სულ რამდენიმე დღეა, რაც ფინანსურმა პოლიციამ მუშაობა დაიწყო და უკვე ზესტაფონელი ტრიფონ ჭუმბურიძეც „აღმოაჩინა“, რომელსაც გადასახადებისგან თავის არიდებას ედავება. ლილოს ტერმინალზე „გაზელის“ ტიპის ავტომანქანაც დააკავა, რომელიც მობილური ტელეფონების ახალი აპარატებით იყო სავსე, კომპანია „უშბასაც“ ეწვია, რომელსაც დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება და „კოკა-კოლასთან“ დაკავშირებული მაქინაციაც ამოქექა.
მოკლედ, ახალშობილი პოლიცია, ახალი ცოცხივით, ჯერჯერობით კარგად გვის, მისი უფროსო დავით კეზერაშვილი კი უფრო უკეთეს მომავალსაც გვპირდება.
- ვარ ადამიანი, რომელზეც დამოკიდებული იქნება საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის დონე. ისე, სიმართლე გითხრა, საკმაოდ ვნერვიულობ, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელია, ასე თუ ისე, ამ საქმეში ვარ, ამხელა პასუხისმგებლობა ჯერ არ ამიღია, და თუ გავითვალისწინებთ ჩემს ასაკსაც, 25 წლის ადამიანისთვის ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.
წარმატებებს გისურვებ, მაგრამ ვერ გავიგე, რა დამსახურებისთვის დაგნიშნა პრეზიდენტმა. იმისთვის, რომ ბოლნისში და ბათუმში პარტიის მთავარი დამრტყმელი ძალა იყავი?
- არ ვარ ასეთი ადამიანი, ჩემი მიზეზით ჩხუბი არასოდეს დაწყებულა. უბრალოდ, ვერ ვიტან შეურაცხყოფას. არ მჩვევია, გადავყლაპო და 5 წლის მერე გავიხსენო. არც გულში ჩადება ვიცი. ალბათ, გვერდში დგომისთვის დამნიშნა. როცა ოთხი წელი ადამიანს გვერდში უდგახარ, გარკვეულწილად მისი ერთგული ადამიანი ხდები და ისიც რწმუნდება შენს ერთგულებაში.
ისე, სხვათა შორის, თანამშრომლები კარგად გახასიათებენ, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით. უშუალოა, მასთან კონტაქტში შესვლა პრობლემა არ არისო და „ბატონობით“ რომ გესაუბრებიან ასაკით ორჯერ უფროსი ადამიანები, თავს უხერხულად არ გრძნობ?
- მე ჯერ არავისთვის მითქვამს, შენობით ნუ მესაუბრები, „ბატონო“ დამიძახე-მეთქი. მთავარია, საქმე გააკეთონ, თორემ როგორ მომმართავენ, რა მნიშვნელობა აქვს.
ისე, თანამშრომლებმა „კეზერა“ რომ დაგიძახონ, არც ეს გეწყინება?
- ნახევარი საქართველო მაინც მასე მეძახის, მათ შორის მთავრობაც. პრეზიდენტსაც ხშირად დაუძახია „კეზერა“. ეს ჩემი ერთადერთი მეტსახელია.
მოკლედ, ფინანსური პოლიციის უფროსი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და თანამშრომლებთანაც შეხმატკბილებულად ცხოვრობს. ცხოვრობს - იმიტომ, რომ დღის ძირითად ნაწილს სამსახურში ატარებს. ჩვენი სტუმრობის წინა ღამეც იქ ჰქონია გათენებული.
- გვერდით ოთახში ორი სავარძელი მიდგას, მაგრამ დასასვენებლადაც არ მეცალა.
აღნაგობაზე გეტყობა, ალბათ, არც საჭმელად მოიცლიდი.
- საერთოდ, ბევრს არ ვჭამ, მაგრამ როცა გშივდება, ძირითადად „მაკდონალდსიდან“ მოაქვთ ხოლმე „ბიგ-მაკები“. ისე, როცა სადმე გავდივარ, ყველგან ვცდილობ ახალი კერძი გავსინჯო, მაგრამ გველები და ბაყაყები არ მიყვარს. პრეტენზიული ნამდვილად არ ვარ, „ბორშჩის“ და ფაფების მეტს, ყველაფერს ვჭამ.
მოდი, ახლა შენს განვლილ ცხოვრებაშიც გავერკვეთ. ვიცი, 43-ე რუსული სკოლა დაამთავრე. რატომ რუსული და არა ქართული?
- რა ვიცი, ეს, ალბათ, მშობლებს უნდა ვკითხოთ. სიმართლე გითხრა, არ ვნანობ. სამაგიეროდ, კარგად ვფლობ რურულ ენას. ქართულიც - თავისთავად, ვიცი აგრეთვე ინგლისური და ებრაული ენები.
ჰო, შენ ისრაელშიც იყავი სასწავლებლად. ვინ გაფინანსებდა, რა შესაძლებლობები ჰქონდა შენს ოჯახს?
- ჩემს ოჯახს არასდროს უჭირდა, არ იყო ჩემი ისრაელში წასვლის პრობლემა, მით უმეტეს, იქ ნათესავებიც მყავს. მამა მაშინ სხვადასხვა ბიზნესით იყო დაკავებული, სამკერვალო ფაბრიკაც ჰქონდა. პრინციპში, მაგ პერიოდში ასეთი რამეებით არ ვინტერესდებოდი. დედა ახლაც დიასახლისია. მშობლები უკვე ოთხი წელია, ისრაელში ცხოვრობენ. მე რომ ჩამოვედი, მერე თავიანთი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე წავიდნენ. მამა ახლაც, ასე ვთქვათ, ბიზნესშია. მე წელიწადნახევარი ვიყავი იქ. მეათე კლასი იქ გავიარე. ჩვეულებრივი სკოლა იყო, გამოცდები არ ჩამიბარებია, უბრალოდ საბუთები შევიტანე.
არ გიჭირდა კონტაქტში შესვლა უცხოელ თანატოლებთან?
- კი, თუმცა ენის ბარიერი არ მქონდა. თავიდან ინგლისურით გავიტანე თავი, მერე ებრაულიც ავითვისე. კარგად მახსოვს, რომ ჩავედი, პირველივე დღეს ვიჩხუბე.
რა გაჩხუბებდა?!
- მენტალიტეტების შეჯახება მოხდა, რა. კონკრეტულად ვერ გეტყვი. იქ ურთიერთობები რაღაც სხვანაირია, ვთქვათ, შეგინებაზე და ასეთ რაღაცეებზე ერთმანეთში პრობლემები არ აქვთ.
ყველა კბილი ადგილზე გაქვთ?
- კი, ჯერ კბილებში არ მომხვედრია, მაგრამ სერიოზული ნაცემი კი ვყოფილვარ. სამი ქართველი ვიყავით, 30 კავი დაგვერია, იარებიც დამრჩა.
ტყუილუბრალოდ არ გცემდნენ, რა იყო მიზეზი?
- იყო, რა. ბიძაჩემს პიცერია ჰქონდა, სადაც ასევე იდგა სათამაშო აპარატები. ერთ-ერთი მათი „საძმოს“ წარმომადგენელი თამაშობდა იქ საკმაოდ უხეშად. ამაზე შენიშვნა მივეცით და ატყდა ჩხუბი. ძირს მახოხიალეს. ხელებზე იარებიც ამიტომ მაქვს. ნაკერები და საავადმყოფოში წასვლა არ დამჭირდა, დანით და იარაღით არ ყოფილან.
წავლისთვის როდისღა იცლიდი? ან აქ რომ ჩამოხვედი, რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარება?
- იქ არ იყო ძალიან მკაცრი სწავლა, არც მასწავლებლებს ჰქონდათ განსაკუთრებული პრობლემები, როგორც აქ იციან - ყურის აწევა და რაღაცეები. ჩვეულებრივი სკოლა იყო, რა... მერე, ჩვენებს უნდოდათ, სამედიცინოზე ჩამებარებინა, მაგრამ შინაგანად არ შემიძლია, ადამიანი გავკერო ან რაღაც მსგავსი გავუკეთო. ეს პროფესია მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე. მერე, სერიოზული რაღაცეები უკვე 20 წლის ასაკიდან წამოვიდა. როცა თავმჯდომარე რეზო ადამია იყო, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოვხვდი. მე, გიორგი არველაძემ და კიდევ რამდენიმე კურსელმა თავდაცვისა და უშიშროების ანალიტიკური ცენტრი ჩამოვაყალიბეთ.
მაშინ გიორგი არველაძეს გაუმართლა, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა სააკაშვილმა დაურეკა და სამინისტროში სამუშაოდ მიიწვია. დათო კეზერაშვილი კი, ორი კვირით გვიან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციალური რეფორმების სამმართველოში მოხვდა. „თუ არის კიდევ ვიღაც, წამოვიდეს“, - უთქვამს სააკაშვილს და სწორედ მაშინ გაიცნო კეზერაშვილი. მერე იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის მოკვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსად გადავიდა, შემდეგ კი - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ. მოგვიანებით, როდესაც ბატონი მიხეილი პრეზიდენტი გახდა, დათო, მართალია, დანიშნული არ იყო მის თანაშემწედ, მაგრამ მაინც ამ მოვალეობას ასრულებდა.
ვიცი, რომ ძალიან ბევრს მუშაობ, მაგრამ თავისუფალი დრო როცა გრჩება, თავს ირთობ ხოლმე?
- სამწუხაროდ, თავისუფალი დრო საერთოდ აღარ მაქვს. საერთოდ, მიყვარს საინტერესო წიგნების კითხვა. სამწუხაროდ ახლა ვეღარაფერს ვკითხულობ. პოეზიაში დიდად ვერ ვერკვევი, არ ვკითხულობდი ხოლმე, მაგრამ პუშკინი მომწონდა. კიდევ მიყვარს „დათა თუთაშხია“. ძალიან მომწონს დიუმას „სამი მუშკეტერი“.
ეკლესიური ცხოვრებით თუ ცხოვრობ და რომელ სარწმუნოებას აღიარებ?
- ებრაელი ვარ. სამწუხაროდ, ეკლესიური ცხოვრებით ვერ ვცხოვრობ.
ახლა უცბად, გულწრფელად მითხარი, დეკლარაციას რა ქონებით შეავსებ და ამით მოვრჩეთ.
- ვერაზე მაქვს სამოთახიანი ბინა. აგარაკი არ მაქვს. მანქანა, 1994 წლის „ბე-ემ-ვე“ მყავდა 530 მოდელის, „ემ-ბი-ჯი“ ბანკიდან კრედიტი ავიღე და იმით ვიყიდე. მაგრამ ამ სამი თვის წინ გავყიდე. ცოტა შელახული იყო, ამიტომ 1992 წლის „ბე-ემ-ვე 320“ ვიყიდე. მაგრამ არაფერია, შემოსავალი ნორმალური გვაქვს. სოფო სამშენებლო ფირმა „კონცტეკში“ მუშაობს და 800 ლარი აქვს ხელფასი, მე კი, ალბათ, 1200 დოლარი მექნება.