ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას ავღანეთში პატივი მიაგეს. ცერემონია ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნიკზე“ გაიმართა. 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 მაისს დაიღუპნენ. გარდაცვლილი ჯარისკაცების გადმოსვენება საქართველოში უახლოეს დროში მოხდება.
ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ცერემონიას ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებოდნენ. „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვოლტერ მილერმა კოალიციის სახელით მწუხარება გამოხატა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების გამო და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული კონტიგენტის უმნიშვნელოვანესი როლი ISAF-ის მისიაში.