი" ჰქვია, მოპირდაპირე მხარეს ლევანის სახლია და იქ თოვლივით თეთრი ნაგაზი ჰყავს, სახელად "თეთრიო". მწვანედ აბიბინებულ ეზოში მორებისგან შეკრულ გრძელ სკამზე ვსხდებით. ქალბატონი ნანა ლევანზე წუხს, ლევანისთანა კაცს პოლიტიკაში რა უნდა, ძალიან გულწრფელია და უეშმაკო, პოლიტიკაში კი ამხელა სიბინძურეაო. ამასობაში გია გაჩეჩილაძეც გამოდის და შინ გვეპატიჟება. ხელში ბლოკნოტი უჭირავს.
ახალი თუ დაწერეთ რამე, წაგვიკითხეთ, ინტერვიუ ლექსით დავიწყოთ.
- ლექსი არ დამიწერია, ჩანაწერებს ვაკეთებ ჩემთვის. თუ რამე მომივა თავში ინტერვიუს განმავლობაში, გეტყვით. ბოლო ერთი წელია ან საკანში ვარ, ან აქ. იმიტომ, რომ თბილისში შექმნილ სიტუაციას, იმას, რაც ყველაზე ცუდი ხდება თბილისში, ვერ ვეგუები. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ასეთ უსამართლობაში, რაც დღესაა, არასოდეს მიცხოვრია. მხოლოდ დაჭერებს არ ვგულისხმობ. ყველაზე მეტად ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა მაღიზიანებს.
პროტესტი, რომელიც უკვე წლებია გრძელდება, არ დამთავრებულა და არც დამთავრდება. საკანიც ახალი ფორმატით დაბრუნდება ეთერში. სტუდია ერთიანად გაჯსა და მტვერშია, იქ ვერაფრით გავჩერდებოდი. არც ჩემში და არც ათასობით მოქალაქეში არსებული პროტესტი არ გამქრალა, პირიქით, გაასკეცებული ძალით ამოხეთქავს მალე. ხალხს დასვენება სჭირდებოდა და ამაში ვერაფერს ვხედავ დასაძრახს. ერთ დღეს არ გავჩერებულვარ თბილისში, აქ ამოვედი და ისეთივე განწყობა მაქვს, როგორიც საკანში ყოფნისას. ამ ხელისუფლებამ ლაღი ცხოვრების სურვილი მომისპო. ამაში ვინ დავადანაშაულო? ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ.
იმიტომ, რომ სააკაშვილს უჭერდით მხარს?
- ოღონდ უძრაობის პერიოდი დამთავრებულიყო და ძალიან წინ აღარ გავიხედეთ. არ ველოდით სააკაშვილისგან იმას, რისი მომსწრენიც დღეს ვართ. ჩაქუჩი რომ ჩაერტყა ვინმეს თავში, ვერ წარმომადგენინებდა, თუ 5-6 წლის განმავლობაში ასე შეტრიალდებოდა საქართველოს ბედ-იღბალი. სააკაშვილი ცოტა სულსწრაფი კი ჩანდა, მაგრამ ხომ გახსოვთ, როგორ რეფორმატორობდა, სასამართლო რეფორმას ჩაუდგა სათავეში და შევარდნაძის პროკურორებს დებატებში იწვევდა. არც მინდა მაგის გვარისა და სახელის ხსენება. მისმა პოლიტიკამ მიიყვანა ქვეყანა საშინელ დაპირისპირებამდე, ომსა და დაბომბვამდე. ამის შემოქმედი კაცი ჩემთვის მონსტრი და უხსენებელია. რა წარმომადგენინებდა, რომ ამ კაცის მმართველობა ტყუილებზე, მკვლელობებზე, შიშზე, ხალხის დაჩაგვრასა და დაჩმორებაზე იქნებოდა დამყარებული? ქვეყანა მშვიდი უნდა იყოს, უნდა იცოდე, ხვალინდელი დღე როგორი გაგითენდება. საქართველოში კი არავის აღარა აქვს ხვალინდელი დღის იმედი. მიკვირს, როგორ მოახერხა ამ ხალხმა ამდენი უბედურება დაეტეხათ თავს ქვეყნისთვის? როგორ შეიძლება ხელისუფალი დაუპირისპირდეს ხალხს, რომელმაც 95%-ით აირჩია, ხელისუფლება ლანგრით მიართვა, საკუთარი ბედი და შვილის მომავალი ჩააბარა?
რის გამო აიცრუეთ სააკაშვილზე გული? ითქვა, თითქოს თქვენი მეგობრები დააპატიმრეს, პრეზიდენტს მათი გათავისუფლება სთხოვეთ და რაკი თხოვნა არ შეგისრულათ, ამის მერე გაცივდა თქვენი ურთიერთობა.
- ერთხელაც არ მითხოვია მაგისთვის არაფერი, არც ვინმეს დაჭერისა და არც რაიმე პირადი მიზნის გამო. მოგიყვებით, როგორც იყო: რევოლუციის წლისთავზე მთხოვა, ჰიმნისთვის კლიპს ვწერთ და მინდა მასში პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდე. ეს კლიპი ტელევიზიით უნდა გავიდეს დილა-საღამოსო.
მივედი მასთან და როგორც აღმოჩნდა, კლიპიც მოფიქრებული ჰქონია და ისიც, ვინ საიდან უნდა გამოსულიყო და რომელი ეპიზოდი ემღერა. მოკლედ, რეჟისორიც თვითონ იყო და ოპერატორიც. კლიპის შინაარსს რომ მომიყვა და მერე სიმღერასა და შემოქმედებაზე რომ გადავიდა, გავოგნდი. მივხვდი, ეს კაცი ყველაფერი იყო, პრეზიდენტის გარდა. მაშინვე ვუთხარი, ამ კლიპში მონაწილეობა არ მინდა, არ მინდა ყოველი დღე და ღამე ჩემი ეკრანზე გამოჩენით მთავრდებოდეს-მეთქი. ამ უარის შემდეგ გაიყო ჩვენი გზები.
მანამდე, პირველი ჩადებები რომ დაიწყო, ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი? იცით, რა მითხრა? წარმოიდგინე, რომ შევარდნაძის მერე შემოსულია დიდი ტრაქტორი, რომელიც მანამდე არსებულს, ყველაფერს, მიწასთან ასწორებს, რომ მერე ახლის მშენებლობა დაიწყოსო. ესეც ყურს იქით გავატარე, რადგან ძალიან მინდოდა შევარდნაძის დროინდელი ვითარება შეცვლილიყო, მაგრამ გამოსწორების ნაცვლად ისე გააუარესა ყველაფერი მისმა დანერგილმა რეჟიმმა, რომ შევარდნაძის დრო სანატრელი გაუხდა ხალხს. ამ კაცის ტყუილები ყველა ფენას შეეხო. ახლა საზღვარგარეთს გვინდა ავუხსნათ და გავაგებინოთ, რომ ის დემოკრატიას ამოფარებული ფლიდი და მატყუარა კაცია. 10 წლის მერე ვიამაყებთ იმით, რომ საშინელი გაჭირვებისა და ჩაგვრის მიუხედავად, საზოგადოებამ თავი შეიკავა და არ დავუშვით დაპირისპირება, სისხლის ღვრა. ამ ხელისუფლებას ყველაფერი განგებ მიჰყავს იმისკენ, რომ შევესიოთ. შეიძლება გადავიდეს კაცი ჭკუიდან და იფიქროს, შევუვარდები და ან ასე იქნება, ან ისეო.
რისთვის უნდა სააკაშვილს, რომ ოპოზიცია შეესიოს?
- იმისათვის, რომ პოლიტიკური ლიდერები დააპატიმროს. გააკეთებს იმას, რაც სომხეთში მოხდა, - ოპოზიცია მოკვდა, აღარ არსებობს. ლიდერებს ციხეში გამოკეტავს და იტყვის, დემოკრატი კაცი ოპოზიციას არ ვარბევდი, ქუჩაში რაც უნდოდათ, იმას ამბობდნენ და თავად შემომიცვივდნენო. ამით "გაიპრავებს" საკუთარ მდგომარეობას. სადმე შევარდნას ან შესევას სჯობს მუდმივი ბრძოლა, ხელისუფლების მანამდე რყევა, სანამ კბილივით არ ამოვიღებთ. მწვავე ფორსმაჟორი მაქვს. სექტემბერ-ოქტომბერში სერიოზული პროცესები გველის წინ.
ოპოზიციის აქტივობას გულისხმობთ?
- არა. ტალიავინის კომისიამ სააკაშვილი სამხედრო დამნაშავედ რომ გამოაცხადოს და სამხედრო დამნაშავის გასამართლება მოითხოვონ რუსებმა, რა პოზიციას დაიკავებს ქართველი საზოგადოება? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ვითარებაში? შესაძლოა, ტალიავინის კომისიამ წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტები სააკაშვილის დანაშაულებზე, მაგრამ ხელისუფლების პიარმანქანამ ყველაფერი გადაატრიალოს და განაცხადოს, ეს ყველაფერი რუსებმა გააკეთესო. ეს პრობლემა მალე დაგვიდგება და მინდა საზოგადოება ამისთვის მზად იყოს. ხელისუფლება უსათუოდ ეცდება ყველა ჩვენგანში გააღვიძოს პატრიოტული გრძნობა და ხალხი იტყვის, ბიჭო, ჩვენი პრეზიდენტი რუსებს როგორ უნდა გავატანოთო და ამის მეშინია. თვითონაც იცის სააკაშვილმა, რომ ეს სიტუაცია ახლოვდება.
რის საფუძველზე ვარაუდობთ, რომ ტალიავინის დასკვნა სააკაშვილს სამხედრო დამნაშავედ ცნობს? აქამდე მსგავსი არაფერი გაჟღერებულა.
- ეს ვარაუდი კი არა, კონკრეტული და სარწმუნო ცნობებია. მაქვს ინფორმაცია, რომ ტალიავინის დასკვნაში ეს კაცი სამხედრო დამნაშავედ გამოცხადდება. ახლა ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას ქართველმა ხალხმა და ოპოზიციამ? ამაზე ვიფიქროთ ყველამ და იმას ნუ ვიფიქრებთ, მე ვარ და ჩემი ნაბადი, ვის უბედავენ ჩვენი პრეზიდენტის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებასო. გადაჰყვეს მთელი ქვეყანა ამ ერთი კაცის სავარძელში ჯდომას?
შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ სააკაშვილი რუსებმა უნდა გაასამართლონ, მაგრამ აქ, ქვეყნის შიგნით, ვაცხადებ, - ეს კაცი გასასამართლებელია, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იმის რესურსი, რომ დავიჭიროთ და გავასამართლოთ. ინტერნეტში წავიკითხე, რომ ტალიავინის კომისიაზე 200 მლნ-ია დახარჯული. როგორც ჩანს, ძალზე მნიშვნელოვანი მასალები მოიძიეს და ზედმიწევნით მიდის მათი შესწავლა. ამიტომაც ჩვენ არ უნდა გაგვიტაცოს ცრუპატრიოტიზმმა, - ეს როგორ გაგვიბედეს ქართველებსო. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, ქართული გვარი აქვს, სომხური, ოსური თუ ინგლისური.
მაგრამ ხელისუფლება კონტრარგუმენტს მოგიყვანთ, - ბაიდენი საქართველოში ჩამოვიდა, სააკაშვილს მხარი დაუჭირა და შეაქოო.
- ბაიდენს არ უთქვამს, შენ უნდა იყო პრეზიდენტი უკუნითი უკუნისამდეო. ბაიდენმა სააკაშვილს უთხრა, დაფინანსებას ვერ მიიღებთ, თუ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნებაო და ამის შემდეგ პირველი ნაბიჯი, რასაც დგამს ხელისუფლება, არის ყუბანეიშვილის გათავისუფლება და გია ჭანტურიას დანიშვნა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად.
მთავარია, საზოგადოებამ საქართველო და სააკაშვილი არ გააიგივოს ერთმანეთთან. ხელისუფლება შეეცდება, საქართველო და სააკაშვილი გააიგივოს და გამოაცხადოს, სააკაშვილის საწინააღმდეგო დასკვნა საქართველოს ეწინააღმდეგებაო. თუ სააკაშვილი და საქართველო არ გავმიჯნეთ ერთმანეთისაგან, დაღუპვისკენ წავა ჩვენი აქამდე ძლივს მოტანილი ქვეყანა.
ისტორიულად, ომის წინ საქართველოს სულიერი მწყემსი ყოველთვის ლოცავდა მეომრებს და აზიარებდა. ჯარისკაცების დალოცვასა და ზიარებაზე ლაპარაკიც არ არის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქმის კურსშიც არ ჩააყენეს, ცხინვალში შესვლას რომ აპირებდნენ. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. აფხაზეთის ომის დროს ჯარისკაცები მღვდელმსახურთაგან დალოცვილები და ნაზიარები მიდიოდნენ ბრძოლაში. ხალხმა და ჯარისკაცებმა ახლა განსაჯონ, ერთია სააკაშვილი და საქართველო? უწმინდესს ვკითხე, აგვისტოს ომის დროს დალოცეთ ჯარისკაცები-მეთქი? მიპასუხა, არც ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა და ჯარისკაცებს არც დავლოცავდიო, რადგან ეს ბრძოლა, თავდადება და ომი კი არა, პროვოკაცია იყო, რომელსაც მთელი საქართველო წამოეგო.
მინდა ოპოზიციის ბრძოლის შედეგები შეაფასოთ.
- ზოგი მიიჩნევს, რომ აქციებს და ბრძოლას შედეგი არ მოჰყოლია. მე კი მიმაჩნია, რომ ამ აქციებმა დიდი ნაყოფი გამოიღო. ფრთები აქვს ამ კაცს მოტეხილი და ძველებურად ვეღარ დაფრინავს. უკვე ყველამ იცის, ვინც არის და როგორ ეწინააღმდეგება საკუთარი ხალხი, მთელმა მსოფლიომ ნახა 26 მაისი. მაგრად არიან შერყეულები და წინააღმდეგობის ფრონტის მესამე სერია ამ რეჟიმს დაასრულებს.
მესამე სერია შემოდგომაზე იქნება. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და თანაც ისე, რომ ხალხი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ ყველაფერი ეს უსისხლოდ დასრულდა.
როდესაც თქვენ და ლევანი მოსალოდნელი დაპირისპირების გამო აქციების სიმწვავეს ანელებთ ან პროტესტს წყვეტთ, ჩნდება ეჭვი ხელისუფლებასთან გარიგებაზე.
- ასეთ ეჭვიან ხალხს ვერაფერს ვეტყვი. ადამიანის ან გჯერა, ან ეჭვიანობ და მუდმივად ავად ხარ საკუთარი ეჭვებით. რატომ ვუპასუხო ასეთებს? ხვალ რომ არ გამოვჩნდე ტელეეკრანზე, უმალ იტყვის, ფული აიღოო. აბოდებენ, ისე უნდათ ამის გაგონება. ეშმაკს როგორ შეიძლება გავურიგდე? თუკი რამეზე მიფიქრია, ისაა, რომ ღირსეულად წავიდე ამ ქვეყნიდან და კარგი სახელი დავტოვო. გგონიათ, სააკაშვილის მოცემულ ფულში გავყიდი იმას, რაც აქამდე მიშენებია? რას ვიყიდი სახელის სანაცვლოდ - სახლს, მანქანას... არ მაქვს? ყველაზე ფასეული ჩემთვის ის არის, რაც აქამდე მიკეთებია და მიშენებია. ჩემს სახელს არასოდეს შევბღალავ, რადგან „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა". ეჭვიანები და შურიანები არ დაილევიან ამქვეყნად. წაგიკითხავთ რამდენიმე სტრიქონს წიგნიდან "ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება", რომელიც 1907 წელს დაიბეჭდა. ილია ჭავჭავაძის მეგობარი იხსენებს, საგურამოში ბოლოს 27 აგვისტოს ვესტუმრე ილიას, ხშირად ხმარობდა სიტყვებს „უმადურობა" და „დაუნახაობაო". სამი დღის შემდეგ, 30 აგვისტოს ილია მოკლეს. ამ წიგნს რომ ვკითხულობ, თითქოს დღევანდელობას ასახავდეს. აქედან გამომდინარე, როგორ ვუპასუხო იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, ფული აიღოო. ისინი ხომ პატარა კაცები არიან? ეს არის სწორედ უმადურობა და დაუნახაობა. რა დავუშავე ამ ადამიანებს? ასე უნდა ილაპარაკონ ჩემზე იმის შემდეგ, რაც 6 თვე საკანში ძაღლივით ვეგდე?! მე ხომ მათთვის და მათი შვილების უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვი? ამ ბრძოლას ჯანმრთელობა შევწირე, ათასი უბედურება გადავიტანე, როდესაც შემეძლო აქ ტახტზე წამოწოლილს გამეტარებინა დრო.
„საკანი „5" შემოდგომაზე უსათუოდ განახლდება. ამჟამად ფორმატის განახლება და დახვეწა მიმდინარეობს. ვთქვი, ამ გადაცემას არ შევწყვეტ, რაკი მთელი საქართველო ციხეშია-მეთქი და ასეც მოვიქცევი. სიტყვას არ გავტეხ.
თუმც პროექტი დროებით მაინც შეწყდა და თქვენი ოპონენტები ხშირად იხსენებენ, - აკი „უცნობი" საკნიდან სააკაშვილის წასვლამდე არ უნდა გამოსულიყოო.
- ამის მიზეზი ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება იყო, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ძალა რომ არ აღმედგინა, ისეთი სულიერი მდგომარეობა მქონდა, მოვკვდებოდი. სიკვდილს ვარჩიე ძალა აღმედგინა და უფრო მეტი გამეკეთებინა. ჩემს ხალხს დღეს ცოცხალი ვჭირდები. აწი კიდევ უფრო მეტად, უარესად შევუტევ ხელისუფლებას. კარგად ვიცი, რომელი ვირთხა რას ლაპარაკობს ამ პროექტის დახურვაზე. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ ამ ადამიანებს, - „საკანი „5" არ დახურულა, სექტემბრიდან აუცილებლად დაბრუნდება ეთერში.
რა ცვლილებები იქნება პროექტში?
- გადაცემა რამდენიმე ნაწილად დაიყოფა. ერთსაათიანი ნაწილი გამოძიებას დაეთმობა, ერთი საათი იმ პირთა დასახელებას და გამოაშკარავებას, ვინც მიტინგზე მისვლის გამო სამსახურიდან ათავისუფლებს თანამშრომლებს, კიდევ ერთი საათი სასამართლო პროცესს დაეთმობა. განვიხილავთ ტყუილ და შეკერილ საქმეებს. ამ პროცესზე მოვიწვევთ დათხოვნილ მოსამართლეებს და მათ გავასამართლებინებთ მსჯავრდადებულებს. ამ სატელევიზიო სასამართლო პროცესზე ადვოკატი და ბრალმდებელი იპაექრებენ. ასევე, შევადგენ სიას, სადაც ცალკე ჩამოვწერ უღირსებს და ცალკე - ღირსეულებს. გვინდა კონკრეტული პირების გამოაშკარავება, თუ ვინ როგორ უდგას ქვეყანას მხარში, ვინ ფარისევლობითა და ბოროტებით და ვინ ღირსებით, გმირობითა და ადამიანობით.
ამასობაში ახალი ლექსიც დაიბადა, ახლავე დაგიწერთ:
ქართველები, მართველები,
მატყუარა ქექიები,
პირველები ყველაფერში,
მაგრამ ნაცარქექიები.