სანქცირებული და ლონდონში მყოფი რუსი ოლიგარქი, მიხეილ ფრიდმანი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში მისი ბოლო მოქმედი საბანკო ბარათი გაიყინა. ამის შესახებ მან Bloomberg Businessweek-ს განუცხადა.
გამოცემის ცნობით, რუსი ოლიგარქი მეტად გაბრაზებულია, რადგან ევროკავშირის სანქციების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ბარათი აღარ მოქმედებს. ამჟამად ოლიგარქი ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ გადაიხადოს ისეთი წვრილმანი ხარჯი, როგორიც არის სახლის დამლაგებლის მომსახურება.
„იქნებ, მე თვითონ დავალაგო სახლი. არა უშავს, სტუდენტობის დროს საერთო საცხოვრებლის პატარა ოთახში ოთხ კაცთან ერთად ვცხოვრობდი, თუმცა 35 წლის შემდეგ იგივეს გამეორება მოულოდნელია," - ამბობს ფრიდმანი, „ნერვიული სიცილით,“ როგორც Bloomberg Businessweek შენიშნავს.
ევროკავშირის შემდეგ, ფრიდმანს პერსონალური სანქციები 15 მარტს გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესა, რის გამოც ოლიგარქი უცნაურ მდგომარეობაშია, რადგან ნაღდი ფულის გარეშე არის დარჩენილი. ის აპირებს, ბრიტანეთის მთავრობას ფულის ხარჯვის ლიცენზიისთვის მიმართოს, რაც თვეში, დაახლოებით, 2,500 ფუნტის დახმარებას გულისხმობს. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს მოთხოვნა „გონივრული.“
მიხეილ ფრიდმანს ისრაელის პასპორტი აქვს. თუმცა Bloomberg Businessweek-ის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ის ისრაელში გადავიდეს, ოლიგარქმა ამ ვარიანტს თავი აარიდა, რადგან, მისი თქმით, მას ისრაელში სახლი არ გააჩნია და ფულზეც არ აქვს წვდომა, რომ შეიძინოს.
„მე აქ პატიმარი ვარ. ყველაფერი უარესდება. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო, ნამდვილად არ ვიცი,“ - ამბობს ფრიდმანი.
Bloomberg-ის ცნობით, მიხეილ ფრიდმანის ქონება, უკრაინის ომამდე, დაახლოებით, 14 მლრდ დოლარს შეადგენდა. ამჟამად ეს ქონება 10 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც, Bloomberg Businessweek-ის შეფასებით, უკვე მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.