დღევანდელი ჩვენი სტუმარი საქართველოდან ბევრჯერ გაასახლეს. გასასახლებელთა სიას პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი ასახელებს:
1. მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან რომ გავასახლო, ეჭვი მაქვს, ნობელის პრემიას სხვა ქვეყანას მოუტანს. განა გვაწყენს ნობელის პრემია?
2. ნინო ბურჯანაძეს ხანდახან ქუთაისში გავუშვებდი, იქაურობასაც რომ მიხედოს.
3. კახა ბენდუქიძეს ლევან ბერძენიშვილს ჩავუსახლებდი სახლში, ცოტა მაინც რომ შეგვეცვალა მისი იერსახე.
4. ვანო მერაბიშვილს საკუთარ სამინისტროში ჩავასახლებდი. დარწმუნებული ვარ, თუ პოლიცია მის ხელში არ დარჩება და სახელმწიფო სტრუქტურას გამოეყოფა, ფიქრისთვის დიდი დრო დასჭირდება, თუ რა ფუნქცია დაეკისრება მას და მის სამინისტროსაც.
5. გია ბარამიძე ამერიკაში ძალზე კარგად სწავლობდა, ამიტომ იქ გავუშვებდი.
6. ირაკლი ოქრუაშვილი სპეციფიკური თანამდებობის პირია. მას საქართველოს რომელიმე რეგიონში ჩავასახლებდი: ხან - ზუგდიდში, ხან - სამაჩაბლოში. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ძალა ჩანდეს, მაგრამ მისი გამოყენების შანსი არ გვქონდეს.
7. მაია ნადირაძეს საფრანგეთში გავასახლებდი. დახვეწილი ქალბატონი გახლავთ და იქაურ გარემოს ადვილად შეეგუება.
8. ელენე თევდორაძეს რუსეთში გავასახლებდი. რუსულენოვანი ქალბატონია და ჩვენი ინტერესების დასაცავად იქაც ივარგებდა.
9. კახა ლომაიას გავუშვებდი კახსა და ზაქათალაში. მას იქ საქმე კარგად გამოუვიდა და, ალბათ, იქ ყოფნა მოეწონება.
10. ზურაბ ჭიაბერაშვილს თბილისის მერის არჩევნებში ჩავასახლებდი. პირადად მე არჩეული ჭიაბერაშვილი მირჩევნია დანიშნულს.
11 .გოგა ხაინდრავას აფხაზეთის საქმეების მოსაგვარებლად აფხაზეთში ჩავასახლებდი.
12. გურამ აბსანძეს კახა ბენდუქიძესთან ერთად ჩემთან ჩავასახლებდი. არც მას აწყენდა წონის პრობლემის მოგვარება.
13. ედუარდ შევარდნაძეს არ უნდა წასვლა და რაღა მე გავუშვა. ვნახოთ, მემუარებში რას დაწერს და მერე შეიძლება სერიოზულად ძალიან შორსაც გავუშვათ.