(იბეჭდება შემოკლებით)
მომავალ პარლამენტში ყველაზე ახალ;გაზრდა ქალი-დეპუტატი ნინო კალანდაძე იქნება. ის ჯერ 27 წლისაა. თუმცა, სერიოზული განათლება და გამოცდილება აქვს მიღებული. თექვსმეტი წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. სკოლაც იქ დაამთავრა და უმაღლესი განათლებაც იქ მიიღო. ფრაიბურგში მოსწავლე იყო, მანჰაიმში - სტუდენტი. ახლა პარლამენტის წევრია. საქართველოში უშუალოდ სააკაშვილის თხოვნით დაბრუნდა. ის ამაყობს, რომ პრეზიდენტთან საქმიანი ურთიერთობები აქვს და პარლამენტში საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გამოიყენებს.
- პარლამენტში მიშას ინიციატივით მოვხვდი. მიხეილ სააკაშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან, ვანო მერაბიშვილთან, საერთოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ადრეც მქონია საქმიანი ურთიერთობა. საკრებულოშიც ვიყავი, როგორც იურისტი. ნაციონალური მოძრაობის იურიდიულ ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, როდესაც მიშა საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ზოგადი პოლიტიკური დისკუსიები ბოლო ორი წლის მანძილზე ხშირად მქონია. და ეს მიშას ინიციატივა იყო.
როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა შენს კანდიდატურაზე შეჩერება?
- ჩემი აზრით, ეს, პირველ რიგში, ჩემმა დასავლურმა განათლებამ განაპირობა. გერმანიაში მივიღე საშუალო და უმაღლესი განათლება და, ალბათ, მთავარი როლი ითამაშა იმან, რომ ვიცნობ დასავლურ წყობას.
მიხეილ სააკაშვილი სად გაიცანით?
- ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ერთმანეთი თვითმფრინავში გავიცანით. გამოცდების წინ ბოლოჯერ ვიყავი საქართველოში და აქედან რომ მივდიოდი, ის ჩემს გვერდით იჯდა. მანამდე დაუსწრებლად ვიცნობდი. ჩემი გერმანული განათლებით დაინტერესდა. ნელ-ნელა აეწყო ჩვენი ურთიერთობა და ბოლოს დავმეგობრდით. ახლა უკვე საქმიანი ურთიერთობები გვაქვს. ის დაინტერესებულია იმ ადამიანებით, ვისაც საზღვარგარეთ უსწავლია და იქაური გამოცდილება აქვს. მისმა რჩევებმა დიდი როლი ითამაშა ჩემს უკან დაბრუნებაში. მისივე ინიციატივით მოვხვდი საარჩევნო სიაში.
მომავალ პარლამენტში შენს ადგილს სად ხედავ?
- ვისურვებდი, ჩემი უპირატესობა გამომეყენებინა. მაგალითად, კარგად ვიცნობ კონტინენტურ სამართალს. ასევე, მინდა, თუ საშუალება იქნება, ჩემი გერმანული მიმართულებაც გამოვიყენო და საერთაშორისო ურთიერთობების განხრითაც დავსაქმდე. ვფიქრობ, ამ ორი მიმართულებით შემიძლია მუშაობა.