„თვითმფრინავის ბიჭები“ – ასე ეწოდათ ბიჭებს, რომლებმაც 1984 წელს სცადეს თვითმფრინავის გატაცებით თავი დაეღწიათ იმ ბოროტი საბჭოთა რეჟიმისგან, რომელმაც, საბოლოოდ შეიწირა კიდეც მათი სიცოცხლე.
ერთ-ერთი მათგანი გეგა კობახიძე იყო. ის 1961 წლის 6 ივნისს დაიბადა და ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ერთადერთი ვაჟი იყო. უყვარდა კინო, თეატრი, ხატვა, მუდმივად მეგობრების გარემოცვაში ყოფნა. სულ პატარამ სახლში მინი თეატრი მოაწყო და მას, რატომღაც, „სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრი“ უწოდა. ხატვაც ადრე დაუწყია, მაგრამ სამხატვრო განათლება ვერ მიიღო იმ მიზეზით, რომ ოჯახს არ შეეძლო მისთვის ძვირად ღირებული ფუნჯები, საღებავები და ტილოები შეეძინა, ამიტომ მეგობრების მიერ ნაჩუქარი მასალით ხატავდა.
ცოტა რთული, თავისებური, მაგრამ, ამავე დროს, დამყოლი გეგა კინოში 5 წლის ასაკში მოხვდა. პირველად ნანა მჭედლიძემ გადაიღო ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“. შემდეგ იყო „ლაზარე“ და სხვა როლები. ბოლოს კი თორნიკეს დაუსრულებელი სახე თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“. სკოლის დამთავრების შემდეგ გეგა თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვერ მოეწყო და დედამ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სცენის მუშად წაიყვანა, სადაც ერთი წელი დაჰყო.
მეორე წელს კი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია მაინცდამაინც არ იზიდავდა, ვინაიდან კინემატოგრაფიაში უფრო მეტად იყო გათვითცნობიერებული. წერდა არაჩვეულებრივ სცენარებს, იღებდა პატარ-პატარა სიუჟეტებს, აკეთებდა მონტაჟებს:
როგორია 80-იანი წლების თბილისში ყველაზე პოპულარული ბიჭის ცხოვრების დასაწყისი და დასასრული, ამაზე ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი გიამბობთ.
არაჩვეულებრივი გეგა
მის გაზრდასთან დაკავშირებით არანაირი სირთულეები არ შემხვედრია. ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. არასდროს არაფერს მიმალავდა, არც თავის რომანებს. როგორც ყველა ბიჭს, მასაც ჰქონდა თავისი ბიჭური ამბები. ერთხელ მაგრად იჩხუბა, მაგრამ, არ მახსოვს, ჯიბეში ან უჯრაში დანა ან იარაღი ჰქონოდა შენახული. როცა ეს საშინელი ამბავი მოხდა, ჩვენი უბნის ინსპექტორი დაიბარეს – თუ შეგინიშნავთ გეგა კობახიძე ცუდ საქციელშიო. იმ პერიოდში ყველა შიშისგან ცახცახებდა და ძალიან გამიკვირდა, როცა მან უპასუხა – ეს ბიჭი უბანში დამდგარიც კი არ მინახავსო. მართლაც, გეგა ის ბიჭი არ იყო, ქუჩაში დამდგარიყო, ებოლებინა და საქმეები ერჩია. დღეში თითო-ორ ღერს თუ მოწევდა. სამ მანეთს მივცემდი ხოლმე ინსტიტუტში წასასვლელად. შუადღით სახლში ბრუნდებოდა, რადგან საღამოს რეპეტიციაზე უნდა წასულიყო. გეგა, კიდევ მოგცემ მანეთს-მეთქი, რომ ვეტყოდი, არ მინდა, დედა, იმ ფულიდან კიდევ დამრჩა რაღაცო, – მეტყოდა. თუ ჩემი მეგობრები ან ნათესავები ფულს აჩუქებდნენ, მაშინვე ჩემთან მოარბენინებდა და მე მაძლევდა. სათამაშოების მაღაზიასთან რომ ჩავივლიდით, ნაღვლიანი თვალებით შეხედავდა, მერე მეტყოდა: დედა თუ გაქვს ფული, მიყიდე, თუ არა და, როცა გექნება, მაშინ მიყიდეო. ძალიან მორიდებული ბავშვი იყო. ჩვენი დილა სიცილითა და იუმორით იწყებოდა, მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა გულჩათხრობილი.
დღე პირველი და დღე უკანასკნელი
დათო მიქაბერიძე და გეგა ერთი ასაკის იყვნენ, სოსო წერეთელი კი მათზე სამი-ოთხი წლით უფროსი იყო. ძმებ ივერიელებს არ ვიცნობდი, ისინი წერეთელმა გააცნო გეგას და დამეგობრდნენ. მანამდე გეგა ლევან აბაშიძესთან, ირაკლი კოსტავასთან მეგობრობდა. ამ ბიჭებზე გარდა კარგისა, არაფრის თქმა არ შეიძლება. ძალიან ერუდირებული, ჭკვიანი ბიჭები იყვნენ. ის, რაც მოხდა, ძნელი წარმოსადგენი იყო ყველასთვის. შეიძლება დაუშვა, ის, რომ შენმა შვილმა ვიღაცასთან იჩხუბა, კაცი შემოაკვდა ან ბინა გაქურდა, მაგრამ... აეროპორტიდან დამირეკეს, მობრძანდითო. სახლში სტუმრები მყავდა. არ ვიცოდი, რისთვის მიბარებდნენ. მივედი. მთხოვეს – თუ შეიძლება, თქვენს შვილს უთხარით, სასწრაფოდ დატოვოს თვითმფრინავიო. რამდენიმე მშობელმა უარი განაცხადა თავის შვილს დალაპარაკებოდა, – პანიკა არ ატყდესო. ვუთხარი: შემიძლია, ჩემს შვილს მიკროფონით დაველაპარაკო, აუცილებლად დამიჯერებს-მეთქი. სხვა რა უნდა მექნა? არ მომცეს ამის უფლება. ვიჯექი და ველოდებოდი – აი, ახლა ჩამოვა, ახლა ჩამოვა... რაღაცნაირად მაინც რომ გამეგო, რას აპირებდნენ, ბოლოს და ბოლოს წავიდოდი და ვეტყოდი. არ მერჩივნა, დაეჭირათ? მართალია, გეგას ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ დედის ინსტინქტი მაინც სხვაა. ვგრძნობდი, რომ სხვანაირი გახდა. ვფიქრობდი ცოლი რომ მოიყვანა, ალბათ, იმის გამო ნერვიულობს, რომ ჯერ არ იყო ამის დრო და საშუალება-მეთქი.
თინა
თინა, როცა სამხატვრო აკადემიაში დათო მიქაბერიძესთან მიდიოდა, იქ გაიცნო. მისი ტელეფონის ნომერი, ვითომ შემთხვევით აკრიფა და მასთან მოხვდა. ერთი თვის განმავლობაში ურეკავდა და ეუბნებოდა, ვითომ ინვალიდია, სავარძელს მიჯაჭვული, ჰყავს დედა, რომელიც სასტიკად ექცევა... თავს აცოდებდა, უკითხავდა ნაწყვეტებს ეგზიუპერის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან. ბოლოს უთხრა – შენი ნახვა მინდაო. თუ სავარძელში ზიხარ, როგორ მნახავო, – თინიკოს უკითხავს. ამხანაგები მომიყვანენო და წავიდა შეხვედრაზე. ეს თვითონ თინიკომ მომიყვა. რომ დავინახე რაღაცნაირად მივხვდი, რომ ის „ინვალიდი“ გეგა იყო. გავიქეცი, გამომეკიდა, ორივე ხელებით გულში მაგრად ჩამიკრა და მითხრა – ამიერიდან არსად აღარ გაგიშვებო. გეგას ქორწილი კინოს სახლში გადავიხადეთ. მეორე დღეს ჩვენთან სახლში სტუმრები უნდა მოსულიყვნენ. იმ დღეს გეგა წინ და უკან დადიოდა. სახლიდან გავიდა. ვუთხარი, – გეგა ნუ დაიგვიანებ, სტუმრები მალე მოვლენ-მეთქი. ხელები მაგრად მომიჭირა თავზე და ყვირილით მითხრა – მოვალ, ჰო, მოვალო. წავიდა და წავიდა. ბათუმიდან დამირეკეს, გადაღება აქვს და უნდა ჩამოვიდესო. რომ აღარ გამოჩნდა, ვიფიქრე, ალბათ, მაინც ბათუმში წავიდა-მეთქი. ისიც ვიფიქრე, ალბათ, სტუმრებთან გამოჩენა არ უნდა და თავი გაარიდა-მეთქი. ერთი კი თქვა, რად მინდოდა ქორწილი, ხომ იცით, რომ ამის საშუალება არ გვქონდაო.
სამი სიცოცხლე
საოცარი ინტუიცია მაქვს, მთელი სხეული მიკრთის ხოლმე. მაგალითად, დუდუს (ქალბატონი ნათელას გერი, დუდუ დადიანი – ავტორი) მკვლელობის წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი. მეორე დღეს ეს ამბავი რომ მოხდა, ხომ საშინელ დღეში ჩავვარდი, მაგრამ სხეული აღარ მიცახცახებდა. ასეთი რამ გეგაზე არ დამმართნია. ათი წელი გავიდა უკვე, რაც დუდუ აღარ არის და რამდენჯერ დამესიზმრა, გეგა კი არასდროს მინახავს სიზმარში. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვხედავ, მაგრამ გამოკვეთილად არა, სადღაც ქრება. შინაგანად რაღაც არ მაძლევს იმის საშუალებას, დავჯდე და ვიტირო. როგორც ჩანს, ძლიერი ფსიქიკა მაქვს, თორემ, ასეთი სამი ვაჟკაცი გამოეცალოს ქალს ხელიდან, რად გინდა თავი ცოცხალი?! (ქალბატონმა ნათელამ გეგასთან და დუდუსთან ერთად 21 წლის დისშვილიც დაკარგა. – ავტორი). არ მინდა, ვიღაცამ ჩემი ცრემლები დაინახოს და შემიცოდოს. ჩემი პრობლემები არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს.
საბრალდებო დასკვნა
გეგა უკანასკნელად სასამართლოზე განაჩენის გამოტანის დღეს ვნახე. წყნარად იჯდა, არავითარი აგრესია არ ემჩნეოდა, მაგრამ საოცრად გამხდარი მომეჩვენა. ლამის შარვალი ძვრებოდა. როგორც მერე მითხრეს, არაფერს ჭამდა. იმ დღეს მშვიდად ეჭირა თავი და ასაბუთებდა, თუ რატომ უნდოდა გაქცევა. განაჩენს რომ მოუსმინა, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ დასცდენია. ყველა ვაჟკაცურად შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილის თვალები. გამომძიებელმა მითხრა – გეგას იარაღი არ სჭერია ხელში და თორმეტი წელი რომ მისცენ, ბევრი იქნებაო. ეტყობა, გეგასაც ამას ეუბნებოდა და ამიტომ ჰქონდა გაოცებული თვალები. ვგრძნობდი, რომ თვალთ დაუბნელდა, ვეღარავის ხედავდა დარბაზში. სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემი ყვირილი თვითონვე ჩამესმოდა. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ფირზე იღებდნენ. დარბაზიდან რომ გაჰყავდათ, უნდა გენახათ, ერთმანეთს როგორ კოცნიდნენ და ემშვიდობებოდნენ. თინიკოს ყველა ეფერებოდა და აიმედებდა. სამი თვის ფეხმძიმე იყო. როგორც გავიგე, ციხეში მოუშალეს მუცელი. სასამართლო პირველ აგვისტოს დაიწყო და 13 აგვისტოს დამთავრდა. მოხდა დაუჯერებელი რამ – ქურდსაც კი, რომელიც ჯიბიდან ფულს იპარავს, თვეობით და წლობით ასამართლებენ. მათ კი, ზუსტად მეცამეტე დღეს გამოუტანეს განაჩენი. ასეთი ამბავი მოხდა, ამდენი ტომი საქმეა შექმნილი და ყველაფერი სულ რაღაც ცამეტ დღეში მთავრდება. ადვოკატი რომ აგვეყვანა, ამის უფლება არ მოგვცეს, თვითონ აგვიყვანეს. არც ვიცი, ვინ იყო. ახლობლებს სიკვდილმისჯილის ნახვის უფლება აქვთ. არც ამის საშუალება მოგვცეს. მოკლედ, ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც თვითონ უნდოდათ, რომ ყოფილიყო. დაუჯერებელი იყო ჩემთვის გეგას იარაღთან და, მით უმეტეს – სროლასთან გაიგივება. ვიცოდი, რომ ამის ჩამდენი არ იყო. თვითონ დახოცეს ხალხი შიგნით და ჯოხი ბიჭებზე გადაამტვრიეს. მიუხედავად ჩვენებების გაყალბებისა, ვერ მოიძებნა თუნდაც ერთი მოწმე, ვინც გეგას თვითმფრინავში სროლის ან აგრესიის ფაქტს დაადასტურებდა. ხუთი წლის განმავლობაში არ ვიცოდი, მართლა დახვრეტილი იყო თუ არა, ვინაიდან, არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ მიმიღია. სულ ვიღაც რეკავდა, მოდიოდა – აქ ვნახეთ, იქ ვნახეთო... კიდევ მქონდა რაღაცის იმედი. ვფიქრობდი აი, ახლა გამოჩნდება, ალბათ რუსეთშია-მეთქი. ამ ლოდინში ცხოვრება გავიდა. მოსკოვში რამდენჯერმე გავგზავნე წერილი – გამაგებინეთ, სად არის ჩემი შვილი-მეთქი. სასამართლოს მიმართეთო, – მპასუხობდნენ. აქ საერთოდ ვერაფერს მეუბნებოდნენ – ჩვენ არაფერი ვიცითო. ერთ დღესაც მოსკოვიდან მომდის წერილი: გეგა კობახიძე 1984 წლის 3 ოქტომბერს იქნა დახვრეტილიო. ესე იგი, აგვისტოში რომ დასრულდა სასამართლო, განაჩენი სისრულეში ოქტომბერში იქნა მოყვანილი. ამ დროს, როგორც ვიცი, სიკვდილმისჯილები წლების განმავლობაში სხედან საკანში და სასჯელის შემსუბუქებას ან ამნისტიას ელოდებიან.
გეგას საკანში ნაპოვნი წერილებიდან:
„პოლიტიკა არასდროს მაინტერესებდა, არც კი მესმოდა მისი არაფერი, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა ცხოვრებაში – რაც შეიძლებოდა, ღრმად შემესწავლა რელიგია. ვფიქრობდი უკანონო გზებით ამერიკაში მოხვედრას, რადგან კანონიერი გზები აქ ჩემთვის არ არსებობდა და არც ვიცოდი, ოდესმე თუ გამოიძებნებოდა. ბედი თავისას მთავაზობდა და მეც მივდევდი მას. ხოლო მასზე ძლიერი ძალა დედამიწის ზურგზე არ მეგულება და ჯერ არც მსმენია შემთხვევა, ვინმე წინ აღდგომოდეს მას“.
გეგას ადვოკატის, თემურ გვიშიანის განმარტებით, განაჩენი, თურმე, ჯერ მღვდელს გამოუტანეს. მან სიტყვა ითხოვა, კომუნისტების რეჟიმი შეაჩვენა და შემდეგ თქვა, – ეს ბავშვები მაინც შეიწყალეთო. დანარჩენებისთვის სიტყვის თქმის უფლება არ მიუციათ. ერთმანეთის მიყოლებით გაისმოდა ბრალდებულთა სახელები და გვარები და სასწრაფოდ გაჰყავდათ დარბაზიდან. დახვრეტას ციხის პროკურორი და ექიმი დასწრებიან. ყველა ერთ ოთახში დახვრიტეს, ერთმანეთის თვალწინ. როცა ჯერი გეგაზე მიდგა, იარაღში ტყვია გაიჭედა. გეგას უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: „სროლაც არ შეგიძლიათ, თქვენი!“... მათ ჯერ სამშობლოს ღალატი ედებოდათ ბრალად, შემდეგ კი, არარსებული მასალების გამო, ეს ბრალდება მოეხსნათ და ტერორიზმის კვალიფიკაცია დარჩათ. ყველა მოწმე ერთხმად აღნიშნავდა, რომ თვითმფრინავში ყოფნისას მთელი ღამის განმავლობაში გეგა სავარძლიდან არ ამდგარა. მგზავრებს ამხნევებდა – პირობას გაძლევთ, თქვენ არც ერთი ჩვენგანი არ შეგეხებათო.