როგორი იყო ჩე გევარას სიცოცხლის ბოლო საათები

როგორი იყო ჩე გევარას სიცოცხლის ბოლო საათები

კუბის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ჩე გევარას ხელმძღვანელობაში პრესტიჟული თანამდებობები ეკავა, მაგრამ მერე საბრძოლო რომანტიკა მოენატრა და ფიდელ კასტროს გამოემშვიდობა, რათა მეზობელ ქვეყნებში მოეხდინა რევოლუციები.

1966 წლის ნოემბერში ჩე გევარა ბოლივიაში ჩავიდა პარტიზანული მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად. ამ საქმეს იგი თითქმის ორი წელი ემსახურა. 1968 წლის ოქტომბერში ჩე გევარას რაზმი ალყაში მოამწყვდია და გაანადგურა სამთავრებო ჯარმა. ჩე გევარას რევოლუციური მისიის დასრულებაში უშუალო ღვაწლი მიუძღვის ცსს–ს სუპერაგენტ ფელიქს როდრიგესს.

მრავალი წლის შემდეგ როდრიგესმა მოგონებების წიგნი გამოუშვა, რომელშიც ჩე გევარას სიცოცხლის ბოლო საათებს აღწერს.

„პატარა შვეულმფრენი იყო. ზევით უღრუბლო ლურჯი ცა იყო, ხოლო ქვევით ბოლივიის ჯუნგლები გადაშლილიყო. ჩემგან მარჯვნივ რაღაც რკინის ნაჭერზე მიბმული ჩე გევარას ცხედარი ესვენა. სიზმარში მეგონა თავი, მაგრამ შვეულმფრენი და სისხლი ნამდვილი იყო, ხოლო ჩე გევარა - მკვდარი.

ბოლივიელთა მიერ დაშიფრული ბრძანება ტელეფონით მივიღე. ბრძანება ასეთი იყო "500–600". "500" კოდით ჩეს ნიშნავდა, ხოლო "600" მოკვლას. ბოლივიელებს რომ მისი ცოცხლად დატოვება სდომოდათ, მაშინ მე მივიღებდი "700–ს". ბრძანების განმეორება მოვითხოვე. გაიმეორეს, შეცდომა არ ყოფილა. ინფორმაცია ყველაზე უფროს ბოლივიელ ოფიცერს გავაცანი, პოლკოვნიკ ხოაკინ სენტენო ანაიას, ვუთხარი, რომ გენშტაბმა ჩე გევარას მოკვლა ბრძანა, ასევე გავაცანი ის ინსტრუქციები, რომლებიც აშშ–ს ხელისუფლებამ მომცა, რომ ნებისმიერ ფასად ცოცხალი ჩე გევარა ჩამეყვანა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ცსს–ს ხალხი მზად ჰყავდა ჩე გევარას პანამაში გადასაყვანად, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. სენტენო მომიბრუნდა და მითხრა:

- ფელიქს, ჩვენ საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, მადლობას გიხდი დახმარებისთვის, რომელიც თქვენ გაგვიწიეთ, მაგრამ ამის გაკეთებას ნუ მთხოვ. ვალდებული ვარ, დავხვრიტო ჩე გევარა. წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი სასჯელი მელოდება.

ბოლივიელმა პოლკოვნიკმა საათს დახედა.

- ახლა დილის 11 საათია. 2–ზე დავბრუნდები. პატიოსანი სიტყვა მომეცი, რომ ჩე გევარას ცხედარს ვალიე–გრანდეში ჩაიტან. როგორ მოკლავ ჩე გევარას, შენი საქმეა. თუ გინდა, ეს პირადად გააკეთე.

სენტენოს პირდაპირ სახეში შევხედე:

- პოლკოვნიკო, თუ შეიძლება, სცადე, რომ ბრძანება შეცვალონ, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებ, გპირდებით, რომ ორი საათისთვის ჩე გევარას ცხედარს ჩამოგიტანთ.

რამდენიმე წუთის შემდეგ პატარა ბნელ შენობაში შევედი, სადაც დაჭრილი ჩე გევარა ჭუჭყიან იატაკზე იწვა.

– ჩე გევარა, თქვენთან დალაპარაკება მინდა.

– არავინ ცდილობს ჩემს დაკითხვას, – სარკასტული ტონით მიპასუხა.

– კომანდანტე, – ვუთხარი მე, – თქვენ დასაკითხად არ მოვსულვარ. ჩვენ სხვადასხვა იდეალებს ვემსახურებით, მაგრამ თქვენით აღფრთოვანებული ვარ. თქვენ კუბაში მინისტრი იყავით, ახლა კი... და ყველაფერი იმიტომ, რომ თქვენი იდეალების გჯერათ. თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი.

რამდენიმე წამი მიყურა და შემდეგ მკითხა:

– შეგიძლიათ ხელები გამიხსნათ?

ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ჩვენს განსხვავებულ შეხედულებებზე ცხოვრებაზე. იმ ადამიანებზე, რომელთაც იგი სიკვდილზე აგზავნიდა. მან მიპასუხა: ერთადერთი, ვინც აქ სიკვდილს აგზავნის, უცხოელები არიან, იმპერიალიზმის აგენტები და ჯაშუშები, რომელთაც ცსს აგზავნის.

– კომანდანტე, თქვენი სიტყვები უცნაურად ჟღერს. თავად ხომ ბოლივიელი არ ხართ. თქვენ დამოუკიდებელი ბოლივიის ტერიტორიაზე შემოიჭერით.

– მე საკუთარი სისხლი დავღვარე ბოლივიაში, – თქვა მან, – ამიტომ მე საკუთარ თავს არგენტინელადაც, კუბელადაც და ბოლივიელადაც მივიჩნევ. თქვენც არ ხართ ბოლივიელი, შესაძლოა, პუერტორიკოელი ხართ, მაგრამ თქვენი კითხვების მიხედვით მივხვდი, რომ შეერთებული შტატების დაზვერვაზე მუშაობთ.

– მართალი ხართ, კომანდანტე, კუბელი ვარ, კომანდოს ბრიგადის წევრი ვიყავი, რომელიც კუბაში შეჭრის წინ გადამისროლეს კოჩინოსში.

საუბარი სამ საათს გრძელდებოდა. ამ დროს ჩემთან ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი ქალი მოვიდა.

– კაპიტანო, როდის მოკლავთ მას?

მისკენ გაოცებული შევტრიალდი.

– ამას რატომ მეკითხებით?

– იმიტომ, რომ ადგილობრივმა რადიომ უკვე გამოაცხადა, რომ ჩე ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა.

აი, თურმე რა. ლოდინი უსარგებლო იყო. ჩე გევარას სახეში შევხედე:

– კომანდანტე, ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შემეძლო, მაგრამ ბოლივიის უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანება მოვიდა.

მის სახეზე ერთი კუნთიც კი არ შეტოკებულა, თუმცა თავად სახე ქაღალდივით გაუთეთრდა.

– შეიძლება ასე უკეთესია.

მე ვუყურებდი მას, ჩემს მტერს, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ვებრძოდი, მაგრამ მის მიმართ ზიზღს არ ვგრძნობდი. თითქმის მისით აღფრთოვანებული ვიყავი. მან თავისი ჩიბუხი ამოიღო.

– მინდა ეს ჩიბუხი ამ ჯარისკაცს მივცე, იმიტომ, რომ კარგად მექცეოდა, – თქვა ჩემ.

– კომანდანტე, გინდათ, მე მომცეთ?

– დიახ, თქვენ.

– კომანდანტე, თუ საშუალება მომეცემა, რა გადავცე თქვენს ოჯახს?

- დიახ. ფიდელს უთხარით, რომ მალე რევოლუცია მთელ ამერიკაში გაიმარჯვებს. და კიდევ უთხარით ჩემს მეუღლეს, რომ გათხოვდეს და ბედნიერად იყოს.

მან ჩემსკენ ხელები გამოიწოდა და მაგრად მომეხვია. ეს იყო იმ ადამიანის მოხვევა, რომელმაც იცოდა, რომ სიკვდილს ერთი ნაბიჯი აშორებდა. შემდეგ ნაბიჯი უკან გადადგა და გაიჭიმა. იგი ფიქრობდა, რომ მე ვიქნებოდი მისი ჯალათი. მე მასთან მივედი და ისევე მოვეხვიე, როგორც ის მე. შემდეგ კი მოვცილდი. ამის შემდეგ არც ერთ ჩვენგანს ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთქვია.

სერჟანტ ტერანას შევხედე და ვუბრძანე:

– სერჟანტო, დახვრიტეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ რადიომ უკვე გადმოსცა, რომ იგი ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. სხეულში ესროლეთ და არავითარ შემთხვევაში სახეში.

შემდეგ გორაკზე ავედი, სადაც ჩემი სამეთაურო პუნქტი მდებარეობდა და ცსს–ს შტაბ–ბინისთვის რადიოგრამის შედგენა დავიწყე. ამ დროს მ2–ის ჯერის ხმა გაისმა. ყველაფერი დასრულდა. ჩე მკვდარი იყო. საათს დავხედე. ისრები 2–ის 10 წუთს აჩვენებდა.

ჩე გევარას ყალიონი და მისი თამბაქოს ნარჩენები დღემდე ფელიქს როდრიგესის სახლში ინახება, რომელიც მაიამის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს.