აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამაზე უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ ამ ადმინისტრაციაში არავის შეუსწავლია ევროპაში „ცივი ომის" გაკვეთილები.
თუ შეისწავლეს, მხოლოდ 70-იანი წლები და არასწორი დასკვნებიც გააკეთეს. 80-იანი წლებისთვის უნდა გადაეხედათ და მიხვდებოდნენ, რომ დათმობა მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება, თანაც რუსეთისგან უფრო დიდი დათმობების შემდეგ.
ცხადია, მოსკოვი ამ ამბავს სიხარულით შეხვდა და ალბათ ვერც იჯერებს ასეთ წარმატებას. კრემლი ამ გადაწყვეტილებას ამერიკულ სისუსტედ ჩათვლის, ამიტომაც სამაგიეროდ რამის შეთავაზებას არც იფიქრებს. ან რატომ უნდა იფიქროს, როცა ერთი დაკვრით ააღებინა ხელი ამერიკას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამის განხორციელებაზე, ახლა შეუძლია იქილიკოს თავის დამფრთხალ სუსტ მეზობლებზე, რომლებიც მორალური და სხვა მხარდაჭერისთვის ამერიკას მიადგნენ.
ამბობენ, რუსეთმა შეიძლება ირანის წინააღმდეგ სანქციებზე იფიქროსო, მაგრამ ამის დაჯერება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ვნახავთ. ირანელებსაც უკვირთ - ნეტავ რა არის მიზეზი აშშ-ის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისო (თუ პირიქით).
პოლონეთი, რომელსაც ჯერაც კარგად ახსოვს, როგორ აშინებდა რუსეთი, ცხადია, ნანობს, რომ მისმა პოლიტიკანობამ შეაფერხა ბუშის ადმინისტრაციასთან ხელშეკრულების დადება. ამ კატასტროფულმა შეფერხებამ კი ობამას გუნდს უარი ათქმევინა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტების განთავსებაზე.
ბრიტანეთისგან გულგრილი დუმილია მოსალოდნელი. დაუნინგ სტრიტზე რომ კვლავ მარგარეტ ტეტჩერი ყოფილიყო, პირველივე რეისით გაფრინდებოდა ვაშინგტონში და მაგრად შეაფუცხუნებდა ობამას.
არც გერმანიისა და საფრანგეთისგან არის მოსალოდნელი ტლინკების ყრა.
საერთაშორისო საკითხებში აშშ-ის სენატის კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერიმ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „სწორი და დროული უწოდა".
გამოცდილი ტექნოლოგიები და საპასუხისმგებლო დიპლომატია უნდა დაედოს საფუძვლად ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ღონისძიებას. ყველაფერში წინსვლაა საჭირო. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის უფრო მოქნილი არქიტექტურის შექმნის დრო დადგაო, - თქვა კერიმ.
„გაბედული გადაწყვეტილება" უწოდა ადმინისტრაციის ნაბიჯს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე რობერტ ვექსლერმა. მისი აზრით, თავდაცვის სფეროში ამერიკული და ევროპული ინტერესები უკეთ იქნება დაცული, თუ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის უფრო ეფექტიანი და მოქნილი გეგმა განხორციელდება.
ამ აზრს იზიარებს შეიარაღებულ ძალთა საქმეებში სენატის კომიტეტის თავმჯდომარე კარლ ლევინი, მაგრამ არასდიდებით არ ეთანხმება ადმინისტრაციის პოლიტიკას სენატორი ჯონ მაკკეინი:
„იმედი გამიცრუა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების უარყოფის გამო. ამით საჭოჭმანო ხდება პოლონეთისა და ჩეხეთის უსაფრთხოება და იქ აშშ-ის დიპლომატიური პასუხისმგებლობა. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის ლიდერობას ძირი გამოუთხაროს, ეს მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის ახალი ავანტიურისტული კურსის მოლოდინის შიშში არიან".