ცნობილი ადამიანებისთვის ავტოგრაფების დარიგება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საინტერესოა, თავად თუ სთხოვენ ვინმეს ავტოგრაფს? როგორც აღმოჩნდა, მსგავსი გამოცდილება ჩვენს საყვარელ ვარსკვლავებს, მათ შორის, კიანუ რივზსაც აქვს.
მატრიცისა და ჯონ ვიკის ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ The Late Night Show-ში გულშემატკივრებს სხვა ვარსკვლავებთან შეხვედრის გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ავტოგრაფი ცხოვრებაში ორად ორი ადამიანისთვის — ჯგუფ Velvet Underground-ის ლუ რიდისა და კომიკოს ჯორჯ კარლინისთვის უთხოვია.
კიანუს თქმით, ლუ რიდს ავტოგრაფი მეგობრისთვის სთხოვა. ლუ რიდმა მას თხოვნა შეუსრულა და პატარა ფურცელზე საკუთარი სახელი და გვარი დაუწერია. კიანუსთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ჯორჯ კარლინისთვის ავტოგრაფის გამორთმევა აღმოჩნდა:
"კიდევ ერთი ავტოგრაფი ვითხოვე — ჯორჯ კარლინის. კი, მომცა ავტოგრაფი. ძალიან სასაცილო იყო. მგონი, რაღაც ასეთი ეწერა: 'ძვირფასო კიანუ, შეგეცი", — გაგვიმხილა კიანუმ.
როგორც ჩანს, მსახიობს ეგონა, რომ ერთადერთი იყო, ვისთვისაც კარლინს მსგავსი ავტოგრაფი მიუცია, თუმცა იმედი მალევე გაუცრუვდა:
"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის დაწერა, თუმცა შემდეგ ვიღაცას შევხვდი, ვინც მითხრა, რომ მასაც მსგავსი ავტოგრაფი მისცა! ამის მიუხედავად, მშვენიერია!", — აღიარა კიანუმ.
საინტერესოა, თავად კიანუ რას უწერს ავტოგრაფის სათხოვნელად მისულ ფანებს? ალბათ, იმას, რომ თითოეული ჩვენგანი აღმაფრთოვანებელია!