სახელისუფლებო გუნდში, როგორც ჩანს, დიდი დაპირისპირებაა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლებას შემომწყრალი ბიზნესმენები ციხეში ან ემიგრაციაში გაიკრიფნენ, ნადირობა თავად გუნდში დაიწყო.
საქართველოში ბიზნესმენთა შევიწროების თაობაზე პირველი საჯარო განცხადება ფირმა "შირნჰოფერის" წარმომადგენლებმა გააკეთეს. "შირნჰოფერის" მფლობელს მაშინ ქვეყანაში საქმიანობის სანაცვლოდ 50-პროცენტიანი წილი მოსთხოვეს. გაოგნებულმა ავსტრიელმა ეს არ მოითმინა და საერთაშორისო სკანდალიც ატყდა. მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ავსტრიის კანცლერის წინაშე თავის მართლებაც მოუხდა, აქაოდა ამის შესახებ არაფერი ვიცოდიო. "შირნჰოფერმა", რომელიც ქვეყანაში 500-მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას, ღორებისა და ძროხების ფერმების აშენებას, ათასობით ქართველის დასაქმებას და მაღალი ხარისხის ძეხვეულის წარმოებას გეგმავდა, 500 მილიონი ყაზახეთში დააბანდა.
იმასაც თუ გავიხსენებთ, რამდენ ბიზნესმენს ახეხინებენ ციხეს, რამდენს ასმევენ ფინანსურ პოლიციაში ნახევარმილიონიან ყავას, რამდენს "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ქველმოქმედებას აიძულებენ, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა აშკარა გახდება. საიდუმლო აღარ არის, რომ ბიზნესმენების უმრავლესობამ კაპიტალი უცხოეთში გაიტანა. უცნაურია, ამ ამბავს პრეზიდენტი ქვეყანაში გამეფებულ ე.წ. ბიზნესტერორსა და წილების მოთხოვნას კი არა, ეკა ბესელიას, დავით გამყრელიძესა და კახა კუკავას რომ აბრალებს! როგორც ჩანს, არასახელისუფლებო გუნდის წევრმა ბიზნესმენებმა დიდი ხანია თავს უშველეს (ვინც ვერ გაასწრო, ციხეში ზის). ამჯერად ჯერი ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ბიზნესმენებზე მიდგა.
რამდენიმე დღის წინ დემურ მიქაძის ვაჟი და კიდევ ორი ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო ბიზნესმენი დააკავეს. მიქაძის ვაჟს ბრალად იარაღის უკანონო ტარება დასდეს, დანარჩენი ორი კი ნარკოტიკულ დანაშაულში "გამოიჭირეს". როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ ორი ბიზნესმენის სისხლში ნარკოტიკი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც გამომძიებელი მათ ცივი წვენით გაუმასპინძლდა. დაკავებულთა ოჯახის წევრებს ამ ამბის გახმაურება არ სურთ, მაგრამ ნაკვერცხლის თივაში დამალვა შეუძლებელია.
თემურ შაშიაშვილი: - ვერ გავამხელ მათ ვინაობას, მათ ოჯახებს ეშინიათ. დედას უტირებენ! ახლა ფულის საშოვნელად დარბიან, იქნებ როგორმე ბიჭები ციხიდან გამოიყვანონ. ისე, საინტერესოა, რით ვერ გაიგეს ამ ხელისუფლების დამფინანსებელმა ბიზნესმენებმა, რომ დღეს თუ ხვალ მათაც მიადგებიან? ის ბიზნესმენი, ვინც ხელისუფლების თამაშს თამაშობდა, განწირულია. ბევრს დაუდგა შავი დღე და ბევრსაც დღეს-ხვალ დაუდგება.
ვინ არიან დაკავებულები?
- ყოფილი მხედრიონელები, ეგრეთ წოდებულ ყაზახურ ბიზნესს შემოჰყვნენ საქართველოში. მაშინ ეგენი მე მაშინებდნენ, რა აღარ შემომითვალეს.
ვინ შემოგითვალათ?
- "ზარალა" იყო თუ სხვები, რა მნიშვნელობა აქვს? შევარდნაძის დროს მხედრიონელებს რომ შეუტიეს, უმრავლესობა ყაზახეთში წავიდა, მაღალ ეშელონებთან საერთო ენა გამონახა და "გამოიზამთრა". სააკაშვილის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ კი საქმიანობა ისევ საქართველოში დაიწყეს. მაშინ ვიწინასწარმეტყველე, ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც ამ ხელისუფლებას ეხმარებიან, შავი დღე დაადგება-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! ახლა ნარკოტიკსა და იარაღს უკვე თავისიანებს უდებენ. დემურ მიქაძის ვაჟს ჯერ იარაღი "აღმოუჩინეს" და მერე ნარკოტიკიც ჩაუდეს. სამართალდამცავ სტრუქტურებში რაიმეს ჭამა და დალევა ძალზე სახიფათოა. რაა გასაკვირი? ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ და ნარკოტიკსა და იარაღს კი არა, ატომურ ბომბს ჩაუდებენ ნებისმიერს. როცა "ზარალასა" და მის ჯგუფზე ვეუბნებოდი სააკაშვილს, რად გინდა ამ კომპრომეტირებულ მხედრიონელებს რომ იყენებ გვერდში-მეთქი, მაშინ მაგათზე პატიოსანი ბიზნესმენები არ დადიოდნენ დედამიწის ზურგზე და ახლა აღმოაჩინეს, რომ ნარკომანები და დამნაშავეები ყოფილან?
დღეს საქართველოში იარაღის ტარების უფლების მოპოვება პრობლემა არ არის. დემურ მიქაძის შვილს რომ იარაღის უკანონო ტარებაზე დაიჭერ, სასაცილოა. ცხადია, ეს დაკავშირებულია ხელისუფლებაში დაწყებულ ძალზე დიდ რღვევასთან. თუ სააკაშვილმა 2013 წლამდე ხელისუფლება შეინარჩუნა, ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო გუნდი დახოცავს ერთმანეთს. აბა, სხვა ამ ქვეყანაში დასაყაჩაღებელი და გასანადგურებელი აღარავინ დატოვეს. ახლა ომი გიგი უგულავასა და მერაბიშვილს შორის დაიწყო. ბაიდენის ვიზიტის დღეს მე და გიორგი ბარამიძე ერთად მოვხვდით რესტორანში. ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ჩამოვიდა საქართველოში და ეტყობა, ბარამიძისთვის არც დაურეკავთ... სხვათა შორის, ის ბიჭები ბარამიძის ახლობლებადაც მოიაზრებიან.
ხელისუფლებამ პოლიტიკის კრიმინალიზაცია მოახდინა. ბიზნესში, პარლამენტში დამნაშავეები დაამკვიდრა და ახლა როგორც უნდა, ისე ატყავებს და აწერს ფულს. აბა, ერთი რომელიმემ ხმა ამოიღოს! ხელისუფლებამ სპეციალურად მისცა ფულის შოვნის საშუალება ასეთ კომპრომეტირებულ ხალხს, რომ მერე ადვილი ყოფილიყო მათი დატერორება. პატიოსანი კაცის დატერორება ძალიან ძნელია. ამ ხელისუფლებას ისე ეშინია წესიერი ხალხის, რომ სპეციალურად ეძებენ კრიმინალებსა და კომპრომეტირებულებს.
დღეს ერთ-ერთი ქალაქის მერის შვილი ქურდობისთვის არის დაჭერილი, სოსო თოფურიძის (კუდის ხელმძღვანელი) შვილი მკვლელობის მცდელობისთვის იჯდა ციხეში და რამდენიმე თვის წინ შეიწყალეს. საინტერესოა, რატომ ჰყავს ასეთი ხალხი ხელისუფლებაში სააკაშვილს? თუ ამერიკას ვბაძავთ, ისიც გავიხსენოთ, რომ ბუშს ცხვირში ამოადინეს, შენმა ქალიშვილმა ბარში ლუდი დალიაო. ამ კითხვებზე პასუხი ერთია, - კომპრომეტირებული ბიზნესმენი და თანამდებობის პირი ადვილად სამართავი და მოსადრეკია!
ერთი სიტყვით, წინ დიდი ამბები გველის. საკითხავი ის არის, ვინ ვის შეჭამს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვერც ერთი ვერ გადარჩება!