გიგა ბოკერია - „ქვეყნის მშენებლობას ბოლომდე მივიყვანთ!“

გიგა ბოკერია - „ქვეყნის მშენებლობას ბოლომდე მივიყვანთ!“

ზუსტად ერთი წლის წინათ რევოლუციაგადატანილი საქართველოს მოსახლეობა ძალას იკრებდა, რომ სრული ნდობა გამოეცხადებინა ჯერ კიდევ არშემდგარი ხელისუფლებისთვის. ხალხმა გამოცდა ჩააბარა! და სრული უფლებაც მოიპოვა იმისა, რომ ერთი წლის თავზე დასვას შეკითხვა - რამდენად ნაყოფიერი გამოდგა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება?! თუ რა გაკეთდა 2004 წელს და რას აპირებს ხელისუფლება უახლოეს მომავალში, ამის შესახებ „ასავალ-დასავალი“ ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წარმომადგენელს, პარლამენტარ გიგა ბოკერიას ესაუბრა.

უკვე მეორე ახალი წელი თენდება შევარდნაძის გარეშე, ანუ ერთი წელი გავიდა, რაც პასუხისმგებლობის ტვირთი ახალმა ხელისუფლებამ აიღო. რისი გაკეთება მოხერხდა ამ ხნის განმავლობაში?

- ჯერჯერობით მხოლოდ ქვეყნის მშენებლობა დავიწყეთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდა. სახელმწიფო დემორალიზებული და დეგრადირებული ჩავიბარეთ. ამ ერთი წლის განმავლობაში მოხერხდა საპენსიო და სახელფასო დავალიანებების დაფარვა. ძალიან ბევრ სფეროში დაიწყო რეფორმების განხორციელება. უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ყველაზე მკაცრი ოპონენტებიც კი დამეთანხმებიან, რომ საპატრულო პოლიციის შემოღებით მოხერხდა წლების განმავლობაში შეჩვეული ჭირის მოცილება. რეალურად მიმდინარეობს ქართული არმიის მშენებლობა. მართალია, ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ახალი ყაზარმები შენდება. თითქმის სამჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. ასეთი არაერთი მაგალითის დასახელება შეიძლება.

თუმცა, დაწყებული რეფორმებიდან ჯერჯერობით ხელშესახები ის არის, რომ ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე?

- რა თქმა უნდა, მტკივნეული ნაბიჯები იქნა გადადგმული ბიუროკრატიის შემცირების თვალსაზრისით, მაგრამ ეს აუცილებელი და სწორი კურსი იყო. პრაქტიკულად ადრე სახელმწიფო ხელფასს ბიუროკრატიას არ უხდიდა. მათ მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული, რომ ეძარცვათ ჩვენი მოქალაქეები და, უხეშად რომ ვთქვათ, ხელისუფლებასთან წილი მიეტანათ. ასეთ დამოკიდებულებას ჩვენ აღარ დავუშვებთ. ქვეყანაში ბიუროკრატია უნდა იყოს ნორმალურად დაფინანსებული, გაკონტროლებული და ანგარიშვალდებული. ამას კი ვერ მივაღწევდით ისე, ეს ნაბიჯი რომ არ გადაგვედგა. საქართველოში კი არა, მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის ამხელა ბიუროკრატია.

მაშინ, ალბათ, ამ პრობლემიდან თავის დაღწევის გზებზეც დაფიქრდებოდით. როგორ ირჩინონ თავი ადამიანებმა, რომლებსაც ის მინიმალური ხელფასიც აღარ ექნებათ?

- მესმის, რომ თითოეულის შემთხვევაში ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა და მისგან გაქცევას არ ვაპირებთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ეკონომიკის ამუშავება და სამუშაო პირობების შექმნაა. ძალიან ვწუხვარ, რომ, თუნდაც ავტოინსპექტორების დიდ ნაწილს დღეს სამუშაო არა აქვს, მაგრამ მათი იმავე რეჯიმში მუშაობით და მოქალაქეებისგან ქრთამის აღებით ეკონომიკური პრობლემები არ გადაიჭრება.

საინტერესოა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორ ფიქრობთ - ქვეყნის მშენებლობის პარალელურად ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები?

- ამ კუთხით ჯერჯერობით საკმაოდ ბევრი პრობლემაა. ჩვენი შეცდომა იყო დაგვიანებული რეაქცია იმ პრობლემებზე, რომლებსაც პოლიციის მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენებისას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ხელისუფლებას აქვს ნება იმისა, რომ ასეთი ფაქტები აღკვეთოს. პროკურატურამ რეალურად დაიწყო დევნა მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობა გამოიყენა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ამ მიმართულებით ძირეული ცვლილებები მოხდეს.

დაირღვა თუ არა სულხან მოლაშვილის უფლებები?

- მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი არ არის, თუ რა გარემოებაში მოხდა ეს, ფაქტია, რომ მას დაზიანებები პატიმრობის დროს მიადგა და ის უდავოდ მისი უფლებების დარღვევაა, რისთვისაც სახელმწიფო პასუხს აგებს.

კვლავაც გაგრძელდება ძველი ჩინოვნიკების დაპატიმრება?

- რომელთა მიმართაც არსებობს მყარი მტკიცებულებები, ყველა გასამართლდება კანონის სრული დაცვით. ხელისუფლება თვალს არ დახუჭავს მათ წინააღმდეგაც, ვინც ცდუნებას ვერ გაუძლებს და ძველი ჩინოვნიკების გზას დაადგება.

ჩემი შემდეგი შეკითხვა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ეხება. აქტიურად საუბრობენ, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საფრთხის წინაშეა.

- თუ არ დააკონკრეტებთ შეკითხვას, ნებისმიერი პასუხი ტრივიალური იქნება.

კარგით, მაშინ ასე დავსვათ კითხვა: რა ხდება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში?

- ხელისუფლების, როგორც სახელმწიფო მანქანის, საქმე არ არის, რა ხდება ეკლესიაში. ნებისმიერი ეკლესია თავად იღებს გადაწყვეტილებებს და ხელისუფლებას ამ საქმეში ჩარევის სამართლებრივი უფლება არა აქვს. თუმცა, სხვა საქმეა ის, რომ საზოგადოება ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობს. საზოგადოებას აქვს უფლება, მეტიც, ზოგჯერ მოვალეც არის, შეფასება მისცეს ამა თუ იმ მოვლენას, რომელსაც ეკლესიაში აქვს ადგილი. ეს ნორმალური, ჯანსაღი პროცესია. დისკუსია ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებას არ ნიშნავს! ხელისუფლება ამ საკითხებში ვერ და არ ჩაერევა! ჩემი აზრით, ქართული ეკლესია უნდა ეზიაროს მსოფლიო ცივილიზაციას, ოღონდ, რა თქმა უნდა ისე, რომ თვითმყოფადობა არ დაკარგოს!

სწორედ თვითმყოფადობაზე მინდოდა, მეკითხა. ხელისუფლების მისამართით პრეტენზიები იმის შესახებაც გაისმის, რომ მისი პოლიტიკის წყალობით ფეხქვეშ ქართული ტრადიციები ითელება.

- ტრადიციები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს ხელისუფლების საქმე არ არის. თუ გულისხმობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ბოლო პერიოდში ტრადიციად იქცა, სხვა საქმეა. სხვა რა მაგალითებზეა საუბარი, არ მესმის.

შემიძლია მაგალითებიც დაგისახელოთ. მაგალითად, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოსაზრებები ქართულ სუფრასთან დაკავშირებით. იგივე ქალაქის მერის შეფასებები ქართვლის დედასთან მიმართებაში, ალბათ, ხართ საქმის კურსში.

- რა თქმა უნდა, მაგრამ სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს თქვენს შეკითხვაზე. სრულ აბსურდად მიმაჩნია, რომ ჯგერენაიას და ჭიაბერაშვილის წარსულში გამოთქმული აკადემიური მოსაზრებები - ფილოსოფიური შრომები განხილულ იქნეს როგორც ხელისუფლების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

ჯგერენაიას და ჭიაბერაშვილს მნიშვნელოვანი პოსტები აბარიათ. ეს ორი პიროვნება ხელისუფლების ნაწილია!

- გეთანხმებით, რომ ხელისუფლებაში არის მერი, მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკა სახელისუფლებო ორგანო და პოლიტიკის განმსაზღვრელი არ არის. ის ნაშრომები შეიძლება განხილულ იქნეს აკადემიური დისკუსიის დროს. პოლიტიკასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს. ასე რომ, არ ვაპირებ დისკუსიაში შესვლას - არასერიოზულად მეჩვენება.

ისე, ეთანხმებით მათ მოსაზრებებს?

- არ შეიძლება, აკადემიურ ნაშრომში გამოთქმულ მოსაზრებებს ამ კონტექსტში და ამ ჭრილში დავეთანხმო ან არ დავეთანხმო. თუმცა, ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ხშირ შემთხვევაში ქართულმა სუფრამ მახინჯი ფორმები შეიძინა.

იმედია, ამაში მაინც დამეთანხმებით, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იცოდეს, რა ცვლილებებია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს ხუთწლედში?

- პირველ რიგში, ქვეყნის გამთლიანება, თუმცა, იმისთვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი, საჭიროა რეფორმების განხორციელება, რაც უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც იგეგმება სამართლებრივ სფეროში - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება მართლმსაჯულებისადმი ნდობის აღდგენის ერთ-ერთი წინაპირობაა. განათლების უზარმაზარი ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელიც კორუფციის წყარო იყო, დეცენტრალიზებული იქნება, ანუ შეიქმნება საბჭოები, რომლებიც თავად იქნებიან ბატონ-პატრონები მათთვის გამოყოფილი სახსრებისა.

ბატონო გიგა, ყოფით პრობლემებს როდის მოეღება ბოლო? ხალხისთვის, ალბათ, ეს უფრო საინტერესოა.

- ეს პროცესი დაწყებულია. ეკონომიკის გაუმჯობესებისთანავე მოხდება სამუშაო ადგილების შექმნა. ცხადია, ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავს აარიდებს. თუ იმას მეკითხებით, საქართველო კეთილდღეობის თვალსაზრისით როდის იქნება ევროპული ქვეყანა, კონკრეტული თარიღის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ხუთი წელი ნამდვილად არ არის საჭირო იმისთვის, იგრძნოთ, რომ ქვეყანა წინ მიდის. ეს ყველაფერი ერთ წელიწადშიც გახდება ხელშესახები.