იმდენი უბედურება ვნახეთ ნაციონალების ხელისუფლებისგან ამ ექვსი წლის მანძილზე, ამის შემდეგ რაღა უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი შეცდომები, დანაშაული და იდიოტობა ამოუწურავი ყოფილა. უკრაინაში გაგზავნილ გრანდიოზულ დესანტზე ვამბობ, რომლის დროსაც ეს სამივე ქმედება სრული სახით იყო წარმოდგენილი.
როგორ მძიმედ უნდა გქონდეს საქმე, რომ ასეთ უპრეცედენტო ავანტურაზე წახვიდე. ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ გივიას ამ ლაშქრობის უკან საქართველოს ინტერესების ნატამალიც არ იმალება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალების ხელისუფლებისა და კერძოც - მისი რამდენიმე, ასე ვთქვათ, „თვალსაჩინო" წარმომადგენლისა. ჯერ ერთი, იანუკოვიჩის გამარჯვება კატასტროფის ტოლფასია საქართველოს ხელისუფლებისათვის და მათი ვარდი საბოლოოდ დაჭკნება. ისე, თითქოს საკვირველია: ბრიუს ჯექსონის მოფიქრებული და ბუშისა და რაისის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ე.წ. ფერადი რევოლუციები ყველგან მოუსავლეთში გაისტუმრეს საქართველოს გარდა. ძალიან მაგრები ვყოფილვართ, ან იქნებ, უბრალოდ, სულით მონები.
მაგრამ, იანუკოვიჩის გამარჯვება, კიდევ ვიმეორებ, მაინც სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია ვარდოსნებისთვის, - ეს მიზერულ დონემდე შეამცირებს მათი ძალაუფლების ნარჩენებს, - რომელიც ჯერ კიდევ ბევრ უბედურებას უქადის საქართველოს. არ ვაჭარბებ, მართლაც ნარჩენებზეა ლაპარაკი მათი რიხის მიუხედავად და ეს რიხიც არ იქნებოდა, ოპოზიციას რომ არ ჩაესვარა. ძალიან დიდი იყო ხალხის პროტესტი, - ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ეს უძვირფასესი კაპიტალი. დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, ძალიან დიდხანს მოუწევს მკურნალობა, როცა ამ ხელისუფლებას საბოლოოდ გაუა ყავლი.
მეორე, კერძო ფაქტორზეც გეტყვით. ამ ხელისუფლებიდან ზოგს, პირველ რიგში გივი თარგამაძეს, უკრაინაში საკუთარი ბიზნესი აქვს. გუდაურის ამბავი გაიხსენეთ, რომელიც თითქმის მუქთად დაუთმეს უკრაინელებს, მაგრამ თვითონ რამდენით იხეირეს, ამას ვინ გეტყვის. მაგათი უკრაინული ბიზნესი, ესეც ნათელი უნდა იყოს, სასათბურე პირობებშია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების „მეგობრობის", უფრო ზუსტად საერთო ინტერესების გამო (ხელი ხელს ბანს...).
რას უზამს იანუკოვიჩი მათ ბიზნესს, ამის გაფიქრებაც აშინებთ. ჰოდა, იბრძვიან ჩვენი ჯეელები თავიანთი ქონების დასაცავად. გივი თარგამაძეს, თანამდებობის თანახმად, 2008 წლის აგვისტოში, სულ ცოტა, გორში ყოფნა მაინც ევალებოდა. გაახსენდა მაგას იქ ბრძოლა, უკვე ქვეყნისათვის?... მოკლედ, როცა საკმაოდ ბევრ ჩვენ მოქალაქეს აძევებენ უკრაინიდან სხვადასხვა დარღვევის გამო, ნაციონალების ელიტა იქ ისე დაპარპაშებს როგორც საქართველოში.
იქნებ არ ღირს იმაზე ლაპარაკი, რომ აქედან გაგზავნილი ორიათასი ადამიანი, უმეტესობა მაინც, დამკვირვებელი კი არა, დიდი „ზონდერკამანდაა" ძალოვანებისა და ჯანიანი ბიჭებისგან შემდგარი. ამოცანაც ნათელია: თუ ტიმოშენკოს ვერ მოაგებინებენ, არჩევნები იქნებ ჩაშალონ მაინც. გეგმა დაახლოებით ასეთია: ისინი დიდ არეულობას მოაწყობენ, იუშჩენკო კი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს ქვეყანაში შექმნილი „რთული ვითარების" გამო. ფააფუ მეორე ტური და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც პირველ ტურში მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა, ისევ პრეზიდენტად დარჩება.
იქნებ აქ მაინც მიბაძონ ნაციონალებმა თავიანთ ძმაკაცს - არჩევნები პირწმინდად წააგო და მაინც უდრტვინველად არის, მაგრამ რას მოიმოქმედებს ხვალ და ზეგ, ძნელი სათქმელია. შუბლზე ყველაძარღვგაწყვეტილი, დიდი გამყალბებელი თარხნიშვილი სადმე დამკვირვებლად რომ წავა, ეს სწორედ იმას ნიშნავს, ტურა რომ შეუშვა ქათმის ფერმაში ჩიჩიას ექსპერტად.
ის სკანდალური სატელეფონო ჩანაწერებიც, რომელშიც, მცოდნე ხალხის თქმით, კრიმინალების მოშველიებაზეც არის ლაპარაკი, აბსოლუტურად არ არის საკვირველი. ისინი „შავებს" კი არა, ეშმაკებს შეეკვრებიან, ოღონდ საწადელი აისრულონ.
მოკლედ, ჩვენმა უბრძენესმა ხელისუფლებამ ყველა ხიდი დაწვა. თუკი მართლა იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, რა, არ იცის, რისთვის ჩავიდა უკრაინაში ვეებერთელა ქართული დესანტი? მით უმეტეს, რომ ახლა 2 000-ის კი არა, დივიზიის გაგზავნით იმუქრებიან დონეცკის ასაღებად.
კარგად კი ვიცნობთ, მაგრამ მათი სითავხედისა და უტიფრობის მასშტაბი მართლაც განსაცვიფრებელია. ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში სწორედ ისე იქცევიან, როგორც საქართველოში, სადაც ჯერჯერობით ყველაფერი გასდით, ნებისმიერი უკანონობა. იოლი სავარაუდოა, რომ გინდაც კვლავ არ დაუშვან არჩევნებზე, იანუკოვიჩსა და მის მომხრეებს, აბსოლუტურად ყველა იმ დარღვევას აჰკიდებენ ბრალად, რასაც თვითონ აკეთებენ ჩვენს დაჩმორებულ ქვეყანაში, - კარუსელებს, ყალბი ბიულეტენებით საარჩევნო ყუთების გავსებას, ამომრჩეველთა დაშინებას, მოსყიდვას და ა.შ. გივი თარგამაძე უკვე ალაპარაკდა კარუსელზე. ეს, ეტყობა, მხოლოდ დასაწყისია.
მოკლედ, იმდენ ნაგავს გვიტოვებენ უკრაინასთან ურთიერთობაში, ამის გაწმენდას საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება. საინტერესოა, იმ ბებერმა ქორმა, მაკკეინმა, თუ შემოუთვალა რჩევა ნაციონალებს, - უკრაინაში დიდი დესანტი წაასხით და ამ დიდი ქვეყნის შინაგან საქმეში ჩაერიეთო.
ისე, აქედან ერთი ხეირია, - იმას მაინც სრულად გავიგებთ, გაყალბების რა და რა მეთოდებს მიმართავენ ჩვენი ენერგიული ნაციონალები საქართველოში გამართულ არჩევნებში, - იქიდან, რასაც იანუკოვიჩს დააბრალებენ.
ამ საქმეს, საერთოდ, ძალიან ცუდი სუნი უდის. ერთი იმედი ის არის, რომ თუკი იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, ეცოდინება, საიდან ქრის ქარი და მთელ ამ გულისამრევ ბალაგანს მთელ ქვეყანას, - საქართველოს არ აჰკიდებს.
იანუკოვიჩი სამართლიანად ითვლება პრორუსულ კანდიდატად, ტიმოშენკო კი - პროდასავლურად. მაგრამ ესეც მეტად სადავო საკითხია: იქნებ გაიხსენოთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ამ ქალბატონმა როგორ მოუხშირა პუტინთან სირბილს, უეჭველად, მხარდაჭერის მიღების მიზნით. ამიტომ ჯერ მხოლოდ მამაზეციერმა იცის, რომელი კანდიდატი იქნება უკეთესი საქართველოსთვის. ნაციონალებისათვის კი გასარკვევი არაფერია - ტიმოშენკო. ისე, შეთავსებით დიდი ბიზნესმენი ტიმოშენკო პრაქტიკული ქალბატონი ბრძანდება და ვინ იცის...