შეგშურდება, აბა რა იქნება: ეს რუსები რომ პოლიტიკაში მუდამ რუსობდნენ, არახალია, კომუნისტებისგან შერისხული რელიგიაც რომ კვლავ ქვეყნის სამსახურში ჩააყენეს, არც ამას გაუვა წყალი. სპორტია და, ამითაც მეთოდურად ცდილობენ რუსული სულის გაღვიძება-გაძლიერებას. ამათი საუკეთესო გაზეთი „სპორტ-ექსპრესი“ ლამის რუსული სულის ბურჯადაა ქცეული. ნებისმიერი ნომერი გადავშალოთ: ისეთი სიამაყით წერენ ნიკიფოროვ-ციმბალარ-თეთრაძე-კანჩელსკისის რუსობაზე, თითქოს ეს ბიჭები ძირძველი პეტერბურგელები იყვნენ, ანაც ბავშვობაში არბატზე ეგორებინოთ ბურთი. ჩვენ კი...
დრო იყო, ცხადაძეს მოღალატე ვეძახეთ, თეთრაძე კი გავაოსიპოვეთ და გავაქციეთ. ახლა, ეტყობა, ჯერი რევიშვილზე მიდგა. მაგრამ მარტო ეს როდია: ეჭვი არ მეპარება, გულს გატკენთ, რასაც ახლა მოგიყვებით.
დებულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, 33 წლის გრიგოლ ცაავას „დინამოში“ თამაშის უფლება არ ეძლევა. ფედერაცია ისე მტკიცედ იცავს ამ წესს, თითქოს ამ ექვსი წლის მანძილზე ერთხელაც არ დაერღვიოს თავისივე დაწერილი დებულება. ისე არ გამიგოთ, თითქოს კანონის დარღვევის მომხრე ვიყო! სწორედაც რომ პირიქითაა და ღმერთმა დამიფაროს ამგვარი აზრებისგან. მაგრამ თუ ახლახან კლუბებს ორ-ორი მოთამაშის დამატების უფლება ებოძათ, რა დააშავა მცირედით შეგვიანებულმა 33 წლის გრიგოლ ცაავამ, ათი წელი „დინამოს“ რომ შესწირა, სამი - „ცხუმს“ და როგორც გუმისთაზე მითხრა ერთ-ერთმა მებრძოლმა: „ბურთი არ ექნება იმდენჯერ დარტყმული, რამდენჯერაც ავტომატის მჭიდე გამოცვლილი. აფხაზები რაციათი გადასცემდნენ, ცაავა აქა და აქ იმყოფება და იქნებ ტყვედ ავიყვანოთო“.
ლამის პირველივე ჭურვმა სოხუმში, ჭანბას ქუჩაზე, ცაავების სახლი ნანგრევებად აქცია და სოხუმში ჩასულ სახელმწიფოს მეთაურს პირველად სწორედ ეს ადგილი აჩვენეს, აქ ფეხბურთელი ცაავა ცხოვრობდაო...
დიღმის ბაზაზე „დინამოს“ ვარჯიშს რომ ვუყურე, გამიხარდა: ქრისტეს ასაკში მყოფი ცაავა კოლეგებს მაინცდამაინც არ ჩამოუვარდებოდა ჯანით. ვიცოდი, ნებას რომ არ რთავდნენ „დინამოში“ ეთამაშა, მიზეზიც კარგად ვუწყოდი, მაგრამ ყასიდად მაინც შევეკითხე, იქნებ ლაპარაკის საღერღელი ავუშალო-მეთქი. არც კალამი და ფურცელი მომიმარჯვებია, ემანდ სულ არ დავაფრთხო-მეთქი...
- ამ ჩემპიონატის პირველი მატჩი „შევარდენის“ შემადგენლობაში წყალტუბოში „სამგურალთან“ ვითამაშე, ორი გოლიც გავიტანე. ორიოდ თამაშის მერე ჯანმა, რომ მიღალატა ვიფიქრე, დავბერდი, რაღა დროს ჩემი ფეხბურთია, მოდი, ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ-მეთქი. რამდენიმე თვე ისე, ჩემთვის ვვარჯიშობდი, მაგრამ უცებ, როგორი საქმეა, დავით ყიფიანმა დამიძახა. იცი, ეს რას ნიშნავს ჩემთვის?!
ყიფიანმა მითხრა: გრიშა, მომეხმარე, სულ ახალგაზრდა ბიჭები მყავს და შენი გამოცდილება ძალიან გამომადგებაო. ვისაც ფეხბურთი არ უთამაშია, ვერასოდეს მიხვდება, რა გრძნობა დამეუფლებოდა. მე „დინამოს“ ვჭირდები, იმ „დინამოს“, ათი სეზონი რომ ვთამაშობდი. არ მეჯერა, ნუთუ კიდევ ვითამაშებ იმ სტადიონზე, რომლის ტრიბუნებიდან მრავალჯერ მომისმენია „ცაავა!“, „ცაავა!“ მონატრების და პასუხისმგებლობის გრძნობა იმდენად დიდი იყო, ძალები მომემატა, თანაც დიღმის ბაზაზე დავიწყე ვარჯიში. არ ვიცი, ვის როგორ წარმოუდგენია, მაგრამ დავით ყიფიანის მოსვლა „დინამოში“ დიდი მოვლენაა. ჩემს ცნობიერებაში ეს ორი სახელი განუყოფელია და უერთმანეთოდ არაბუნებრივად ჟღერს...
დავიწყე ვარჯიში, რაღაც გარკვეულ კონდიციამდე მივედი, მაგრამ, რად გინდა - თუ არ ითამაშე, ვარჯიშს რა აზრი აქვს? ჩემი ახალგაზრდა პარტნიორები უნიჭიერესი ბიჭები არიან, სათამაშო პრაქტიკა კი აკლიათ, ძნელია ასე უცებ, ამდენი ძლიერი მოთამაშის წასვლის მერე ისევ კარგი გუნდის დაყენება, მაგრამ ყიფიანი მაინც დააყენებს...
ვთქვათ და, არ დაგრთეს ნება ამ სეზონში, მერე რას აპირებ?
- შევეშვები ფეხბურთს, ჩემი ასაკის და ბედის კაცს რა ნერვები გამიძლებს...
როგორ თუ შეეშვები... „დინამო“ საშემოდგომოდ ევროთასზე გასვლას უმიზნებს და განა მერე აპატიებ შენს თავს ამისთანა შანსის დაკარგვას?
- ახლა კი ნამდვილად ჭრილობაზე შემეხე. იცი, როგორ მომენატრა სავსე „დინამოს“ სტადიონზე დიქტორის მიერ გამოცხადებული ჩემი გვარის გაგონება?
... ამასობაში ვარჯიში დაიწყო. ბაზიდან გამოსული, ცხადია, ისევ ცაავას ბედზე ვფიქრობდი, რატომღაც ისევ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები წარმოვიდგინე: ვეტერანი გავრილოვი თხოვნით მიმართავს კოლოსკოვს, მოსკოვის „სპარტაკში“ თამაშის ნება მომეციო. ის კი გაჯიუტებული გაიძახის: იურა, გამიგე, არ შემიძლია, შენ ხომ უკვე ითამაშე წელს მოსკოვის „ლოკომოტივში“.
გრიგოლ ცაავას კი ბოდიშს ვუხდი, მის ნაღვლიან საუბარს დაუკითხავად, რომ გაწვდით...