მწარე სიმართლე ქართველებისა და აფხაზებისათვის

მწარე სიმართლე ქართველებისა და აფხაზებისათვის

თუ არა მიზანმიმართული ჟონგლიორობა, ძნელია, ერთმანეთში აგვერიოს მიზეზი და შედეგი, შეცდომა და დანაშაული.

არადა არც ბატონი ედუარდი და მით უმეტეს, არც ბატონი ზვიადი დაბადებულიც არ იყვნენ, როცა აფხაზეთის პრობლემა არსებობდა და 1931 წლამდე აფხაზეთი ისეთივე მოკავშირე რესპუბლიკა იყო, როგორიც დანარჩენი საქართველო. თუ იგი მაინც დაუბრუნდა საქართველოს იურისდიქციას, ეს პირადად სტალინის დამსახურება იყო.

დღეს კი, როცა რუსეთი კვლავ გვანაწევრებს, განტევების ვაცებს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და გამოსავალი ვიპოვოთ.

ხოლო თუ ლინჩის მოყვარულნი მაინც არ იშლიან შავი სიის შეკოწიწებას, მასში პირველ ნომრად თვით ქართველი ერი მოხვდება, წინაპრებიდან სულ მცირე, ერეკლე მეორე, ახლო წარსულიდან კი - ბატონი ედუარდ შევარდნაძე, ბატონი ზვიად გამსახურდია და ამის დიდი შანსი აქვს ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც.

რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, კონფლიქტებისა და განვითარების წყარო ერთი და იგივეა. ესაა ადამიანის ძალისხმევა, მოიხვეჭოს მეტი და უკეთესი, ვიდრე აქვს და, მაშასადამე, ეს პროცესი უსასრულოა, ადამიანს სულ მუდამ რაღაც აკლია, რისი მიზეზიც, როგორც წესი, ყოველთვის სხვაა. ეს სხვა კი აფხაზებისა და ოსებისათვის „უფროსი ძმის" შთაგონებით, აღმოვჩნდით ჩვენ, ქართველები.

ცხოვრება, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ განცხრომა. ცხადია, განვითარება არ არის უმტკივნეულო და ყველაფერი ეს არ არის განპირობებული მხოლოდ ობიექტური ფაქტორებით, მაგრამ როცა ოჯახში ვინმეს რამე ეშლება, გონიერება გვმართებს, არ ავყვეთ საეჭვო ჩარევებს და არ გავუმწაროთ სიცოცხლე, არ დავუმძიმოთ განსაცდელი ბრალეულს, თუ არ გვინდა, მას უარესისკენ ვუბიძგოთ.

საქართველოს, ღვთის მადლით, სხვისგან საპატიებელი არაფერი სჭირს, რამეთუ მას ჯერჯერობით არც ტოლერანტობა შეშლია, არც სტუმართმოყვარეობა და არც სხვებისთვის ხელის გამართვა.

ამიტომ თვალახვეულთა, გონებამოწამლულთა და უმადურთა გასაგონად, არა - სასაყვედუროდ, არამედ მეხსიერების რეანიმაციის მიზნით უნდა ითქვას, რომ თბილისი ყოველთვის ამიერკავკასიის ინტელიგენციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერა და სამჭედლო იყო და მისი სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებები სავსებით მართებულად ღია იყო ჩვენი მოძმე ხალხების ახალგაზრდობისათვის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კარი აფხაზი და სხვა პროვინციელი ქართველებისათვის „ჩაწყობის" გარეშე ნამდვილად დახშული იყო. ერთმა პროფესორმა ეს სიტუაცია ასე განმიმარტა - თქვენ აფხაზებს რას უყურებთ, მათ მეტი არ მოეთხოვებათ, თქვენგან კი იმიტომ ვითხოვ მუშაობის სტაჟს და ამდენი წიგნის სათითაოდ ჩაბარებას, რომ ჩვენ ნამდვილი მეცნიერები გვჭირდებაო. ადვილი შესამჩნევია, რამდენი არასაკადრისია ნაკადრები ამ პროფესორის მიერ ჩემ მოსაგერიებლად ნათქვამ ამ ერთ წინადადებაში. ახლა დავუბრუნდეთ თხრობას.

ჯერ კიდევ ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში დიდი ივანე ჯავახიშვილის მოწვევით აფხაზურ ენას, ლიტერატურას და ისტორიას კითხულობდა აფხაზური ლიტერატურის და ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი დიმიტრი გულია. ასევე ქალბატონ ქეთევან ლომთათიძის მიერ დაარსებულ აფხაზური ენის განყოფილებაზე აღიზარდა არაერთი აფხაზი ლინგვისტი, რომელთაგან ორმა - ბატონმა შოთა არისთავამ და ქალბატონმა ლიდია ჭკადუამ - სახელმძღვანელოები გამოსცეს აფხაზური ენის ფონეტიკასა და გრამატიკაში თავიანთი მასწავლებლის ლექციების მიხედვით.

ერთ რომელიღაცა წელს სოხუმის მეექვსე საშუალო სკოლის მასწავლებელს, ცნობილ საზოგადო აქტივისტს, ბატონ გრიშა კახაძეს სოხუმიდან თბილისში ჩამოაყვანინეს 83 აბიტურიენტი, ძირითადად აფხაზობა და ისინი უკონკურსოდ დაარიგეს უმაღლეს სასწავლებლებში.

თვით ქართველთა დიდმა „მეგობარმა" ვლადისლავ არძინბამ სადოქტორო დისერტაცია ბატონ თამაზ გამყრელიძის ხელშეწყობით თბილისში დაიცვა და არა - მოსკოვში, სადაც იგი იმხანად მუშაობდა. არძინბამ თავის კეთილისმყოფელს მადლობა იმით გადაუხადა, რომ, როცა ბატონი თამაზი ჩვენს დელეგაციას გაჰყვა გუდაუთაში, იგი მოლაპარაკების მაგიდას არ გააკარეს და მეზობელ ოთახში გამოკეტეს შემაწუხებელი მეზობლის ბავშვივით.

მსოფლიოში ერთადერთი აფხაზურენოვანი დისერტაცია თბილისშია დაცული. ეს იყო სოხუმის პედინსტიტუტის, შემდგომში კი აფხაზეთის უნივერსიტეტის, ფილოლოგიის ფაკულტეტის უცვლელი დეკანის, პავლე არძინბას საკანდიდატო დისერტაცია, რაც მანაც თავისი ბიძაშვილივით დაგვიფასა.

თითქოსდა აფხაზები კმაყოფილი უნდა ყოფილიყვნენ ამ შეღავათებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათში უკვე სულ სხვა განწყობა სუფევდა. მახსოვს, ერთხელ ოჩამჩირეში ერთ აფხაზ ქალბატონს შვილის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩარიცხვა მიულოცეს და მან მადლობა კი გადაუხადა მიმლოცველს, მაგრამ სინანულით დასძინა, ჩემს შვილს იმ მხეცებში რა გააძლებინებსო.

მეორე ინციდენტი გვიჩვენებს, როგორ დაატოვებინა ქართულის „სიყვარულმა" ქართველი გოგონებისათვის სანუკვარი უცხო ენათა ინსტიტუტი ცნობილი აფხაზი პოეტის, სხვათა შორის, შესანიშნავი მექართულის და ნამდვილი ინტერნაციონალისტის, პლატონ ბებიას ქალიშვილს, რომელმაც თურმე შესვენებაზე თავის თანაკურსელებს შესჩივლა, სადაც არ უნდა წახვიდე, სულ ქართული ისმის და აქ მაინც მელაპარაკეთ რუსულადო, რაზეც მიუგეს, თვითონ უნდა ისწავლო ქართულიო. ამ ამბავს ისეთი პოლიტიკური ხმაური მოჰყვა, რომ საქართველოს კომპარტიის ცეკა–მ თავისი ფეხით ჩაარბენინა ინსტიტუტის რექტორი სოხუმში გაქცეული სტუდენტის უკან დასაბრუნებლად.

მესამე კურიოზი თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მოხდა. გაზაფხულზე, ომის დაწყებამდე სამი თვით ადრე, აფხაზმა სტუდენტობამ მოულოდნელად ინსტიტუტი დატოვა და აფხაზეთში დაბრუნდა. საქართველოს კომპარტიის ცეკა–მ ახლაც აფრინა ინსტიტუტის პროფესორ–მასწავლებლები სოხუმში სტუდენტების დასაბრუნებლად ან გამოცდების ადგილზე ჩასატარებლად, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს - ჩვენ უკვე ჩარიცხულები ვართ დასში და თქვენი დიპლომები აღარ გვჭირდებაო.

თბილისში დაფრთიანდა ამიჩბების მთელი ოჯახი, აქ ისწავლეს და გაკანდიდატდნენ ვალენტინა, სარია და გიორგი ამიჩბები, ხოლო მათმა უმცროსმა ძმამ ბორისმა მეორე სპეციალობა თბილისის კონსერვატორიაში მიიღო და მთელი წელი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სტაჟირებდა, სადაც მას თავს ევლებოდნენ.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ პავლე არძინბამ და ვალენტინა ამიჩბამ გააშანშალეს საგაზეთო წერილი ქართველთა „აგრესიის" შესახებ აფხაზეთში. აქაოდა, აფხაზებს ყელში ამოუვიდათ ჩაგვრა და რკინიგზის დასაცავად შემოსულ ქართულ მილიციას ესროლესო. ეს უკანასკნელი ფრაზა ავტორებს ნიშნისმოგებით ჯიქურად წამოსცდათ, თორემ მანამდე რუსები და აფხაზები ერთხმად გაჰყვიროდნენ, ქართველებმა გაისროლეს და ომიც მათ დაიწყესო.

სამოქალაქო ომები არსად და არასოდეს ყოფილა იშვიათობა, მაგრამ ეს გასროლა, შეიძლება ითქვას, დაპროგრამებული იყო იმ დროიდან, როცა რუსმა ავტონომიები „გაგვიხერხა" და რუსულმა მითოლოგიამ აფხაზი დაარწმუნა, რომ ქართველმა მას ანბანი წაართვა და ახლა მიწასაც ართმევს და ენასაც. სწორედ ასე განაცხადა ამ რამდენიმე წლის წინ ნალჩიკში გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე აფხაზური მოძრაობის ერთ–ერთმა სულისჩამდგმელმა თამარა შაყრილმა, რომელიც, სხვათა შორის, მოგვიანებით ისევ აფხაზის ტყვიამ იმსხვერპლა.

ასევე პოლიტიკური ტყვიის წერა გახდა აფხაზური მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი, გურამ აჩბა, რომელმაც რიხიანად დაგვმოძღვრა, დროა, შეიგნოთ, რომ აფხაზეთი რუსეთიაო, მაგრამ როდესაც მას ეს შეძახილი სათანადოდ არ დაუფასეს, გაწბილებულმა აღიარა, რუსეთს აფხაზეთი მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ ხელკეტად უნდაო.

რაც შეეხება ანბანს, მსოფლიოში 5.400–ზე მეტი ენა და მხოლოდ 14 ანბანია, რომელთა შორისაა ჩვენი უნიკალური ქართული ანბანიც. ანბანდაკარგული ხალხები ისტორიამ არ იცის, უთავისანბანო ხალხები კი, როგორც ვხედავთ, უამრავია. წარმოუდგენელია, ანბანი წაგართვან და მასზე დაწერილი ერთი ბწკარიც არ შემოგრჩეს.

ენა მართლაც ღვთით მომადლებული განძია, რომელიც, როგორც აზროვნების იარაღი, როგორც სინამდვილის ასახვის, აზრის გამოხატვის და, მაშასადამე, ურთიერთობის საშუალება, მისი მატარებელი ხალხის ეროვნულობისა და თვითმყოფადობის დედაბურჯი და ერთგვარი ჯავშანია. ამიტომ ყოველი თავმოყვარე, მაგრამ უბედობით ხელქვეითი ხალხი თავგამოდებით ცდილობს თავისი ენის შენარჩუნებას, ზემდგომი ხალხი კი - ხელქვეითი ხალხის თავის ენაზე ალაპარაკებას.

ამიტომ გეგმავდა საბჭოთა კავშირი მთელი მსოფლიოს „განათლებასა" და გაერთენოვნებას, სცენარით - ჯერ მომიჯნავე ქვეყნების ენები უნდა შეჯვარებულიყვნენ რეგიონულ ენებად, შემდეგ კი რეგიონული ენების შეჯვარებას უნდა ეშვა ერთი მსოფლიო ენა.

სწორედ ამ გეგმის მიხედვით, მოკავშირე რესპუბლიკებში ერთმანეთთან „საჭიდაოდ", თუმცა წინასწარ ცნობილი შედეგით, დაშვებული იყო ორი სახელმწიფო ენა - ფავორიტი რუსული და მარცხისთვის განწირული რესპუბლიკის ენა, რომელიც საქართველოში, ბუნებრივია, ქართული იყო და მთელი მოსახლეობა ან ქართულ სკოლაში სწავლობდა, ანდა რუსულში.

მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ამ შეჯვარების ფინალს აღარ დაელოდა და მთელ საბჭოეთში ერთადერთ სახელმწიფო ენად პროგრამით გათვალისწინებული გამარჯვებული რუსული ენა გამოაცხადა, რაზეც, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა რესპუბლიკა ყაბულდებოდა, რომ არა საქართველო, რომელიც ამ ზღვარგადასულ ძალმომრეობას გადაულახავ ზღუდედ აღუდგა წინ, რაშიც თავისი წვლილი არ უნდა დავუვიწყოთ ბატონ შევარდნაძესაც.

ამჯერად მოსკოვმა უკან დაიხია, მაგრამ უმალვე კიდევ უფრო ვერაგულ გამოსავალს მიაგნო და ე.წ. ერთა თვითგამორკვევის „გარნირით" ავტონომიებს ენის არჩევის ნება დართო. ამით რუსეთი ერთდროულად ერთი მიმართულებით მიმავალ ორ კურდღელს გამოეკიდა და წარმატებითაც, რამეთუ ავტონომიებში ამ სეპარატისტული მუხტის ჩატუმბვით მან მძლავრი ლაგამი ამოსდო ავტონომიების „პატრონ" რესპუბლიკებს, ავტონომიების ხალხები კი პირდაპირ გაუყენა რუსიფიკაციის შარაგზას, რადგანაც ავტონომიებს თავიანთი ენა მხოლოდ დაწყებით კლასებში ჰყოფნით, მეხუთე კლასიდან და ზემოთ კი სათანადო ტერმინოლოგიების, სახელმძღვანელოებისა და მასწავლებელთა კორპუსის უქონლობა–უყოლობის გამო იძულებული არიან, ყველა საგანი რუსულად ასწავლონ და ისწავლონ.

კრემლი მაინც უკმაყოფილო და შეშფოთებული იყო თავისი იმპერიის ხალხთა ენობრივი ასიმილაციის ტემპით.

ერთხელ ერთმა მაღალჩინოსანმა, იმჟამად პენსიონერმა და ბავშვთა ფილატელიის პრეზიდენტმა, ვინმე კურეკმა, გამიმხილა, თქვენ, ქართველები, ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ხალხი ხართ, ყველა რესპუბლიკა ავალაპარაკეთ რუსულად, თქვენ კი ვერაფერი მოგიხერხეთო.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის გამგემ, პროფესორმა ოლგა ახმანოვამ კათედრაზე მოწვეულ ბრიტანელ პროფესორს გულისტკივილით გაანდო, ჩვენთან არის ასეთი ხალხი, ქართველები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ, დისერტაცია ქართულად წერონო.

რაც შეეხება კონკრეტულად აფხაზურ ენას, მისი შევიწროება საქართველოს არც არასოდეს დასჭირვებია. აფხაზეთის სამთავროს ოფიციალური ენა ისედაც ყოველთვის ქართული იყო, საბჭოთა პერიოდში კი ენების საკითხს, როგორც უკვე აღინიშნა, მოსკოვი განაგებდა და არა - თბილისი.

ძალა აღმართს ხნავსო და ბევრმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. რაც შეეხება აფხაზსა და ოსს, მათი „თავისუფლებისათვის" ბრძოლა იმ ვოლიერში ჩაგდებული ბოცვრის საქციელს წააგავს, რომელსაც კობრას დაღებული პირი თავშესაფარ სოროდ ეჩვენება და თვითონ უხტება ხახაში მტაცებელს.

აფხაზები აცხადებენ, ნაკადულში დახრჩობას ზღვაში დახრჩობა გვირჩევნიაო. კაცია და გუნება, თორემ ბინძური ზღვა ნამდვილად ვერ მოვა კამკამა ნაკადულთან. ისე, მეტი რომ არა ვთქვათ, ცოტა უხერხულია შევიწროებაზე ლაპარაკი, როცა მაქსიმუმ 95 ათასი კაცი ნახევარმილიონიან ავტონომიას მართავ, ფართოდა ხარ წარმოდგენილი რესპუბლიკის ცენტრალურ ხელისუფლებაში, წერ, კითხულობ, ბეჭდავ და მაუწყებლობ შენს ენაზე, მაშინ, როდესაც შენი ჩრდილოკავკასიელი ნათესავები დიდი ხანია, რუსიფიცირებული არიან.

საინტერესოა, რომ ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანებული აფხაზი და ოსი რადიკალურად განსხვავებული მოტივაციებით გამოდიან: აფხაზი ამბობს - ეს მიწა ჩემია, რადგანაც აბორიგენი მე ვარო, ოსი კი აღიარებს, მე აბორიგენი არ ვარ, მაგრამ მიწა ჩემია, რადგანაც მე მასზე ვცხოვრობო.

აქ ბატონ ბორის ჩოჩიევს უნდა შევახსენოთ: კი, ბატონო, მიწა შენია, მაგრამ საცხოვრებლად და არა - რუსეთისათვის მზითევში მისართმევად. თანაც თუ ეგ თქვენი სიყვარული წრფელი და ორმხრივია, რაში სჭირდება ამხელა აუთვისებელი ტრამალების მქონე რუსეთს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში" ჩასიძება?

მე ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ არც აქვს აზრი პოლიტიკური მიწათმოწყობის მიზნით საუკუნეების ბნელეთში ჩაკირკიტებას, იმდენჯერაა ეს ჩვენი დედამიწა გადაზომილ–გადმოზომილი.

ის კი არა, შეიძლება ითქვას, ჩვენს თვალწინ შეიქმნა აშშ, მაგრამ როგორ გინდა, ეს ხალხი დიდ ბრიტანეთში დააბრუნო, შემდეგ კი - ისევ მატერიკზე?!

რა თქმა უნდა, უსამართლობაა ორად გახლეჩილი კვიპროსი, ირლანდია, კორეა, ის, რომ სამ ქვეყანაში განფენილ მრავალრიცხოვან ქურთს თავისი სახელმწიფო არა აქვს, ის, რომ ნახევარი სომხეთი თურქეთს უპყრია, ნახევარი აზერბაიჯანი - ირანს, რაღა შორს წავიდეთ, ჩვენი საქართველოც ხომ ნაპირებშემოგლეჯილი შაგრენია?

სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოს რუკის სამართლიანად გადაწერის მშვიდობიანი მექანიზმები არ არსებობს, თუნდაც ხელში თვით უფლის მიერ ხელმოწერილი პრივატიზაციის ოქმი გეჭიროს.

ამიტომ მოთმინება უნდა გვეყოს, არ ავყვეთ ცდუნებას და მაცდუნებელს და არ ვხოცოთ ერთმანეთი, სანამ შექმნილი სიტუაციიდან ცივილიზებული გამოსავალი არ მოიძებნება.

ჩემი აზრით, არც ქართველია მართალი და არც აფხაზი, როცა ისინი ისტორიულ აფხაზეთში ერთმანეთის არსებობას უარყოფენ, რადგან, თუ ასეა, საიდან გაჩნდა მაშინ ამდენი ნაქართველარი აფხაზი და ამდენი ნააფხაზარი ქართველი ამ ტერიტორიაზე?!

აფხაზური სეპარატიზმისათვის საფუძველგამომცლელი ეს ფაქტი იმდენად თვალშისაცემია, რომ თვით ნიჭიერმა აფხაზმა, ფილოსოფოსმა ოლეგ დამენიამ სხვა ვერაფერი მოიგონა და მაშინდელი სოხუმის პედინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგესთან, ბატონ ოთარ მიქიაშვილთან საუბარში ასეთი უსუსური თხზულება განავითარა  ჩვენ, აფხაზებს, გვარები არ გვქონდა და ქართველებმა შეგვარქვეს თავიანთი გვარებიო. ბარაქალა იმ ქართველობას, მაგრამ რაში დასჭირდათ მათ ეს ქველმოქმედება და როგორ განახორციელეს ეს მასობრივი ღონისძიება ორგანიზაციულად, მით უმეტეს, თუ ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდნენ?!

აფხაზეთის ტოპონიმიკა ქართულიცაა და აფხაზურიც, ზოგჯერ სინონიმური, რაც მოცემული ადგილის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვალებადობაზე მიუთითებს.

საგულისხმოა, რომ სოხუმის უძველესი სახელწოდება - დიოსკურია - უფრო სარწმუნოდ იშიფრება ქართულად, ვიდრე ბერძნულად. ამ დასახელებას შემდგომაც კარგა ხანს ერქვა ქართველური სახელი ცხუმი (რცხილა, რცხილნარი), საიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს მისი დღევანდელი სახელწოდებაც.

აფხაზეთის ეკლესია–მონასტრების არქიტექტურა და კედლების თავდაპირველი მოხატულობა და წარწერები ქართულია. ყველაზე მეტი ქართული წარწერა დაფიქსირებულია დღეს წმინდა აფხაზური სოფლის, ლიხნის მონასტერში. აქედან გამომდინარე, საკითხავია, თუ აქ ქართველები არ სახლობდნენ და, მით უმეტეს, აქაურობას არ განაგებდნენ, ვისთვის აშენდა ეს ტაძარი და როგორ დაუშვეს წარმართმა თუ მუსლიმანმა აფხაზებმა ეს, სეპარატისტთა აზრით, „რელიგიური ექსპანსია", როცა მართლმადიდებლობა თვით ქართველებშიც ზოგჯერ ცეცხლითა და მახვილით იკაფავდა გზას.

რბილად რომ ვთქვათ, დაუსაბუთებელია განცხადება, რომ აფსუა სხვა იყო და აფხაზი სხვა, რომ თავდაპირველი აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორიც მეგრელი, სვანი, იმერელი და ა.შ., რომელიც შეერწყა ჩრდილო კავკასიიდან გადმოხვეწილ აფსუას, გაუზიარა მას თავისი სახელწოდება, თვითონ კი მის ენაზე ალაპარაკდა.

ჯერ ერთი, როგორც წესი, ყოველი ხალხი თავის თავს უწოდებს ერთს, სხვები კი მას სულ სხვანაირად მოიხსენიებენ. ჩვენც ხომ მხოლოდ თვითონ ვუწოდებთ თავს ქართველებს, სხვებისთვის კი ვართ ვრაცუები, ქაფარები, გრუზინები, გურჯები, გეორგიელები, ხეორხიელები და ვინ იცის, კიდევ ვინ. და მეორეც, როგორ გაქრნენ ისე უკვალოდ ეს ქართველი აფხაზები, რომ არც მათ სპეციფიკურ გვარებს, არც ენას, თუ ქართულის დიალექტს ჩვენამდე არ მოუღწევია?! დღევანდელი აფხაზეთელი ქართველი კი სინამდვილეში ან მეგრელია, ან სვანი, ან იმერელი და ა.შ., ძირითადად - მეგრელი.

ასევე ლიტონსიტყვაობად ჟღერს ანჩაბაძეების და შერვაშიძეების ქართველებად გამოცხადება, რის გაზიარებასაც, სულ მცირე, ორი რამ უშლის ხელს - თვით ამ ხალხის ეროვნული თვითშეგნება და მათი მეორე, აფხაზური გვარები - ანჩაბაძეები აჩბებია, შერვაშიძეები კი ჩაჩბები, ალბათ ვინმე შერვაშ ჩაჩბას შთამომავლები, თორემ რა კავშირი უნდა ჰქონდეს ჩაჩბას შერვაშიძესთან?

სავარაუდოა, რომ ახლომახლო არსებულ ერთადერთ ელიტურ, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებისას აფხაზმა თავადაზნაურობამ თვითონ შეირქვა ანდა დაიკანონა მათთვის შერქმეული ქართული გვარები.