რატომ დააკავა პარიზის პოლიციამ თენგიზ სუხიშვილი?

რატომ დააკავა პარიზის პოლიციამ თენგიზ სუხიშვილი?

თენგიზ სუხიშვილს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კარგად იცნობენ. ლეგენდარული ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ერთადერთი ვაჟი ყმაწვილკაცობისას დიდი ჩხუბისთავი და თავზეხელაღებული ვინმე ყოფილა. თბილისს თავი დავანებოთ, პარიზის პოლიციაშიც აღმოჩენილა ხელებზე ბორკილდადებული. დღეს თენგიზ სუხიშვილი 65 წლისაა და სუხიშვილის სახელობის ქართულ ნაციონალურ ბალეტს უდგას სათავეში. მან შეასრულა მამის ანდერძი - ისე გააკეთე, ჩვენი გვარი აფიშიდან არ ჩამოვიდესო.

ბატონო თენგიზ, თქვენზე ამბობენ, თავზეხელაღებული ჩხუბისთავი იყო, მშობლებს პოლიციის ხან რომელი რაიონის განყოფილებიდან გამოჰყავდათ, ხან - რომლიდანო.

- ცოტას შეიძლება აზვიადებენ, თუმცა არც მთლად ტყუილია, ახალგაზრდები ვიყავით, სისხლი გვიდუღდა, კარგი წესები იყო, დაუწერელი კანონები არსებობდა, რომლის დარღვევას არავის აპატიებდნენ. განსაკუთრებით, გოგონებთან მიმართებაში. ჩემს დროს გოგონები და ვაჟები ცალ-ცალკე ვსწავლობდით, მეათე კლასში ვიყავით, გოგონებიც რომ შემოგვიერთეს, ეს, იცით, რა იყო? მახსოვს, როგორ შეგვკრიბეს უფროსკლასელები და გვითხრეს, ხვალიდან კლასში გოგონებთან ერთად იქნებით და აბა, თქვენ იცითო. დავტრიალდით ბიჭები. კედლებზე წარწერები ჩამოვრეცხეთ, ყველაფერი გავასუფთავეთ, ახლაც გუშინდელივით მახსოვს ის განწყობა, რა მოუთმენლად ველოდით გოგონების მოსვლას.

რა ამის პასუხია და თქვენზე ამბობენ, ცეკვის გაყოლას სულაც არ აპირებდა, ესეც მისი მშობლების სურვილი იყოო.

- არც ეგაა მთლად მართალი. ბავშვობიდან ვცეკვავდი. 14 წლის ვიყავი, ბუქარესტის ფესტივალის ლაურეატი რომ გავხდი ანსამბლთან ერთად. თუმცა ექიმობა უფრო მინდოდა, ქირურგია მაინტერესებდა. მერე დიპლომატიურზე ჩაბარება მოვინდომე მოსკოვში, მაგრამ მამამ მითხრა, შენ რომ მოსკოვში წახვიდე, ეს ნიშნავს, ცეკვას მოსწყდე, ერთადერთი შვილი ხარ, ნიჭი გაქვს და მინდა, ეს საქმე გააგრძელო, ამიტომ რაიმე ისეთ ფაკულტეტზე შედი, რომ უმაღლესი განათლება გქონდეს, აქეთ ხელი არ შეგეშალოსო. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი დავამთავრე - „ბოჭკოვანი ქსოვილების ტექნოლოგია“, მაგრამ სპეციალობით არც ერთი წუთი არ მიმუშავია.

როგორც ვიცი, კომუნისტურ პერიოდში კაპიტალისტურ ქვეყნებში გასტროლებით თქვენი ანსამბლივით ბევრი ვერ დაიტრაბახებდა...

- მოისეევის ანსამბლსაც უშვებდნენ. თავიდან ეს ორი კოლექტივი გადიოდა, მერე „ბერიოზკა“, ციმბირის ცეკვის ანსამბლი და კიევის ანსამბლიც გაუშვეს. ისე, სტალინის სიკვდილის შემდეგ კარგა ხანს არ გვიშვებდნენ საზღვარგარეთ.

რატომ?

- ქართველები რომ ვიყავით. სტალინი ქართველი იყო, ბერია... თუ არ ვცდები, ერთხელ მოსკოვში გვქონდა კონცერტები. მოვიდნენ ფრანგი იმპრესარიოები და ანსამბლი პარიზში დაპატიჟეს. მამამ უთხრა, მე ამას ვერ გადავწყვეტო. მივიდნენ კულტურის განყოფილებაში. იქ უთხრეს, ძალიან დაკავებულები არიან, ვერ გამოვუშვებთო. ამ იმპრესარიოებიდან ერთი ფრანგი კომუნისტი ყოფილა, პირდაპირ ცეკაში შესულა და ამის შემდეგ გაგვიშვეს. ერთი თვე ვიყავით პარიზში. ამის შემდეგ გავედით და გავედით. ყველა კონტინენტზე, თითქმის ყველა ქვეყანაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი.

ახლა ის მომიყევით, პარიზში პირველი ჩასვლისთანავე რომ მუშტი-კრივზე გადახვედით. რა არ მოგეწონათ? რატომ ატეხეთ ჩხუბი?

- ჩემს ადგილზე ყველა ქართველი მამაკაცი ისევე მოიქცეოდა. არაბების უბანში, კაფეში ვვახშმობდით მე და კიდევ ერთი მოცეკვავე, ჩემი მეგობარი ბიჭი და ორი მოცეკვავე გოგონა, გოგონები მაღალ სკამებზე ისხდნენ. ორი არაბი შემოვიდა, ჩაუარეს ჩვენს გოგონებს და უკან მოუსვეს ხელი. მე ეს დავინახე და როგორ ფიქრობთ, თვალები უნდა დამეხუჭა? წამოვხტით ორივე, ვეცით ამ არაბებს და დავცხეთ. მოვარდა პოლიცია, დაგვადეს ბორკილები ოთხივეს და წაგვიყვანეს. იქ გაირკვა, ვინც ვიყავით. დაურეკეს მამაჩემს. მახსოვს, როგორ შემოვარდა, შე შობელძაღლო, ეგღა მაკლდა, საფრანგეთის მილიციაშიც ვყარო ფულები შენს გამოსაშვებად, საქართველოს მილიცია არ მეყოფოდაო? იმან გადაგვარჩინა, რომ ის არაბები არაერთხელ ყოფილან შემჩნეული ასეთ საქმეებში და პოლიციასაც გაფრთხილებულები ბევრჯერ ჰყოლია.

20-25 წლის ბიჭები ვიყავით. უცხო ქვეყანაში ჩავდიოდით, სადაც სიცოცხლე დუღდა, ოთახში შეკეტილებს რა გაგვაძლებინებდა? სასტუმროში რომ დავბინავდებოდით, პირველ რიგში „ჩორნი ხოდებს“ ვეძებდით, როგორ შეიძლებოდა ჩუმად გაძრომა. სახანძრო კიბეებით ვიპარებოდით, რაღაცა სარდაფებში გვიძრომიალია. ჯგუფზე მომაგრებული ჩეკისტი ამ დროს სასტუმროს ვესტიბიულში იჯდა და იწერდა, ვინ რა დროს გავიდოდა და შემოვიდოდა.

უმცროსი ილიკო სუხიშვილის ახალ ცეკვებზე რას იტყვით, თვლით, რომ აგრძელებს ტრადიციას?

- თამამად ვიტყვი - კი! საერთოდ, სიახლე, განახლება, ახალი სისხლის გადასხმა ყველანაირი ხელოვნებისთვის აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, ეს ხელოვნება ერთ ადგილზე გაიყინება და მოკვდება. თქვენ იცით, რომ როცა მამამ ეს ანსამბლი შექმნა, სიახლეების გამო - რაღაცა სხვანაირად ცეკვავენო - დახურვას უპირებდნენ? გააფრთხილეს მამა, ვიღაცას მთავრობაში შენი სიახლეები არ მოეწონა და ანსამბლის დახურვას აპირებს, სადმე გასტროლებზე წადი სასწრაფოდო. მართლაც, 6 თვით წავიდნენ რუსეთში. უკან რომ დაბრუნდნენ, მთავრობაშიც ცვლილებები მომხდარი იყო უკვე და გადარჩა ანსამბლი.

წეღან მესმოდა, ვიღაცას ინგლისურად ესაუბრებოდით. უცხო ენას ბავშვობიდანვე სწავლობდით?

- ინგლისური კარგად არ ვიცი, ისე რა, ვახერხებ. ფრანგულს კი ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ, 6 წლის ვიყავი, მასწავლებელი სახლში დადიოდა ყოველდღე. ამასთან დაკავშირებით, ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა, ჩვენი ოჯახი ძველ თბილისურ ეზოში ცხოვრობდა, გრძელი აივანი ჰქონდა სახლს, რვა ოჯახი ვცხოვრობდით სართულზე, საერთო საპირფარეშო აივნის ბოლოს იყო. მოვიდოდა ჩემი ფრანგულის მასწავლებელი და ხელად საპირფარეშოში შესვლა მოუნდებოდა. ერთ დღესაც მოვიდა, წავიდა თუ არა საპირფარეშოსკენ, ჩუმად უკან გავყევი და კარები გარედან გადავუკეტე. გავიქეცი ბავშვებთან სათამაშოდ. სანამ სხვა მეზობელსაც არ მოუნდა საპირფარეშოში წასვლა და იმან არ გააღო კარი, იჯდა შიგ ჩემი მასწავლებელი. რამდენიც არ უნდა ეყვირა და ეკაკუნებინა, ვერავის გააგებინებდა, თუ ახლოს არავინ იყო, სულ ჟრიამული და ხმაური იყო ეზოში. ორჯერ გამივიდა, მერე დედას უთხრა და შავი დღე მაყარეს.

ოჯახი როგორ შექმენით, ქალბატონი ინგა სად გაიცანით?

- ბათუმში. იქ მამასთან ერთად იყო. შევხედე და მომეწონა, მაგრამ არაფერი მითქვამს, რამდენიმე დღეში სამხრეთ ამერიკაში წავედი სამთვენახევრით. იქიდან რომ ჩამოვედი, ვხედავ, ეს გოგო ანსამბლში, რეპეტიციაზეა. თურმე, დედასაც მოსწონებია და უთქვამს, წამოდი, ცეკვას გასწავლიო. სამი წლის შემდეგ დავქორწინდით. 25 წლის ვიყავი, ინგა 21-ის იყო.

მგონი, მისი მშობლები წინააღმდეგნი ყოფილან.

- დიახ, მე მაშინ ცოტა ხულიგანი ბიჭის სახელი მქონდა და... ერთხელ მე და თენგიზ კიტოვანი შუაღამისას მივადექით ამის გამო ჩემს სიმამრს სახლში. მთვრალები ვიყავით, რას ჰქვია, ქალს არ მატან, თუ მინდა, ახლავე წავიყვან-მეთქი. მერე ყველაფერი ნორმალურად მოხდა. გამომატანდნენ, აბა რას იზამდნენ, ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მანამდე ერთი საინტერესო რამ მოხდა, თენგიზ კიტოვანს ინგა ძალიან მოეწონა და სისხლით დამაწერინა ხელწერილი, ინგა ძალიან კარგი გოგოა, შენ დღეს ერთი გინდა, ხვალ - მეორე და ზეგ - მესამე, ასე აღარ გამოვა, ხელწერილი დაწერე, რომ ინგა ცოლად მოგყავსო. ხელი გადამისერა, ახლაც მეტყობა ნაიარევი. პიკასოს რეპროდუქციების წიგნი იყო, იმაზე სისხლით მაქვს დაწერილი, რომ ინგა ცოლად მინდა და მე და კიტოვანი ვაწერთ ხელს. ჩემს სიდედრს ახლაც აქვს სადღაც ეს შენახული.

ოჯახში როგორი ხართ, ბატონო თენგიზ?

- ალბათ, ნორმალური. ძალიან უკონფლიქტო ვარ. პატარა შვილიშვილი გვყავს, ილიკოს გოგო, 7 წლის დარია და იმან გადამიყვანა ჭკუიდან, ოჯახში მთავარი წევრია.

დარიას თუ აქვს ცეკვის მონაცემები?

- აქვს. თითქმის სულ კულისებშია და რასაც ხედავს, იმეორებს. ჯერ პატარაა, გაისად კი უკვე სწავლასაც დავაწყებინებთ. თქვენ იცით, ილიკოს პირად ცხოვრებაში მაინცდამაინც არ გაუმართლა, არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა, გვანცა, შვილივით მიყვარდა. მკვლელს 28 წელი მიუსაჯეს, მაგრამ მე რა ამით, გოგოს ვერ გამიცოცხლებს. ილიკო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, 30 წლის არის, იქნებ კიდევ ეყოლოს შვილები, ვაჟი, რომელიც ამ ტრადიციას გააგრძელებს. მართალია, ამაზე ჩვენ არც ვსაუბრობთ, თუმცა სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს.

წეღან თენგიზ კიტოვანი ახსენეთ, თქვენი ბავშვობის მეგობარი ყოფილა. თქვენ რამდენად ერევით პოლიტიკაში?

- არანაირად, საერთოდ შორს ვარ პოლიტიკისგან. არაერთხელ მქონდა შემოთავაზება, გორის რაიონიდან მეყარა კენჭი დეპუტატობაზე, მაგრამ უარი ვთქვი, იქ ხომ მე ვერაფერს გავაკეთებ და ისე ვიჯდე? რად მინდა? ჩემი პოლიტიკაა - ყველამ თავისი საქმე აკეთოს.