ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისტორიული ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნაფტალი ბენეტმა მოლაპარაკებები აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან გამართა.
„გზავნილი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებსა და მოქალაქეებს მინდა გადავცე არის ის, რომ ორმხრივი პარტნიორობა და მეგობრობა ბუნებრივია. ჩვენ მეზობლები და ბიძაშვილები ვართ - ჩვენ წინასწარმეტყველ აბრაამის შვილიშვილები ვართ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობა ძვირფასი საგანძურია მთელი რეგიონისთვის.
2020 წლის 15 სექტემბერს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.