დღეს თბილისის ეზოებში ბიჭები ისევე დასდევენ ბურთს, როგორც 20 წლის წინ, მაგრამ მათ ოცი წლის წინანდელ ბავშვებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ - თავიანთი საყვარელი კლუბების ოფიციალურ მაისურებში გამოწყობილან და ზურგზე რაული და ზიდანი ისეთივე ასოებით აწერიათ, როგორითაც თავად რაულს და ზიდანს.
მათ კიდევ ერთი და ძალიან დიდი უპირატესობა აჩუქა განგებამ - ოცი წლის შემდეგ, შესაძლოა, ნარკომანების თაობად არ ჩამოყალიბდნენ, რადგან იმედია, მათი ქვეყნიერების გაცნობის ასაკი ტყვიების აკომპანიმენტით არ ჩაივლის და ფონად სისასტიკე არ გაჰყვება.
ოცი წლის წინანდელი ბავშვები კი ბურთს იმ მაისურებში დასდევდნენ, რაც მშობლებმა უყიდეს და გვარების ზურგზე წარწერის ნაცვლად გაჰკიოდნენ: „მე ყიფიანი ვარ“, „მე ჩივაძე ვარ“, „მე შენგელია ვარ“, „მე გუცაევი ვარ“.
დღეს თბილისის დიდ სტადიონზე ახალგაზრდებიც დასდევენ ბურთს, როგორც 20 წლის წინ, მაგრამ მათ ოცი წლის წინანდელებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ - თავიანთი საყვარელი კლუბების ოფიციალურ მაისურებში შეუძლიათ გამოეწყონ, ზურგზე საკუთარი გვარი წაიწერონ და ალალი ხელფასით მილიონერები გახდნენ. მათ კიდევ ერთი ძალიან დიდი უპირატესობა უძღვნა დრომ - ოცი წლის შემდეგ იმავე დიდი სტადიონის ტრიბუნაზე ჩამომსხდარნი, არ არის გამორიცხული, რომელიმე ქართული გუნდის, საკუთარი შვილების და მოსწავლეების დიდი წარმატების მოწმენი შეიქნან.
თორემ ისე ყველაფერს აზრი დაეკარგება. 20 წლის შემდეგ, ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფოს და, ღიმილისმომგვრელი იქნება იმის წერა, რომ 40 წლის წინ, 1981-ის 13 მაისს დიუსელდორფში...
ჯერჯერობით კი შეიძლება... აუცილებელიცაა, რადგან მხოლოდ 20 წელიწადია გასული.
დიახ, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წამი შექმნეს.