13 მაისს, ავღანეთში მომხდარი დღემდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმისას, 42-ე ბატალიონის ქართველმა სამხედროებმა ვაჟკაცობის მაგალითი და უდიდესი პროფესიონალიზმი გამოავლინეს.
თავდასხმის შედეგად 27 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. 10 მათგანი დღეს უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ: „სამწუხაროდ ამ მოულოდნელ თავდასხმას შეიარაღებული ძალების საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ.
თუმცა მათი გმირობა და ხსოვნა ყოველთვის დაფასებული იქნება. კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მათი გმირობისთვის წარდგენილები არიან ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე.“
ბაზაზე, სადაც თავდასხმა განხორციელდა, მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები.
ქართველი სამხედროები სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში.