(იბეჭდება შემოკლებით)
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ბავშვობიდანვე საკმაოდ აქტიური და დამოუკიდებელი ყოფილა. მასთან წარმატება საკმაოდ პატარა ასაკში მოვიდა და დღეს მას წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრება აქვს.
სოფო ნიჟარაძე: სერიოზული ბავშვი ვიყავი, იმიტომ, რომ სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებში დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. არ არსებობდა წრე, სადაც მე არ დავდიოდი, ერთი წამიც არ მქონდა თავისუფალი. ძალიან მორჩილი და დამყოლი ბავშვი ვიყავი, შესაბამისად, ეს არასდროს გამიპროტესტებია. ახლა ვეუბნები დედაჩემს, ბავშვობა არ მქონდა, ეზოში არ მიშვებდი-მეთქი. ის კი მეუბნება, რა არის ეს, ეზოს რომ მისტირი, რა გგონია ეს ეზო, მითხარი ერთი რა გაკლდაო. ფაქტობრივად, რომ დავფიქრდი, მართლაც არაფერი მაკლდა, „ბასტი-ბუბუდან” სულ გასტროლებზე დავდიოდი, ვმღეროდი, რაც მიყვარდა ყველაფერს ვაკეთებდი. მაგრამ ახლა ვფიქრობ, ნაკლებად მქონდა თავისუფალი დრო და ეს მაკლდა. მაგრამ, ის რასაც დედაჩემი აკეთებდა ძალიან სწორი იყო.
არ იპარებოდი ეზოში?
– არა. ერთხელ მახსოვს, ცუდად ვიყავი, ჩამეძინა, დედაჩემი შემოვიდა, მითხრა, როგორც ჩანს, არ გინდა მეცადინეობა და იტყუებიო. აღმოჩნდა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ სულ დავდიოდი გასტროლებზე, ბორჯომის ფესტივალზეც მიწევდა გამოსვლა, ჟიურის წევრიც ვიყავი. იმ დროს მეცხრე კლასში ვსწავლობდი და გამოცდები მეწყებოდა. დედაჩემი წიგნებით დამდევდა და მიკითხავდა. დღემდე დოიაშვილი, წურწუმია დასცინიან დედაჩემს, ბავშვს ეძინა და ის კი ხმამაღლა უკითხავდა – სიყვარულო, ძალსა შენსაო. არა მარტო ლექსებით მაღვიძებდა, არამედ სინუს კვადრატ ალფას პლუს კოსინუს კვადრატ ალფა, უდრის ერთს. ხომ ხედავ იმდენი მიკითხა, რომ პასუხი დღემდე კარგად მახსოვს. რომ ვეუბნებოდი, მძინავს და რატომ მიკითხავ-მეთქი, მპასუხობდა, ძილში ტვინი მაინც მუშაობს და მერე გახსენდება ყველაფერიო.
როდის მიხვდი, რომ დამოუკიდებელი ადამიანი იყავი?
– უფრო 15-16 წლის ასაკში გავხდი დამოუკიდებელი, როდესაც საცხოვრებლად გადავედი მოსკოვში, მივხვდი, რომ დამოუკიდებელი უნდა ვყოფილიყავი. ახალ სამყაროში გადასვლა, ჩემთვის იყო ყველაზე სერიოზული გამოცდა. ვერ ვიტყვი, რომ იქ მარტო ვცხოვრობდი, ხან ბებო ჩამოდიოდა, ხან – დედა, ვინ დამტოვებდა მარტოს, სულ კონტროლის ქვეშ ვიყავი. მაგრამ, წინ და უკან ხომ დავდიოდი, თეატრშიც ხომ ვერ გამომყვებოდნენ, შესაბამისად, ამ დროს გავხდი ძალიან დამოუკიდებელი.
ამ ხნის განმავლობაში ალბათ შეგხვდა წინააღმდეგობებიც და საერთოდ, როგორ რეაგირებ მათზე?
– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არ ვიცი რა არის დეპრესია. იმედგაცრუება მქონია, თანაც ძალიან ხშირად, რთული მომენტებიც, მიტირია კიდეც, მაგრამ დეპრესიაში არასდროს ვყოფილვარ. ჩემი იმედგაცრუებაც მაქსიმუმ ერთ დღეს გაგრძელებულა. არ არსებობს ისეთი რამ, რის გაკეთებასაც ადამიანი ვერ შეძლებს, მთავარი მაინც მონდომებაა, როდისმე მაინც მიაღწევ შედეგს. ამ ყველაფერს ალბათ მაშინ მივეჩვიე, როდესაც მარტო ვიყავი, დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებას და საკუთარ თავს ვაძლიერებდი. თანაც ისე ვიყავი დაკავებული, არ მიფიქრია იმაზე, რომ რაღაც ისე ვერ მიდის, როგორც მე მინდა-მეთქი. პირად ცხოვრებაში დეპრესია არასდროს მქონია, ყველაფერი ღმერთის ნებაა და უკეთესობისკენ მიდის. ძალიან დიდი განცდებიც მქონია, მაგრამ ახლა იმ განცდებს რომ ვიხსენებ, მეცინება, რა მანერვიულებდა-მეთქი.
როგორი გართობა გიყვარს?
– კლუბური ცხოვრება არ მიყვარს, უფრო კაფეებში, რესტორნებში მიყვარს შესვლა, გართობა. კლუბებშიც ხშირად ვყოფილვარ, ჩემი პროფესიის გამო, როდესაც გახსნაა, პრეზენტაცია, მეპატიჟებიან და მეც მივდივარ ხოლმე. დასვენება ძირითადად წყნარი მიყვარს, რელაქსაცია. იმდენად დატვირთული რეჟიმი მაქვს, აქტიურად რომ დავისვენო, ძალიან გადავიტვირთები.
როგორია შეყვარებული სოფო?
– ძალიან ხალისიანი და ოპტიმიზმით სავსეა, შესაბამისად, ამ ყველაფერს იმ ადამიანსაც ვუზიარებ და კარგ ხასიათზე ვაყენებ. მგონი, კომფორტული ადამიანი ვარ, ისიც კომფორტულია და მასთან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მთავარია, ვინც გიყვარს იმ ადამიანთან თავი დაძაბულად არ იგრძნო, მასთან ყველაფერზე ისაუბრო, გული გადაუშალო, იხალისო და იცინო. ერთმა ჩემმა ახლობელმა თქვა, იცი, როგორ უნდა შეამოწმო სიყვარული, როდესაც შეგიძლია საყვარელ ადამიანთან გულიანად გაიცინო, იყო ის ვინც ხარ, ეს არის ნამდვილი სიყვარულიო.
სიყვარულს არ სჭირდება მოფრთხილება?
– კი, როგორ არა, სიყვარულს ძალიან ბევრი ეტაპი აქვს. თავიდან არის სხვანაირი, მერე სხვანაირი, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლას კრიზისული მომენტები ახლავს. როდესაც გრძნობ რომ კრიზისია, უნდა გადახვიდე სხვანაირ ურთიერთობაზე, რაღაც უნდა შეცვალო, მერე უკვე სიყვარულს ინარჩუნებ და ეს გრძნობა დიდხანს გრძელდება. თავიდან ინტერესი გიჩნდება, რაღაცეები გასარკვევი გაქვს, მერე რომ გაერკვევი კი არ უნდა დანებდე, ზუსტად ამის მერე უნდა სიყვარულს მოფრთხილება, რომ გაგრძელდეს და მარადიული იყოს.