სად იყო ვანო მერაბიშვილი საქართველო-რუსეთის ომის დროს?

სად იყო ვანო მერაბიშვილი საქართველო-რუსეთის ომის დროს?

ორშაბათს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას არ დასწრებია შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტს ინფორმაცია მხოლოდ თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მოახსენა. არადა, პოლიციის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონაშია დისლოცირებული, ასევე შსს-ს ჯარი განლაგებული იყო კოდორში.

ამიტომ, წესით, პრეზიდენტისთვის სათქმელი ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა. ბუნებრივია, უშიშროების საბჭოზე შს მინისტრის არყოფნის გამო დაიბადა კითხვა - სად იყო ვანო მერაბიშვილი?

ერთ-ერთი ინფორმაციით, ცხინვალიდან კვირას, გვიან ღამით, შს მინისტრი პირდაპირ კოდორში ავიდა და შსს-ს საჯარისო ნაწილებს ადგილზე გააცნო ხეობის დატოვების ბრძანება. ქართულმა პოლიციურმა შენაერთებმა იმავე დღეს დატოვეს კოდორი.

„ალია“ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს ადმინისტრაციის უფროსს შოთა ხიზანიშვილს დაუკავშირდა. მისი კომენტარი ლაკონური იყო: „ ჩვენი ინფორმაციით შსს მინისტრი შიდა ქართლში იმყოფება“.