უზენაეს საბჭოს, თავის დროზე, დისიდენტური მოძრაობისთვის შესაბამისი სტატუსი არ მიუნიჭებია. მაშინ არც საკანონმდებლო გარანტიები შექმნილა. სავარაუდოდ, გამსახურდიას ხელისუფლებამ 1990 წლის არჩევნები დისიდენტების გამარჯვებად მიიჩნია და ისტორიასაც წერტილი ამით დაესვა.
კომუნისტური რეჟიმის საშინელებები ახალი თაობის მეხსიერებაშიც თანდათან ფერმკრთალდება. რეპრესიები ახლა მხოლოდ კინოფილმებში თუ ცოცხლდება და ისიც წუთიერად.
დისიდენტებზე, პირველად, ისევ კომუნისტებმა „იზრუნეს“ - გორბაჩოვის ბრძანებულებამ მათ საკმაოდ ბევრი, მაგრამ უტოპიური პრივილეგია მიანიჭა. ამიტომაც დებულებების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ სრულდებოდა. საკანონმდებლო ვაკუუმის შევსებას საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი აპირებს.
„საქართველოში ნეობოლშევიზმის საფრთხე მუდმივად არსებობს, - მიაჩნია მიხეილ სააკაშვილს, - წარსულის აღორძინება ჯერ კიდევ შესაძლებელია: საბჭოთა სამართლებრივი სისტემა არსებობას ინარჩუნებს. და ეს სისტემა პოლიტიკურ დაკვეთას მიიღებს, პოლიტიკურ რეპრესიებს სიამოვნებით განახორციელებს. მართალია, ეს სისტემა დაჟანგებულია, მაგრამ სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტების პირობებში, მისი გაწმენდაც შეიძლება. ეს კანონი პირველი პოლიტიკური დეკლარაციაა, რომელიც ამორალური წარსულისკენ დაბრუნებას არ გვირჩევს.“
აღნიშნული კანონი გორბაჩოვისეული ხელგაშლილობით ვერ დაიკვეხნის. მიხეილ სააკაშვილის განმარტება - 1999 წელს უფრო ფართო უფლებების კანონს შევქმნით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპი და დასაწყისია - რეპრესირებულთა უმეტესობისთვის დიდი ვერაფერი შვებაა. შექმნილ ვითარებას, ყველაზე რეალისტურად, საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე აღიქვამს. სხვა მსგავსი საზოგადოებების ხელმძღვანელები კი უკმაყოფილებას ვერ ფარავენ. მათ შორის, ბატონი მინდიას მოადგილეც.
კანონით, პიროვნებას რეპრესიის მსხვერპლის სტატუსს სასამართლო მიანიჭებს. კანონმდებლებმა შესაბამისი პროცედურა გაამარტივეს კიდეც. მიუხედავად ამისა, რეპრესირებულთა დიდი ნაწილი პარლამენტს არც ამ მექანიზმში ეთანხმება.
„ყველაფერი გაცილებით მარტივად უნდა იყოს, - განაცხადა რეპრესირებულთა საზოგადოების ხელმძღვანელმა, ჟღენტმა, - ჩვენი სიები „კაგებედან“ იუსტიციის სამინისტრომ გამოითხოვოს და შესაბამისი საბუთები დაგვირიგოს. ჩვენ მოხუცი ხალხი ვართ. ორი გაზაფხულიღა დაგვრჩენია და სასამართლოში სირბილი ზედმეტ ტვირთად მიგვაჩნია.“
მაგრამ უშიშროება სიების გამოაშკარავების წინააღმდეგია. აკადემიკოს მინდია სალუქვაძის განმარტებით, ძალოვანი სტრუქტურა არქივების დაწვას იმიზეზებს. არქივების ბედი მიხეილ სააკაშვილისთვისაც საკმაოდ ბუნდოვანია: ერთი მინისტრი აცხადებს, რომ არქივი გატანილია, მეორე თვლის, რომ არქივი ადგილზეა, სხვები კი გვიმტკიცებენ, დაიწვაო.
საქართველოს უშიშროება არქივების გამომჟღავნებაზე უარს ამბობს. სხვა ქვეყნებს კი ამის გაკეთების გამბედაობა ეყოთ. ქართველი ჩინოვნიკების ელიტა ჯერ კიდევ შეშინებული თვალებით იმზირება. მით უფრო მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის უშფოთველი ტონით ნათქვამ ფრაზას - ამ ეტაპამდე ჩვენ მაინც მივალთ - ისმენს.
ასე რომ, სააკაშვილი აგენტებისთვის საფრთხობელა გახდა. სავარაუდოა, რომ კომუნისტურ „კაგებეს“ თავისი აგენტურული ქსელი რეპრესირებულთა რიგებშიც ჰყავდა. ამ საკითხის კომენტარზე დღეს თავს იკავებენ. შესაძლოა, უშიშროების მხრიდან სიების დაფარვის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლავთ.
საკანონმდებლო ხელისუფლება, ჯერჯერობით, ვერც ლუსტრაციის კანონის მიღებას ბედავს. ასეთი ვითარება თითოეულს მძევლის როლში აყენებს. მიხეილ სააკაშვილის დაპირება - მომავალში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც არქივზე იმუშავებს - დაპირებად რჩება. შესაძლოა, ეს ტალღა მომავალი არჩევნებისთვის აგორდეს. სკანდალურად თუ არა, კულუარულ დონეზე მაინც. ეტყობა, საქართველოს ხელისუფლება აგენტებს ჯოკერს ეთამაშება და მათ თავისი ინტერესების შესაბამისად მართავს.