გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს მიმართავს, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად, ბრიუსელში საქართველოდან ერთობლივი დელეგაციის ვიზიტი გაიმართოს

გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს მიმართავს, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად, ბრიუსელში საქართველოდან ერთობლივი დელეგაციის ვიზიტი გაიმართოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წინადადებით მიმართა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად ბრიუსელში საქართველოდან ერთობლივი დელეგაციის ვიზიტი გაიმართოს.

როგორც ვაშაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მან ოფიციალური წერილი პაპუაშვილს უკვე მისწერა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. მისი თქმით, ახლა ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ თავად ბრიუსელში ხვალ მიემგზავრება, „ცალ-ცალკე სიარული საკმარისი არ არის“.

„ორი დღის წინ ჩამოვედი უკრაინიდან, მძიმე ვითარებაშია, ჩვენი ბევრი თანამემამულეა ჩართული იქ პროცესში. ამ მძიმე ვითარებაში ნომერ პირველი ამოცანა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა, რაც ევროინტეგრაციას სჭირდება. ჩვენი მშვიდობის შენარჩუნება ცალკე ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ვერ მოხდება, ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გუშინ გამოვედით ინიციატივით, რომ შეიქმნას გაფართოებული ფორმატი, მაგალითად, უშიშროების საბჭოსი, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი, პასუხისმგებლობებს აბსოლუტურად ყველა გავიზიარებთ და გვექნება სამ კონკრეტულ საკითხზე მუშაობა - ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობის შენარჩუნება; დაჩქარებული ინტეგრაცია ევროკავშირში - განაცხადს უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები; ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები, რომელი ამოცანის წინაშე აუცილებლად, სამწუხაროდ, დავდგებით.

ბატონო შალვა, ოფიციალური წერილი გამოგიგზავნეთ, მოგმართეთ, გაგვეკეთებინა ერთობლივი დელეგაცია ბრიუსელში, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია დაგვეფიქსირებინა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ხვალ მივემგზავრები მე ბრიუსელში, მაგრამ ცალ-ცალკე სიარული საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დაჩქარებულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. თქვენგან, სამწუხაროდ, პასუხი ვერ მივიღე.

მინდა დაგისვათ კითხვა, ხომ არ არის ის მომენტი, როდესაც ერთიანი ძალისხმევა უნდა მივმართოთ მშვიდობის შენარჩუნებისკენ. დაჩქარებული გაწევრიანება თუ ჩვენი საერთო მიზანია, ასეთ შემთხვევაში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ; ძალიან სახიფათო დისკუსია დაიწყო ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. დეკლარირებულად ასეა და თუ მომხრე ხართ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა. ხომ არ ფიქრობთ, რომ კონკრეტული მექანიზმია შესაქმნელი?“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.