ფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, თამარ მეფის და რუსთველის ეპოქა ქართველი ერის უმაღლესი კეთილდღეობის ხანადაა მიჩნეული. სინამდვილეში კი ეს იყო ხანა ქართველი ერის საარსებო საფრთხის მაქსიმალური აქტუალიზაციისა, რომელიც თვითონ ქართული სახელმწიფოს სიძლიერისგან მომდინარეობდა.
საქმე ისაა, რომ ეგეოსური ცივილიზაციისგან დასავლეთევროპული სამყაროს დამოუკიდებელ ცივილიზაციად გამოკერძოების და ამგვარად შეკვეცილი ეგეოსური ცივილიზაციის სივრცეზე მისი ექსპანსიის შედეგად ბიზანტიის და ისლამური სამყაროს დაქვეითების პირობებში ეგეოსური ცივილიზაციის დაწინაურებულ ცენტრად ქცეული საქართველოს სახელმწიფო, XII საუკუნის შუაწლებში, ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის (XII ს. შუაწლები - XVI ს. მიწურული) დადგომასთან დაკავშირებით, ცხრომის მანიის ეფექტის რეაქტუალიზაციის უპირატეს არედ იქცა, ეგეოსურ ცივილიზაციაში. ეს ნიშნავს ქართველ ერში ცხრომის მანიის კლასის ერად მისი ტრანსფორმაციის ტენდენციის განვითარებას.
ცხადია, ეგეოსური ცივილიზაციის, როგორც ქართველი ერის მომცველი თვითერგულირებადი სისტემის, გავლენით განპირობებულ, ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციას ქართველი ერის თავდაცვითი რეაქცია უინდა დაპირისპირებოდა. სწორედ ეს შინაგანი გაორება, რომლის დასაწყისის ამსახველიცაა ხელისუფლებისთვის დიმიტრი I-ის შთამომავლებს შორის გაჩაღებული ბრძოლაც, წარმოადგენს XIII საუკუნიდან ქართული სახელმწიფოებრიობის დაქვეითების ტენდენციის სტაბილიზაციის, მისი თავდაცვის უნარის დიდად შემცირების განმაპირობებელი მთავარ ფაქტორს.
თამარის გამეფების შემდეგ, როდესაც ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენელთგან მას კონკურენტი აღარ დარჩა, გარგანი სისტემური გავლენით განპირობებულ, ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის ტენდენციის მატარებელი ძალა შეუნიღბავად გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზე. არაა შემთხვევითი ის ფაქტი, რომ თამარ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამოსული დასის ლიდერად ყუთლუ-არსლანი, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა მინისტრი), დიდვაჭართა და მსხვილ მიწათმფლობელთა ოლიგარქიის ჩამოყალიბების ინიციატორი მოგვევლინა: - სახელმწოფოს მოწყობაში ცხრომის მანიის ეფექტის დომინანტის გატარება ვაჭარ-ფინანსისტთა ოლიგარქიის დამყარებაში, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების მექანიზმების ფუნდამენტალიზაციაში გამოიხატება.
თამარის მეფობის ხანა ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასაწყისის ნაწილია, ამდენად ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციების აქტუალობა საქართველოში ამის შემდეგაც არ მოხსნილა (მაგ.: თამარის უშუალო მემკვიდრის, ლაშა-გიორგის სუფიზმით გატაცების ფაქტში, ამ მოვლენამ კონფესიური გამოხატულებაც კი შეიძინა; საქართველოს სამეფო კარზე, მონღოლების ხელშეწყობით, სომეხი დიდვაჭრის, უმეკის აღზევება და მონღოლთა ბატონობის პირობებში ქვეყნის ყოველგვარი აქტივების ყიდვა-გაყიდვის ობიექტად გადაქცევა, თუმცა კი ეგეოსურ ცივილიზაციაზე გარეგანი გავლენის ამსახველიცაა, ასევე, ცხრომის მანიის ეფქტის გამოხატულებაა). მაგრამ თამარის მეფობის შემდეგ ამ ტენდენციამ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ქართული ფენომენის (ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის წინააზიური ფენომენით) აქტუალიზაციის მნიშვნელობა შეიძინა, რაც ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის საფრთხის შემცირების აღმნიშვნელია (სამწუხაროდ, მეორე მხრივ, აღნიშნული გარემოება საქართველოს სახელმწიფოს ეგეოსური ცივილიზაციის დაწინაურებულ ცენტრად სტაბილიზაციის, მთელი დედამიწის მასშტაბით მისი ნოოფილოგენეზური მოწინავეობის შენარჩუნების ხელშემშლელ პირობასაც წარმოადგენდა).
ამრიგად, ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის პერსონიფიკაციად, კოლხი მედეას შემთხვევის მსგავსად, ამჯერადაც, თამარ მეფის სახით, ე.წ. სუსტი სქესის წარმომადგენელი პიროვნება დაფიქსირდა. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან მართვის მანიის კლასის ერის თვისებრივი ტრანსფორმაცია ნებისმიერი სხვა თვისებრივი ტიპის ერად, სწორედ, ე.წ. სუსტი სქესის საზოგადოებრივი სტატუსის დაქვეითებას გულისხმობს.
ამ წერილის თემა ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის სწორედ ეს ასპექტია (გენდერი).
* * *
არსებობს ობიექტური საფუძველი, ადამიანის შემთხვევაში, ერთმანეთისგან გავარჩიოთ სქესის ბიოლოგიური და არაბიოლოგიური ასპექტები. სქესის ბიოლოგიური ასპექტი ახასიათებს ადამიანს, როგორც ბიოსფეროს ინდივიდს. იგულისხმება სქესობრივი ქცევის ადამიანის ბიოსახეობისთვის დამახასიათებელი მოდუსის ყველა, მათ შორის - ბიოსოციალური, ასპექტი. სქესის არაბიოლოგიურ ასპექტი კი, რომლის აღმნიშვნელადაც უნდა მივიჩნიოთ ცნება გენდერისა, ახასიათებს ადამიანს, როგორც ნოოსფეროს ინდივიდს.
იგულისხმება ნოოსფეროს დეფინიცია ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, რომელიც არის დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარება განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის, მისი ოთხი შესაძლო მნიშვნელობის -Oოთხი ფსიქიკური სტიქიის ( ოთხი დომინანტური ფსიქიკური კომპლექსი): ფორმის მანიის, ძლევის მანიის, ცხრომის მანიის და მართვის მანიის, აღმოჩენის საფუძველზე. ნოოსფერო ადამიანის გამომრჩეველი მახასიათებლის, რომელსაც პიროვნების ცნებით აღვნიშნავთ (განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნილობის), გამოვლენების სისტემური ერთობლიობაა, ცივილიზაციები - ნოოსფეროს ალტერნატიული რეალიზაციები (როგორც ბიოცენოზები - ბიოსფეროსი), ერები - ოთხი ფსიქიკური სტიქიის სათანადო, ოთხ თვისებრივ ტიპად არსებული ფუნქციური ელემენტიები ცივილიზაციისა, წარმოდგენილი ერთიდაიმავე ფსიქიკური სტიქიის მატარებელ პიროვნებათა, - ნოოსფეროს ინდივიდთა, ისტორიული საზოგადოებრივი ერთობებით. ერს ბიოსფერული ანალოგი არ მოეპოვება.]
ერთა განსხვავებულ თვისებრივ ტიპებს განსხვავებული გენდერული პარადიგმები შეესაბამებათ. მათგან სამი რადიკალურად უპირისპირდება სქესთაშორის ურთიერთმიმართების (სქესობრივი ქცევის) ადამიანის ბიოსახეობისთვის ბუნებრივ მოდუსსაც და, ამდენად, წარმოაჩენს გენდერულ ურთიერთობებს კონფლიქტურობის (ბიოლოგიური სტანდარტის და კულტურილი სტანდარტის კონფლიქტის) მომენტის შემცველად. გენდერის ცნების შემოტანის გამამართლებელიც სწორედ ეს მრავალგვარობა და გენდერული პარადიგმების, გარდა ერთისა, მათს ბიოსფერულ პროტოტიპთან დაპირისპირებულობაა.
ცხადია, რომ სქესთა შორის კონფლიქტი, მეტწილად, მდედრობითი სქესის შევიწროების მომტანი იქნება. რასაც ადასტურებს ე.წ. სუსტი სქესის კონცეფციის წარმოშობა და ფართოდ გავრცელებულობა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ოთხი განსხვავებული და ერთმანეთთან შეუთავსებადი გენდერული პარადიგმა. მათი შეუთავსებლობის მნიშვნელობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ ერები წარმოადგენენ არა თვითკმარ ფენომენებს, არამედ ცივილიზაციების, ამ დინამიური თვითრეგულირებადი წარმონაქმნების ფუნქციურ ელემენტებს. კერძოდ, ცივილიზაციის არსებობა მის გარკვეულ მდგომარეობათა - ცივილიზაციურ ფაზათა - გარკვეული კანონზომიერებით მონაცვლეობის პროცესია, რაც სათანადო თვისებრივი ტიპის ერთა პროდუქტიულობის ეტაპთა ცვლაში გამოიხატება. თავისი თვისებრივი ტიპის შესაბამის ფაზაში, ერი, ავრცელებს გავლენას მისი მომცველი ცივილიზაციის ფარგლებში არსებულ სხვა თვისებრივი ტიპების ერებზე. ამგვარი ექსპანსიის წინააღმდეგ თავდაცვითი რეაქციის აქტები გენდერული პარადიგმების კონფლიქტშიც პოულობს გამოხატულებას. ამის მაგალითია სათანადო ასპექტი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნისა, როგორც ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის ერთ-ერთი უმაღლესი პროდუქტისა.
ქართველი ერი ეკუთვნის ერთა მართვის მანიის კლასს, რომლის სათანადო გენდერული პარადიგმაც არის, სწორედ, ის, მეოთხე, აღნიშნულ კონფლიქტურობის მომენტს მოკლებული გამონაკლისი, რომელიც ბიოსფერული პროტოტიპის ნოოსფერულ განვითარებად წარმოგვიდგება. მართვის მანიის სათანადო გენდერულ პარადიგმას ადექვატურად ასახავს ქართულ ტრადიციაში პიროვნების სქესის აღსანიშნავად გამოყენებული სახელები: ”დედაკაცი”, “მამაკაცი” (იხ. ავტორის წერილი კოლხი მედეას შესახებ). ამგვარ დასახელებაში სქესები გარეშე ელემენტთან - შვილი (რეალური თუ პოტენციური) - მიმართების მიხედვით იდენტიფიცირდებიან (დედა - მამა) და არა ერთმანეთთან მიმართების მეშვეობით, რაც მათს ურთიერთმიმართებაში ერთის მეორისადმი დაქვემდებარების მომენტის შემოტანის შესაძლებლობის გამომრიცხველია.
მართვის მანიის სათანადო გენდერული პარადიგმის მიხედვით დედაკაცი ერის ცხოვრების მიმდინარე სიტუაციური თუ სტრატეგიული ამოცანების იდენტიფიკაცია-ტრანსფარაციის ფუნქციის რეალიზატორად იდენტიფიცირდება; ხოლო მამაკაცი - დედაკაცის (მისი რჩეულის) მიერ განსახიერებულ-მინიშნებული ამოცანების გადამწყვეტის სიტუაციური თუ სტრატეგიული ალგორითმის შემუშავებისა და რეალიზაციის ფუნქციის შემსრულებლად.
სწორედ ამ მართვის მანიის სათანადო გენდერული პარადიგმის უპირატესობის მხატვრული სიტყვის ძალით ცხადყოფას და დაფუძნებას ეძღვნება ვეფხისტყაოსანი. ამდენად ის ადექვატურია ქართველი ერის თვისებრივი ტიპის ასახვაში. სწორედ ეს არის ამ წერილის თემის ასპექტით რუსთველის შემოქმედების მნიშვნელობა.
[საზოგადოდ კი, უნდა ითქვას, რომ რუსთველმა თავისი შემოქმედებით ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის დასრულების ფაქტის დაფიქსირებას მიაღწია, რითაც ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურიდან მესამეზე გადასვლის ეტაპზე მყოფი მონღოლი ერის ევრაზიის სივრცეზე დომინირების პირობებში, ქართველ ერს ნოოფილოგენეზური რეგრესისგან დაცვის რესურსი შესძინა.]
პოემის მთავარი გმირებად უმაღლეს ხელისუფალთა (მეფეთა და მათ მემკვიდრეთა) გამოყვანა მათს ქცევაში გენდერული პარადიგმების შეუზღუდველად გამოვლენას უზრუნველყოფს. აქ განხილული ასპექტის მიხედვით ვეფხისტყაოსანი ცნობიერი პროცესების (პიროვნების შინაგანი სამყაროს) ფიზიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენებით ალეგორიული გადმოცემაა (ამით აიხსნება ადამიანური განცდების ჰიპერბოლიზებული გადმოცემა). ასე რომ, გენდერულ პარადიგმათა კონფლიქტიც პოემის სიუჟეტის ფიზიკური პლანის კერძო ასპექტადაა წარმოდგენილი.
პოემის სიუჟეტი ვითარდება როსტევან მეფის ინიციატივის საფუძველზე, რომელმაც, მის სამეფოში არსებული ტრადიციის დარღვევით, მემკვიდრეობა გადასცა ქალიშვილს. როსტევანის გადაწყვეტილება ვაჟიშვილის უყოლობამ განაპირობა და არა მისმა მსოფლმხედველობამ. ეს არის საფუძველი წესრიგის დარღვევის მოლოდინისა, რაც უცნობი მხედრის წინაშე როსტევანის ლაშქრის უღონობის სიუჟეტური ფაქტითაა განსახიერებული. უცნობი მხედრის გამოჩენა მოსალოდნელი ქაოსის ხანმოკლე მოლანდებაა. ამრიგად ცხოვრების მიმდინარე პრობლემად გამოიკვეთა დედაკაცის გახელმწიფებასთან დაკავშირებული საფრთხის არსში გარკვევა. ამას ახალი ხელმწიფე, თინათინი, ავთანდილს ავალებს. ავთანდილის მიერ უცნობი მხედრის ძიება სწორედ დასახელებული პრობლემის კვლევის პროცესის ალეგორიული გადმოცემაა. უცნობ მხედართან, ტარიელთან მისი შეხვედრა განასახიერებს აღნიშნული პრობლემის კვლევის დასრულებას მის მიერ. ეს ახალი ცოდნა ტარიელის და ნესტან-დარეჯანის თავგადასავლითაა წარმოდგენილი. ის შეიძლება გადმოვცეთ შემდეგი დებულებით: დედაკაცის გახელმწიფება, მამაკაცის ფუნქციის ნიველირების პირობით, მამაკაცის ძალმოსილების დესტრუქციული აქტუალიზაციის მომტანია.
ტარიელის და ნესტნ-დარეჯანის მიჯნურობა, ერთი შეხედვით, მართვის მანიის სათანადო გენდერული პარადიგმის რეალიზაციის ნიმუშია, მაგრამ ის შეიცავს არსებით გადახრას: ნესტან დარეჯანი ახდენს ცხოვრების მიმდინარე პრობლემის არა მხოლოდ იდენტიფიკაციას და მისი გადაჭრისკენ მოწოდების განსახიერება-ტრანსფარაციას, არამედ სამოქმედო ალგორითმსაც თვითონ კარნახობს მოქმედების პოტენციურ შემსრულებელს; ტარიელს თავისი ბუნების მიხედვით მოქმედების შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნესტან-დარეჯანს სიშორის გამო არა აქვს მოქმედების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, როგორც მაგალითად ხატაეთის წინაღმდეგ მის მიერ ინიციირებული ლაშქრობისას; სამეფო კარზე ტარიელი მოქმედებს მხოლოდ მისი მიჯნურის მიერ მითითებული ალგორითმის მიხედვით (მაგ. მიპარვით ჰკლავს ხვარაზმშაჰს), ან უმოქმედობს, როცა ამგვარი მითითება არა აქვს, რაც ნესტან-დარეჯანის მიერ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ნესტან-დარეჯანის დაუსწრებლად მისი მოხვედრისას ხდება (მაგ. ხვარაზმშაჰის სიძედ წვევის საკითხის განხილვაში თავის პოზიციას არ ავლენს).
მამაკაცის ფუნქციის ამგვარ ნიველირების შედეგად ტარიელის და მისი მიჯნურის ურთიერთობა ბატონისადმი ყმის სრული მორჩილების მნიშვნელობის მოვლენად გადაგვარებას განიცდის. სწორედ ეს არის დედაკაცის გახელმწიფებასთან დაკავშირებული საფრთხე, რომელის მსხვერპლი თვითონ დედაკაცი ხდება: - დედაკაცის მიერ მამაკაცის ფუნქციის იგნორირება მამაკაცის მიერ დედაკაცის, როგორც შემფასებლის, იგნორირების და, ამდენად, თვითმიზნურ მოქმედებაზე გადასვლის საფუძველია.
ეს ისეთი მდგომარეობის დამყარებაა, როდესაც მამაკაცი აკეთებს მხოლოდ იმას, რაც თვითონვე სურს და დედაკაცის ფუნქციის სრულ იგნორირებას ახდენს ან, უკეთეს შემთხვევაში, აიძულებს მას იქცეს სწორედ ამგვარი მოქმედების განხორციელებისკენ მომწოდებლად. რაც ნიშნავს დედაკაცის მამაკაცის ძალდატანების ობიექტად დაფიქსირებას. დედაკაცს სუბიექტად თვითრეალიზაციის შესაძლებლობა რჩება მხოლოდ მამაკაცის ძალის მცირე დანამატის მნიშვნელობით. ვეფხისტყაოსანში ამ მდგომარეობას განასახიერებს არა მხოლოდ ქაჯეთი, არამედ ფრიდონის სამეფოც, სადაც თვითმიზნური მოქმედებაა გაბატონებული და დედაკაცი არსად სჩანს (სიუჟეტის მიხედვით, ფრიდონმა თვალი მოჰკრა ნესტან-დარეჩჯანს, მაგრამ თავისი ქვეყნის ცხოვრებაში ის, როგორც სიუჟეტური ფუნქციის პერსონაჟი, ვერ შემოიყვანა) და თვით, ველად გაჭრილი ტარიელიც, რომელიც ეხმარება ფრიდონს მისი სამეფოს ამგვარად მოწესრიგებაში, რაც ტარიელის ამავე სტატუსით თვითრეალიზაციის ნაწილია.
ამგვარად, სიუჟეტის მიხედვით, პრობლემის არსის გარკვევამ გამოავლინა თინათინის გახელმწიფებით მამაკაცთა თვითმიზნური მოქმედების მდგომარეობის მის სამფლობელოზეც გავრცელების შესაძლებლობა, რადგან მისი დამოკიდებულება ავთანდილისადმი ნესტან-დარეჯანის ტარიელისადმი დამოკიდებულების ანალოგიური აღმოჩნდა: - თინათინმა მის მიერ სამოქმედოდ ხმობილ ავთანდილს მოქმედების ალგორითმიც უკარნახა.
გაცნობიერებული საფრთხის მიმართ თინათინის რეაქცია მართვის მანიის სათანადო გენდერული პარადიგმის არჩევის ადექვატურია: - ის კვლავ მოუწოდებს სამოქმედოდ ავთანდილს, მაგრამ ამჯერად მოქმედების ალგორითმის არჩევაში არ ერევა; ავთანდილი თავის თავის წინაშე მარტოდ დარჩენილი აკეთებს არჩევანს და მიემგზავრება ტარიელის დასახმარებლად.
აღნიშნული საფრთხის აცილების, მართვის მანიის სათანადო გენდერული პარადიგმის აქტუალიზაციის გამომხატველი, თინათინის მიერ მოქმედების ალგორითმის კარნახისგან ხელის აღება და ავთანდილის მიერ სამოქმედო ალგორითმის დამოუკიდებლად არჩევა და მოქმედების დამოუკიდებლად დაწყება - საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით ტარიელის მისაშველებლად მისი მეორედ ფარულად გამგზავრების სიუჟეტური ფაქტი - არის კულმინაციური მომენტი, რომელიც რუსთაველის აზრით ადამიანს სამყაროში მისეულ ადგილს და ამითვე თვით სამყაროს ჰარმონიას უბრუნებს. ამის შემდეგ მოქმედებას აღნიშნული პარადიგმის საყოველთაოდ გავრცელების მცდელობის მნიშვნელობა აქვს. პოემის მიხევით ამგვარი პარადიგმის შესაბამისად მოქმედ-მოარსებე ადამიანის ესმის მთელს სამყაროს, მას თანაუგრძნობს მთელი სამყარო: “რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან . . . წყლით ქვანიცა გამოსხდიან, . . . რა ატირდის, ატირდიან”).
პოემის მიხედვით, აღნიშნული პარადიგმის უპირატესობას მისი აღმოჩენის შემდეგ მისი ადვილად გავრცელების სიუჟეტური ფაქტი ასახავს: ავთანდილის გავლენით ტარიელი წყვეტს თვითმიზნურ მოქმედებას, უიმედოდ ხეტიალს (მას დაკარგული ჰქონდა ნესტან-დარეჯანის პოვნის იმედი და უმიზნოდ მოგზაურბდა - მოქმედებდა მოქმედებისთვის) და ცნობას ნესტან-დარეჯანის მდგომარეობის (ქაჯთაგან მისი დატყვევების) შესახებ ანუ მისი მდგომარეობით განსახიერებულ პრობლემას მის (ნესტან-დარეჯანი) მიერ ნაკარნახევი ალგორითმის იგნორირებით, დამოუკიდებლად არჩეული მოქმედებით (ქაჯეთის ციხეზე სამმხრივი იერიში) პასუხობს.
* * *
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ვეფხისტყაოსანში, მისი მანდილოსანი პერსონაჟების დახასიათების მიხედვით, ოთხივე გენდერული პარადიგმაა გადმოცემული: ნესტან-დარეჯანი, როგორც მისი მიჯნურის ყოველ მოქმედებაში თანამონაწილე ან ამის მოწადინე (მოქმედების ტემპის, ემოციური დაძაბულობის და მოქმედების ალგორითმის მოკარნახე), ძლევის მანიის სათანადო გენდერულ პარადიგმას განასახიერებს; ასმათი, ტარიელის მხოლოო თანმხლებად დარჩენის პირობებშიც კი, მის, როგორც საპირისპირო სქესის პიროვნების, მოქმედებასთან ყოველგვარ მამოტივირებელ მიმართებას მოკლებული (ავთანდილთან შეხვედრამდე) - ფორმის მანიის სათანადო გენდერულ პარადიგმას; ფატმანი, როგორც ცხოვრების ცალკეული ასპექტების (მაგ. ოჯახი, საზოგადოებრივი მდგომარეობა, სიყვარული) პიროვნული თვითრეალიზაციის დამოუკიდებელ სფეროებად წარმოდგენის საფუძველზე, ქცევაში თავისუფალი, - ცხრომის მანიის სათანადო გენდერულ პარადიგმას; თინათინი, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, - მართვის მანიის სათანადო გენდერულ პარადიგმას.
* * *
ვეფხისტყაოსანი შთაგონებულია თამარ პიროვნული მაგალითით, რომლის ზეობის ხანა, როგორც აღინიშნა, ქართველი ერის მომცველ ეგეოსურ ცივილიზაციაში მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის საწყის ეტაპს ეკუთვნის. ეს ნიშნავს, იმჟამად, ქართველი ერის, როგორც ერთა მართვის მანიის კლასის წარმოამადგენლის, თავდაცვითი რეაქციის აქტუალობას. ამრიგად, რუსთაველი, როგორც იდეურ-ესთეტიკურ პლანში (არა მხოლოდ გენდერული ასპექტით) ამ პრობლემის გადამჭრელი, თამარ მეფის, როგორც დედაკაცის, მიერ განსახიერებული მოწოდების მოპასუხე მამაკაცად იდენტიფიცირდება. ამდენად, მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო გენდერულ პარადიგმასთან სრულ შესაბამისობაშია მათი მიჯნურებად წარმოდგენა ქართულ ფოლკლორში.
დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ თამარ მეფის ფენომენის მნიშვნელობა არ ამოიწურება მისი აქ წარმოდგენილი ასპექტით. თამარ მეფეს ქართველი ერისთვის კონფესიური თვითიდენტიფიკაციის ელემენტის მნიშვნელობა აქვს.