თეატრალურ წრეებში სერიოზული უკმაყოფილებაა. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თავიდანვე სკანდალით დაიწყო. პროგრამით, ფესტივალის გახსნა 1 ივნისს იყო დაგეგმილი, მაგრამ „საჩუქარმა“ სტარტი გუშინ, 2 ივნისს აიღო.
მოულოდნელად, დათო საყვარელიძის სპექტაკლის პრემიერა (მოლიერის „ტარტიუფი“), რომელიც ისედაც პირველ ივნისს იგეგმებოდა, პროგრამიდან ამოვარდა. ფესტივალის დირექტორი ქეთი დოლიძე ამბობს, რომ ორში და არა პირველ ივნისს „საჩუქრის“ დაწყება მხოლოდ აუცილებლობით გამოწვეული ტექნიკური მანევრი იყო.
კულუარებში კი სულ სხვა ინფორმაცია ვრცელდება. საქმე ის გახლავთ, რომ საყვარელიძის სპექტაკლის სპონსორი კომპანია „მაგთი“ იყო. სკანდალის რეალური მიზეზი კი მუდმივი ქართული პრობლემა - არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის ერთგულებაა. გავრცელებული ინფორმაციით, „საჩუქარის“ ხელმძღვანელმა ვერ დაუშვა, რომ დარბაზში, ფესტივალის გახსნაზე მოპატიჟებული სამთავრობო სტუმრების გვერდით შეიძლებოდა „მაგთის“ რამდენიმე წარმომადგენელიც მჯდარიყო. საყვარელიძემ თავისი სპექტაკლის სპონსორების არდაპატიჟებაზე სამართლიანი უარი განაცხადა და „ტარტიუფის“ პრემიერა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში მაინც პირველ ივნისს გაიმართა.
ფესტივალის სკანდალური დასაწყისის გამო უკვე არა მხოლოდ თეატრალურ, არამედ სახელისუფლებო წრეებშიც სერიოზული უკმაყოფილებაა. ჩვენი ინფორმაციით კი, უფრო დეტალურად მოვლენები ასე განვითარდა: საყვარელიძის სპექტაკლით ფესტივალის გახსნა ამ უკანასკნელის ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა მან ეს წინადადება მიიღო. ამ შემთხვევაში „საჩუქარი“ ქართული სპექტაკლით გაიხსნებოდა, რადგან პროგრამით, 2 ივნისს დაგეგმილი იყო რუსული დასის (თეატრი სტანისლავსკის სახლთან) წარმოდგენა.
როცა საყვარელიძემ თავისი სპონსორებისთვის მოსაწვევები მოითხოვა, დოლიძე „მაგთის“ ხსენებამ შოკში ჩააგდო. საყვარელიძეს უთხრეს, რომ ფესტივალის გახსნას, მერიის მაღალჩინოსნებთან ერთად („საჩუქარს“ მერიაც აფინანსებს), ხელისუფლების კიდევ უფრო მაღალი ეშელონების წარმომადგენლობაც უნდა დასწრებოდა, მათი „მაგთის“ ხალხთან ერთად დარბაზში ჯდომა კი წარმოუდგენელი იყო.
საყვარელიძე არ მალავს, რომ ამ ინფორმაციის შემდეგ იგი მერიის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, რომელიც რეჟისორის ინფორმაციამ, რბილად რომ ვთქვათ, გააოცა. დღეს ყველა ქეთი დოლიძის ცვალებად პოლიტიკურ სიმპათიებზე საუბრობს. ერთ დროს ის ასლან აბაშიძის საბავშვო ოპერას საჯაროდ აქებდა და საწინააღმდეგო აზრის მქონე ოპონენტებთან კამათობდა. ერთ წელს „საჩუქარი“ ამ საბავშვო ოპერით („ტურანდოტი“) გაიხსნა, რაც სწორედ ქეთი დოლიძის ინიციატივა იყო.
რაც შეეხება საყვარელიძეს, შევარდნაძის რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტებიდან ერთერთი მისი ნათესავია - „ნაციონალ-დემოკრატი“ ზაზა შერეზადაშვილი საყვარელიძის სიძეა. თუმცა, ბუნებრივია, რეჟისორისთვის პოლიტიკურ სიმპათიებზე მაღლა საკუთარი შემოქმედება უნდა იდგეს. ის, ვინც „ტარტიუფის“ (სხვათა შორის, პიესა მლიქვნელებზეა) პრემიერას ესწრებოდა, „მაგთისთან“ დაკავშირებულ ვერც ერთ სახეს ვერ იხსენებს. პრემიერას კომპანიის ახალი ხელმძღვანელობა ესწრებოდა. ჩვენი ინფორმაციით კი, ჯოხთაბერიძე და მისი მეუღლე საკმაო ხანია ამერიკაში გაემგზავრნენ.
„საჩუქარი“ 15 ივნისს დასრულდება. დათო საყვარელიძის ახალი სპექტაკლის მორიგი ჩვენება კი 4 და 5 ივნისსაა დაგეგმილი.