შალვა რამიშვილი გაათავისუფლეს

შალვა რამიშვილი გაათავისუფლეს

ოთხწლიანი პატიმრობის ვადა შალვა რამიშვილს გასულ კვირას ამოეწურა. შალვა რამიშვილმა ციხიდან გამოსვლიდან დღემდე თავისი გეგმები ამომწურავად გააცნო ქართველ საზოგადოებას, ამიტომ შევეცადეთ ყოფილ ტუსაღთან შედარებით თავისუფალ და "ფილოსოფიურ" საკითხებზე გველაპარაკა.

შალვა, ამბობენ, ციხე ქურდებისააო და მართლა ასეა?

- ციხე არის იმ ადამიანებისა, ვინც იქ სხედან. ეს არის მიკროსამყარო, რომელიც უნდა  შეიქმნა. ციხე გამოცდაა. როდესაც ამქვეყნიურ სიამოვნებებს უეცრად გიჭრიან, თავთან მარტო რჩები; საკუთარ სულში მიძვრები, რომ იპოვო ის რაღაც, რაც იქ გაგაძლებინებს. ზოგისთვის ეს ღვთის რწმენაა, ზოგისთვის პრინციპების ერთგულება, მაგრამ მთავარია, ის შენში აღმოაჩინო. ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მერე გავიწყდება თავისუფლება და გგონია, სულ ციხეში ზიხარ. მეგონა, ბავშვობიდან იქ ვიჯექი.

რა იყო ის მთავარი სიამოვნება, რაც ციხეში შემოგაკლდათ?

- ჰიგიენურ კომფორტსა და ნორმალურ საკვებზე არაფერს ვიტყვი. ამბიციური კაცი ვარ და ტელევიზიაში რომ ვმუშაობდი, ყურადღებას, პატივისცემას ვგრძნობდი ხალხისაგან. ციხეში ყველაფერი ეს ნიველირებულია. მეც ისეთივე ჩვეულებრივი პატიმარი ვიყავი, როგორიც სხვა. ყოველ დილით გაღვიძება, კედლისკენ შეტრიალება, ხელების უკან წაღება და ა.შ., ძნელი ასატანი იყო ჩემთვის.  მტანჯავდა ის, რომ არ გამოვირჩეოდი სხვა პატიმრებისგან. მერე საკუთარ თავს ვუთხარი, შალვა, მთელი ცხოვრება შემოქმედებით პროვოკაციას ეწეოდი, ვიღაცას იწვევდი, მე ასეთი აზრები მაქვს, ამას ასეთი მძაფრი ფორმებით გამოვხატავ და თუ მაგრები ხართ, პასუხი გამეცით-მეთქი. განგებამ ისმინა ჩემი ძახილი და განსაცდელიც მომივლინა, - ციხეში ჩამაგდო. თუ ასეთი მაგარი ხარ, მოდი და გაუძელი ამას და იმასაც ვნახავ, მაქედან გამოსული ისევ მასეთი იქნები თუ არაო. ეს კონცეფცია რომ გავიაზრე, დავმშვიდდი და მივხვდი, რომ ამბიცია გვერდით უნდა გადამედო. ამის შემდეგ გაადვილდა ყველაფერი და ნამდვილი ციხის ცხოვრება დაიწყო.

შალვა, დიდი ცინიკოსი იყავით, ეს პირადად მაქვს გამოცდილი. შეიცვალეთ?

- დაგიშავეთ რამე? არ მახსოვს...

მაშინ თქვენთვის სრულიად უცნობი ვიყავი. უზენაეს სასამართლLოში ერთ დარბაზში მოვხვდით. შესვენება გამოცხადდა. ძალიან ცხელოდა და  "კვირის პალიტრის" იურისტი, რომელიც პროცესზე მახლდა, ლუდით გამიმასპინძლდა. თქვენ შემოხვედით და ჩემ გვერდით დაჯექით. უცბად მეუბნებით, ვერ ვიტან ლუდის სუნით აყროლებულ ქალებს, თანაც, მერე ლუდის სმისგან სუქდებიანო. რაღა დაგიმალოთ და ღიპიან კაცებზე არც მე ვგიჟდები, მაგრამ არასოდეს მივცემ თავს უფლებას, ამის გამო ვინმე შეურაცხვყო...

- შევიცვალე თუ არა? იცით,  ისევ ვერ ვიტან მსუქან და ლუდის მსმელ ქალებს, მაგრად უნდა ჩაგერტყათ ის ლუდის ბოთლი თავში და მეორედ ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. სიმართლე ის არის, რომ ამ ყველაფერს კომპლექსი განაპირობებს. მე გამორჩეული მინდა ვიყო და ეს კომპლექსი მაიძულებს ეპატაჟსა და პროვოკაციებზე წა\ვიდე. სინამდვილეში არა ხარ დარწმუნებული, რომ მაგარი ხარ. ამიტომ უჩიჩხინებ აბსოლუტურად უცნობ, სრულიად უწყინარ ადამიანებს. დღეიდან ასეთ რამეებს აღარ გავაკეთებ. გეთანხმებით, ეს ნაკლი მქონდა. ბევრი გამინაწყენებია ტყუილად. მაპატიებდნენ ხოლმე, ვიცი, რის გამოც. ეს იყო ერთგვარი ავანსი. ბევრს შეიძლება გული ვატკინე, შეიძლება უმართებულოდ მოვიქეცი. ადამიანი ვარ და ვაღიარებ, ვცდებოდი, მაგრამ საკუთარ თავზე პასუხს მაინც არ ვაგებ, შეიძლება ისევ წამომცდეს რამე...

არც წიგნების პატივისმცემელი იყავით მაინცდამაინც. ციხის მერე მაინც თუ დაიმსახურა წიგნმა თქვენი პატივისცემა?

- სასჯელს მეექვსე საპყრობილეში ვიხდიდი, სადაც არც რადიო იყო, არც ტელევიზორი, არაფერი, წიგნის გარდა. იქ წავიკითხე რუსული, ფრანგული კლასიკა, ფილოსოფიური წიგნები. წიგნი რომ არ მეკითხა, დეპრესია მემუქრებოდა. ახლა ვიცი, რომ შეიძლება ბევრი ფული იშოვო, პოპულარულიც გახდე, მაგრამ თუ გინდა,  შენს თავში  იპოვო ჭეშმარიტება, წიგნი აუცილებელია. გენიოსებთან სალაპარაკოდაც აუცილებელია წიგნი. გენიოსები ყოველდღიური საუბრისას შეიძლება არც აფრქვევდნენ სიბრძნეს. მათი ნაწარმოებები დიდი ფიქრის შედეგია და როცა ამის შედეგს ვიღებდი, ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ჩემი აზრით, ადამიანს სიკვდილის წინ მხოლოდ ის გაახსენდება, რა ურთიერთობა ჰქონდა სხვებთან.

მე ოთხი წელი ვისაუბრე გენიოსებთან და ბედნიერი ვარ, რომ საუბარი შედგა.

აბა, რა გაქვთ სასაყვედურო მიხეილ სააკაშვილთან, ერთბაშად ამდენი სიკეთე სხვას ვის გაუკეთებია თქვენთვის?

- ალბათ, მართალი ხართ. "კოხორასი" არ იყოს, მადლობა პატრულს და სააკაშვილს!

ციხეში რადიო რატომ ვერ გახსენით?

- ახალაიას ვუთხარი, მეექვსე საპყრობილეში, სადაც არაფერი იყო და ადამიანები სიჩუმისაგან იტანჯებოდნენ, გავაკეთოთ რადიოქსელი და მე წამყვანი ვიქნები-მეთქი. თავიდან იდეა მოეწონა, მაგრამ მერე იფიქრა, ეს კაცი ციხეში ტლიკინისთვის ჩავსვით და აქაც თუ იგივე გაიმეორა, რაღა გამოდისო და დაიკარგნენ.

რაღაცებს აუცილებლად გავაფუჭებ. ეს შეეხება მედიასფეროსაც, საზოგადოებრივ საქმიანობასაც, პატიმართა უფლებების დაცვას, მოვაწყობ მედიაპროვოკაციებსა და მენტალურ რევოლუციას. იმედგაცრუება უნდა დავამარცხოთ.

როგორ?

- ადამიანის განწყობა ცვლადია, უნდა შევაჯანჯღაროთ საზოგადოება. ჩვენს ახლანდელ საუბარს უამრავი მოქალაქე წაიკითხავს. გგონიათ, თქვენი პუბლიკაციები არაფერს ნიშნავს? ძალიან ბევრს ნიშნავს! დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანები არც ისე ცოტანი არიან ამ ქვეყანაში.  ჩვენი პრეზიდენტი ისე გვართმევს ღირსებას, ძალაუნებურად ყველა თავისუფლად მოაზროვნე შეკავშირდება. მინდა მათი პარტნიორი და თანამოაზრე გავხდე, რომლებიც 2, 10 და თუნდაც 30 ვერცხლად არ გაყიდიან იმ კაიფს, რასაც თავისუფლად მოქმედება ჰქვია.

ამისთვის რომ შეგაბრუნონ ციხეში?

- არა მარტო ციხეში, საიქიოშიც შეიძლება გამამწესონ... იცი, რა? ახლა რომ მითხრან, ხათუნა პაიჭაძეს ინტერვიუ არ მისცე, თორემ 9 დღე კაპეზეში ჩაგსვამთო, არ დავთანხმდები. ჯანდაბას, ჩავჯდები 9 დღე და ამ სიამოვნებას არ მოვიკლებ. თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების სიყვარულს ვერც საიქიოს შიშით დავთმობ. ჩემი პირადი ცხოვრება კი ჩემი ჟურნალისტიკაა.

ციხე, ალბათ, სტერეოტიპების მსხვრევის ადგილიც არის. თქვენ რომელი სტერეოტიპი დაგენგრათ?

- დიახ, მქონდა სტერეოტიპი კრიმინალურ სამყაროზე. ვფიქრობდი, ეგენი არ იცავენ სისხლის სამართლის კოდექსს და მათთან მეგობრობა არ შეიძლება-მეთქი. ახლა კი ადამიანთან ურთიერთობას ვერ ავაწყობ იმის მიხედვით, არღვევს თუ არა სისხლის სამართლის კოდექსს. ეს შეიძლება არაპოპულარული განცხადება იყოს და კარიერაშიც ხელი შემიშალოს, მაგრამ ასე ვფიქრობ და რა ვქნა? მე ციხეში მეგობრები შევიძინე.

ციხეში უდანაშაულო ხალხიც ზის და  მათ გულისხმობთ?

- მხოლოდ უდანაშაულო ხალხი არ ზის. ციხეში ზის ხალხი, რომელსაც 30 წელი ქურდობისთვის აქვს მისჯილი, მხოლოდ იმიტომ, რომ სასჯელები შეუკრიბეს. კაცი არ მოუკლავთ და 30 წელი აქვთ მისჯილი. 500-ზე მეტ პატიმარს არა აქვს საწოლი. ციხეში ყველა ჯურის ხალხი ზის და ზოგიერთი ჩემი მეგობარი გახდა.

ვინ არის ეს ხალხი?

- ვერ გეტყვით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათ არ უნდათ. გული მწყდება, რომ ვერ დავემშვიდობე. დილის 8 საათზე ციხის თანამშრომლები შემომიცვივდნენ და კინწისკვრით გამომაგდეს. გაწევ-გამოწევა და ჩხუბიც იყო. ამიტომ მეგობრებს ვერ დავემშვიდობე. დაკეტილი იყო დაწესებულება და ხომ ვერ ჩამოვივლიდი 30 საკანს? ვფიქრობდი, დილით ავდგები, დავემშვიდობები ჩემს მეგობრებს როგორც წესია-მეთქი, მაგრამ ვინ გაცალა? ორი დღით ადრე მითხრა დაწესებულების დირექტორმა, პირველ საათზე გაგიშვებო. ჟურნალისტებიც ამ დროისთვის იყვნენ დაბარებული. ციხის დირექტორმა კი ორი დღით ვერ შეინახა თავისი სიტყვა.

პოლიტიკოსებს უკვე შეხვდით?

- პოლიტიკოსებთან შეხვედრა ბევრს არაფერს შეცვლის.  რა გაინტერესებთ, პარტიაში თუ ვაპირებ გაწევრებას? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გადადგება და მე დამითმობს თავის პოსტს!.. ვხუმრობ...

ყველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალია. თქვენი აზრით, ოპოზიციამ ფხა ვერ გამოიჩინა?

- ოპოზიციამ რა გამოიჩინა და რა არა, ამას ყველანი ვხედავთ. რევოლუციის ფუჭი მოლოდინი გააჩინეს, ფუჭი მოლოდინი რომ არ გაეჩინათ, არც იმედგაცრუება იქნებოდა. რევოლუციას ასეთი ადამიანები ვერ მოაწყობენ.

მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი მოაწყობდა რევოლუციას...