საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის და მისი ოჯახის ადვოკატების სარჩელი.
ასლან აბაშიძემ შესაძლოა, 60 მილიონ ლარად შეფასებული ქონებიდან მხოლოდ ორი ბინა დაიბრუნოს. მისი ადვოკატების განცხადებით, სარჩელის იმ ნაწილის გამო, რომელიც არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
აჭარის უმაღლეს სასამართლოში ასლან აბაშიძის ქონების უკანონოდ ცნობისა და მისი ჩამორთმევის შესახებ გამართულ პროცესებზე, ფაქტობრივად, იგნორირებული იყო დაცვის მხარე. სწორედ ამიტომ აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ასლან აბაშიძის ადვოკატებმა გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში. ისინი მოითხოვდნენ აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა დაბრუნებას ამავე სასამართლოში იმ მიზეზით, რომ თავის დროზე მათ არ მიეცათ დაცვის საშუალება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზემოთ აღნიშნული სარჩელი. კერძოდ, ბათუმის სასამართლო ხელახლა განიხილავს ასლან აბაშიძის თბილისსა და ბათუმში მდებარე ორი ბინის საკითხს, რომელთაგან ერთი აჭარის ყოფილმა ლიდერმა სახელმწიფოსგან, მეორე კი მემკვიდრეობით მიიღო. ხელახალ განხილვაში დაბრუნდა დიანა აბაშიძის ბათუმში მდებარე ორი ბინისა და ირაკლი აბაშიძის ბინის საკითხიც.
ასლან აბაშიძის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ. ისინი თვლიან, რომ სადავოა აჭარის ყოფილი ლიდერის სხვა ქონების უკანონობის საკითხიც.
სოსო ბარათაშვილი, ასლან აბაშიძის ადვოკატი:
- ეს გადაწყვეტილება იყო მცდელობა იმისა, რომ გარკვეულწილად შეელამაზებინათ აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, ეს არ გამოუვიდათ, რადგან სარჩელის იმ ნაწილის გამო, რომელიც არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ, ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რადგან აქ უკვე ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა დარღვევას.
აბაშიძეების 60 მილიონ ლარად შეფასებული ქონებიდან ასლან აბაშიძის ორი ბინის, დიანა აბაშიძის ორი ბინისა და ირაკლი აბაშიძის ბინის კანონიერების საკითხი კვლავ პირველი ინსტანციის სასამართლოში დადგება და თუ მათი უკანონობა დადასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოერთმევათ ეს ქონება აბაშიძეებს სამუდამოდ.