- რუსეთის იმპერიას აქვს უნიკალური უნარი თანამოძმეს თანამოძმე აუმხედროს და ამით მთელი ქვეყანა ამოაყირავოს, – წერდა ცნობილი პოლიტოლოგი აბდურაჰმან ავტორხანოვი.
საქართველომ ეს საკუთარ ტყავზე არაერთხელ იწვნია. დღესაც რუსეთმა ახალი ტახტის მაძიებელი ამოატივტივა – ალექსანდრე ებრალიძე.
ალექსანდრე იოსების ძე ებრალიძე დაიბადა 1955 წელს ბათუმში. მამამისი სტალინის ეპოქის რეპრესირებული იყო. შემდეგ რეაბილიტირებულ იქნა. ებრალიძე ექვსი წლის ასაკიდან სპორტს მისდევდა. ის წყალბურთელი იყო, ამბობენ დღესაც კარგ სპორტულ ფორმაშია და სისტემატურად ვარჯიშობსო.
ებრალიძის კარიერა რუსეთთანაა დაკავშირებული. მან დაამთავრა გერცენის სახელობის ინსტიტუტი. ბატონ ალექსანდრეს ორი უმაღლესი დიპლომი აქვს – ერთი ისტორიკოსის, მეორე – იურისტის.
რაც შეეხება მის ბიზნესსაქმიანობას, ის ბურუსითაა მოცული. ოფიციალურად ის საბანკო ბიზნესშია ჩართული და გრანდიოზულ წარმატებებსაც მიაღწია. იგი პეტერბურგის ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანია. არაოფიციალურად ეს განაპირობა როგორც რუსეთის ელიტასთან, ისე შავ სამყაროსთან მჭიდრო კავშირმა. ებრალიძე მჭიდროდაა დაკავშირებული დღევანდელ რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. პეტერბურგში მან გახსნა კლუბი, სადაც მაღალი საზოგადოება იყრის თავს. ამბობენ, რომ აქ სადილობა და გართობა ისეთ პიროვნებებს უყვართ, როგორიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან პეტერბურგის მერის ოჯახის წევრებია. კლუბში მუშაობს კაზინოც. სტუმრებიც არხეინად აგებენ მრვალ ათას დოლარს. მათ ხომ კარგა ხანია, ფულის თვლას თავი დაანებეს.
ებრალიძის მეგობრებს შორის უნდა მოვიხსენიოთ რუსეთის დუმის დეპუტატები, მთავრობის წევრები, პეტერბურგის დღევანდელი ბატონ–პატრონები. ებრალიძე თავს პეტერბურგელს უწოდებს. ერთ–ერთ ინტერვიუში ასეც განაცხადა:
– პეტერბურგთან ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებია დაკავშირებული.
ებრალიძე "პეტერბურგის დაჯგუფების" წარმომადგენელია, დაჯგუფებისა, რომელსაც განეკუთვნებიან პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერი პუტინი. ამან განაპირობა კიდეც მისი ბიზნესწარმატებები. შენობა, სადაც დღეს ებრალიძის კლუბია განთავსებული, წარსულში სკკპ–ს საკუთრება იყო, მიუხედავად ამისა, ბატონმა ალექსანდრემ მოახერხა მისი პრივატიზება და რუსული ელიტის საყვარელი თავშეყრის ადგილად აქცია. ამავე დროს, ბურუსითაა მოცული ბატონი ალექსანდრეს კავშირები ფსბ–ს მაღალჩინოსნებთან თუ კრიმინალურ ავორიტეტებთან, უდავოა, პეტერბურგის "შავ სამყაროში" მას მჭიდრო კავშირები აქვს და საკუთარი სიტყვაც ეთქმის. ასევე მჭიდროა მისი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან. ყველაფერმა ამან მნიშვნელოვნად განაპირობა მისი ბიზნესწარმატებები.
– მუდამ ვამბობდი, რომ შეცდომა იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნით დემონსტრაციების, გაფიცვების, შიმშილობების მოწყობა. ასევე არ იყო საჭირო რკინიგზის გადაკეტვა და სხვა მსგავსი აქციები. საბჭოთა კავშირი უამისოდაც დაინგრეოდა. ჩვენ არ უნდა დაგვეკარგა რუსული ბაზარი, ამით მხოლოდ ჩვენი ეკონომიკა დავანგრიეთ, – ამბობს ერთ–ერთ ინტერვიუში ებრალიძე.
მას აქვს საკუთარი შეხედულება საქართველოს მომავალზეც:
– რუსეთთან კავშირები აუცილებლად უნდა აღდგეს. უამისოდ ქართული ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგება. რაც შეეხება ნატოსთან ჩვენს ურთიერთობებს, მგონი ნათელია, რომ ჩვენი ქვეყნის ნატოში შეყვანა ლამაზი ზღაპარია და მეტი არაფერი. თუმცა, ამ ზღაპრის წყალობით უამრავი პრობლემა ავიკიდეთ. მომავალში საქართველოს დამოუკიდებელ ნეიტრალურ სახელმწიფოდ ვხედავ, რომელსაც მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიური და სამხედრო ურთიერთობები ექნება რუსეთთან.
როგორც ჩანს, ბატონ ალექსადრეს მართლაც გულმოდგინეთ გაუანალიზებია საქართველოს წარსული. აფხაზური პრობლემის მოგვარების საკუთარი სქემაც გააჩნია:
– ყველაფერი იმ უპასუხიმგებლო პოლიტიკანებმა გააფუჭეს, რომლებიც მიტინგებზე გაჰკიოდნენ, აფხაზები აფსუას ტომია, მთიდან ჩამოთრეული და უნდა გადავუაროთო! ასე როგორ შეიძლება! იგივე შეიძლება ითქვას ოსეთის შესახებაც. როდესაც გაჰკივიან, რომ ეს სამხრეთ ოსეთი კი არა, სამაჩაბლოა, როდესაც ოსს გაძევებით ემუქრებიან, ის თოფს მოკიდებს ხელს, აბა, რა?
ბატონი ებრალიძე კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ კონფლიქტი რუსეთის ძირგამომთხრელმა საქმიანობამ გამოიწვია:
– რუსეთი აქ არაფერ შუაშია. ყველაფერი ქართველი პოლიტიკანების უპასუხიმგებლო ქმედებების შედეგია! რასაკვირველია, ოსებსა და აფხაზებს შორისაც იყვნენ ექსტრემისტები, მაგრამ რუსეთი აქ არაფერ შუაშია! რუსეთმა ჩააქრო ეს კონფლიქტი. რომ არა რუსეთი, სისხლისღვრა გაცილებით დიდი მასშტაბის იქნებოდა!
როგორც ყველა ტახტის მაძიებელს, მას გააჩნია გეგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა:
– რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება!
ბატონი ალექსანდრე აქტიურად იღვწის რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების დალაგებისათვის. ის ყველგან ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სირთულეები მხოლოდ "ერთი მუჭა ქართველი პოლიტიკანების" გამოა. ებრალიძეს კონკრეტული მაგალითები მოჰყავს იმისა, თუ რა წვლილი შეიტანეს ქართველებმა რუსეთის იმპერიის გაძლიერების საქმეში:
– მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო პეტრე ბაგრატიონი! მან სიცოცხლე რუსეთს შესწირა! ასეთი მაგალითები უამრავია!
ებრალიძე აფინანსებს გამოკვლევებს, სადაც სრულად უნდა იყოს გაშუქებული ქართველების წვლილი რუსეთის იმპერიის გაძლიერების საქმეში. მალე სერიით "გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება" დაიბეჭდება წიგნი პეტრე ბაგრატიონზე. ის ებრალიძის მიერაა დაფინანსებული. ეს, ალბათ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ვინ იქნება შემდეგი? პავლე ციციანოვი, რომლის წვლილიც უზარმაზარია საქართველოს დაპყრობის საქმეში, სერგო ორჯონიკიძე, სტალინი თუ ბერია?
– მე არ მეგულება რუსი მამულიშვილი, რომელსაც რუსეთის ძლიერებისათვის იმდენი გაეკეთებინოს, როგორც სტალინსა და ბერიას, – ამბობს ებრალიძე.
რაში სჭირდება რუსეთს ებრალიძე?
– საქართველოს ისტორია – ეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიაა. ქართველი ხალხი ოდითგანვე მიისწრაფოდა, დასავლური სივრცის ნაწილი გამხდარიყო. თავის დროზე რუსეთთან კავშირიც განაპირობა ილუზიამ, რომ მუსლიმანურ რკალში მოქცეული ქვეყანა რუსეთის მეშვეობით დასავლეთს დაუკავშიერდებოდა. როდესაც ეს ილუზია დაიმსხვრა, ქართველები რუსეთის მტრებად გადაიქცნენ. საქართველოს ისტორია მე–19, მე–20 საუკუნეებში, ეს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის ისტორიაა, – წერდა სტეპან ბანდერა.
1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თავისუფლების იდეალების ერთგულია. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო 1990 წლის არჩევნები, როდესაც ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია და მისი გუნდი მოვიდნენ.
– გამსახურდიამ უამრავი შეცდომა დაუშვა, ამის გამო მას მწვავედ ვაკრიტიკებდი, მაგრამ უდავოა ერთი – ის ქართველი პატრიოტი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, – წერდა ანატოლი ლუპინოსი.
კრემლმა გამსახურდიას წინააღმდეგ ჩვენივე თანამემამულე იმხანად მოსკოვში მოღვაწე ედუარდ შევარდნაძე გამოიყვანა. შედეგად საქართველოში მდგომარეობა დაიძაბა. დაიწყო ერის გახლეჩის პროცესი:
– 1990–91 წლებში ხშირად ჩავდიოდი საქართველოში და საშუალება მქონდა, საკუთარი თვალით მენახა ეს საშინელი სანახაობა. რუსთაველის პროსპექტზე ორი მიტინგი მიმდინარეობდა – ერთი გამსახურდიას მომხრეების, მეორე – მოწინააღმდეგეების. ორივეს მონაწილეებს ხელში ეროვნული დროშა ეჭირათ, ორივე დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს და, მიუხედავად ამისა, ერთმანეთზე იწევდა. ქართველი ერი იხლიჩებოდა და შემდგომში ამას კატასტროფული პროცესები მოჰყვა, – წერს ლუპინოსი.
ალბათ, არასდროს დაგვავიწყდება დამწვარ–დანგრეული რუსთაველის პროსპექტი, კრიმინალების თარეში, აფხაზეთში წაგებული ომი. საქართველოს მართლაც უდიდესი დარტყმა აგემეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა მაინც გაიმართა წელში. კრიმინალების თარეშიც აღიკვეთა და შევარდნაძის დამხობის დროც მოვიდა. ქვეყნის პროდასავლური კურსი ნათლად გამოიკვეთა, რუსეთმაც ჩვეულ კონტრზომებს მიმართა:
– ომი ცხინვალის რეგიონში რუსული სპეცსამსახურების მიერაა ინსპირირებული, – წერს "შლიახ პერემოგი", – მისი დასრულების შემდეგ კი, სცენაზე ჩნდება ებრალიძე, რომელმაც იგივე ფუნქციები უნდა შეასრულოს, როგორც თავის დროზე შევარდნაძემ. თუკი ედუარდ ამბროსიის ძე როგორც მოსკოვის, ისე ვაშინგტონის გავლენის აგენტი იყო, ებრალიძე კრემლიდან აბსოლუტურად მართვადი ფიგურაა. მისი გამარჯვებაც საქართველოში დემოკრატიის დასასრულს, ქვეყნის გახლეჩის დაკანონებასა და პრორუსული დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.
ჩვენი მხრივ დავუმატებთ იმას, რომ ებრალიძეს ლეგალური გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის არავითარი შანსი არ გააჩნია. საქმე მარტოოდენ იმაში როდია, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და არჩევნებში მონაწილობის უფლება არა აქვს. მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც (რასაც ბატონი ალექსანდრე ძალიან ცდილობს), ის არა თუ პრეზიდენტი, პარლამენტის დეპუტატიც კი ვერ გახდება. ებრალიძეს შეუძლია მოისყიდოს ჟურნალისტები, იყიდოს ტელევიზიები, გაზეთები, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის მოსყიდვა. ქართველი ერი კი სულ სხვა ფასეულობებს უჭერს მხარს. ბატონი ებრალიძე თავისი კვაჭისებური მორალით მისთვის უცხო და მიუღებელია. შესაბამისად, ებრალიძეს რჩება ერთადერთი გზა – გადატრიალების მოწყობა. საამისო საშუალებები მას მართლაც გააჩნია: დიდი ფული, გავლენიანი კავშირები რუსეთში, კონტაქტები "შავ სამყაროში".
- ებრალიძის ხელით მოსკოვი ლამობს კვლავ ამოაყირავოს საქართველო, შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც ქვეყანა დადგება ალტერნატივის წინაშე – ან ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი და საქართველოს საბოლოოდ დაშლა ან რუსეთის წინაშე კაპიტულაცია. ბატონი ებრალიძის მისიაც იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი გარემო შექმნას, – წერს "შლიახ პერემოგი".