ქართული არმია 22 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეიარაღებული ძალების დღე პირად შემადგენლობას თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე მიულოცა:
„გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 22-ე წლისთავს. ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად ღირსეულად ემსახურებით საქართველოს. სამშობლო, ღირსება, ერთგულება - ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია. ქართული არმიისთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. თქვენ და თქვენმა თანამებრძოლებმა დაამტკიცეთ, რომ საქართველოს ღირსეული შვილები ხართ, რომლებიც აგრძელებთ ჩვენი წინაპრების გზას. არ არის ტყვია, რომელიც თქვენ შეგაჩერებთ, რადგან თქვენი ფესვები საქართველოშია, იმ ქვეყანაში, რომელსაც ბევრჯერ კლავდნენ და არ კვდებოდა. მე ამაყი ვარ, რომ მერგო პატივი, გემსახუროთ თქვენ, ვინც ჩვენს სამშობლოს იცავს. მიგულეთ თქვენს გვერდით რიგით ჯარისკაცად“.
თავდაცვის მინისტრმა, გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებულ ოფიცრებს უწყებრივი ჯილდოები გადასცეს.