სექტემბრის მიწურულს მეტად უსიამო ხმა დაირხა, ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქრო-ვერცხლის მფლობელი, მსოფლიოს რეკორდსმენი კახი კახიაშვილი საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებას და უკვე ნოემბერშივე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძენთა სახელით გამოსვლას აპირებსო.
ნებისმიერი სპორტსმენის გაუცხოელება გულსატკენია, მაგრამ როდესაც საქმე დიდ ათლეტს ეხება, თანაც საკმაოდ ახალგაზრდას, მრავალი ტიტული ჯერაც რომ წინ აქვს, ყოველივე მძაფრად აღიქმება - ეს უკვე მეხის გავარდნაა, ტრაგედიაა.
მაშინ კახიმ და მისმა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავეს. გრიქუროვმა „პაემანი“ ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დაგვინიშნა და აი, გუშინ შევხვდით კიდეც ქვეყნის ძალოსანთა ნაკრების ხელმძღვანელს და კახიაშვილის გაბერძნების დადასტურება ან უარყოფა ვთხოვეთ.
„სამწუხაროდ, ეს სიმართლეა - გვითხრა ბატონმა ვანომ. - ამჟამად კახი საბერძნეთში, იქაურ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ერთი მხრივ, ბერძნები თვლიან, რომ ასეთი დიდი სპორტსმენის გვერდით ვარჯიში მათ გუნდს დიდად წაადგება, მეორე მხრივ, ყველა ღონეს ხმარობენ კახიაშვილისთვის ამ ქვეყნის მოქალაქეობის გასაფორმებლად. თუ ყველა ფორმალობა მოაგვარეს, გამორიცხული არ გახლავ, რომ კახი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნების სახელით გამოვიდეს.
ქართველი ათლეტის ასეთი ნაბიჯი სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა, რომელთაგან მთავარი პირობებია. ჩემი მხრივ, საწვრთნელ პირობებზე გეტყვით: თუ კახიაშვილის ბოლო წლის შედეგებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ბარსელონის ტრიუმფალური ოლიმპიადის შემდეგ მისი შედეგები დაღმა მიდიოდა.
რომელ ფორმის შენარჩუნებაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ქვეყნის ნაკრებს შტანგა არა აქვს. არსებობს მხოლოდ ერთი კომპლექტი, რომელთან მისასვლელადაც ვარჯიშებზე რიგი გვიდგას. გასულმა ორმა ზამთარმა, სიცივეში ვარჯიშმა ოლიმპიურ ჩემპიონს თავისი დაღი დააჩნია. ბოლოს მას უკვე სახსრები სტკიოდა. იყო შემთხვევები, როდესაც კახის ორ-სამ გრადუსში სიმძიმეების აწევისგან კუნთები უწყდებოდა.
ჩემი აზრით, კიდევ ერთი ზამთარიც და კახიაშვილს სპორტის მიტოვება მოუწევდა. ჩემთვის ძალიან მძიმეა იმასთან შეგუება, რომ ბიჭს, რომელსაც ცამეტი წლის მანძილზე თან ვსდევდი, ახლა სხვათა გუნდში ვიხილავ, შეჯიბრებაზე ვეღარ მივეკარები და მაყურებლობას დავჯერდები.
საშინლად გამიძნელდა დავთანხმებულიყავი მის ასეთ ნაბიჯს, მაგრამ მაინც ის მიჯობს, რომ ჩემმა შვილივით გაზრდილმა სპორტსმენმა უცხოეთში თავისი ნიჭი სრულად გამოავლინოს, ვიდრე შინ დაავადდეს, სპორტს მოშორდეს და მისი შეხედვა გულსაკლავი გამიხდეს.“