მიგრანტების შესაჩერებლად, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე 5,5-მეტრიანი ღობის მშენებლობა დაიწყო
ქვეყანაში მიგრანტების უკანონოდ შესვლის პრევენციისთვის, პოლონეთმა ბელარუსთან სასაზღვრო ღობის მშენებლობა დაიწყო. ვარშავა ღობის ასაშენებლად €350 მილიონს გადაიხდის, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს.
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ღობის სიმაღლე 5,5 მეტრი იქნება და ის 186 კილომეტრის სიგრძის სასაზღვრო ხაზზე განთავსდება. ჯამში, პოლონეთი და ბელარუსი 418-კილომეტრიან საზღვარს იყოფენ.
ოფიციალური ვარშავა არ ასახელებს ზუსტ ადგილმდებარეობას, სად განათავსებენ ღობეს.
„ბელარუსის სამსახურები მხოლოდ იმას ელიან, როდის გამოგზავნიან მიგრანტების ახალ ჯგუფს. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, ზუსტ ადგილმდებარეობას არ ვასახელებთ“, - განაცხადა სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა.
ახალი ღობე კამერებითა და მოძრაობის დეტექტორებით იქნება აღჭურვილი. მისი მშენებლობა, სავარაუდოდ, ივნისში დასრულდება.
პოლონეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე ამ დროისთვის არსებული ძველი, მავთულისგან დამზადებული ღობე მრავალი არალეგალი მიგრანტის შესვლის შეკავებაში დაეხმარათ.