ცნობილი ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი უკვე ორი წელია, რაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით ზედმიწევნით და გადაჭარბებითაც კი ითვალისწინებს. ცდილობს, ქუჩაში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეს. ციხეში, სასამართლოში, დროებითი დაკავების იზოლატორში, ტაქსიში ერთჯერადი სამედიცინო ხალათი აცვია, სამი პირბადე და ფარი უკეთია. კარგად იცის, რომ პანდემიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა - საზოგადოების სრულად ვაქცინირებაა. ნანა ერთ- ერთი პირველი იყო, ვინც ვაქცინა გაიკეთა და ამ დრომდე, დაუღალავად სხვებსაც ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი:
- ამ დრომდე ყველა წესს ზედმიწევნით ვიცავ. უკვე ორი წელი ხდება, ზუსტად ასე შემოსილი დავდივარ. ერთჯერადი ხალათებით სიარული მას შემდეგ დავიწყე, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყანაში. ჩემთვის ახალი არ არის ის, რაც წერია რეგულაციების დაცვაში. ერთადერთი - ჩემს ყოველდღიურობას დაემატა პირბადე, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანი, ბახილები, თავსაბური და დამცავი ფარი.
ანტიბაქტერიული საშუალებების კრიზისის დროს ეს დეფიციტი არ მქონია, რადგან ისედაც ყოველთვის ვიმარაგებდი მათ და ყოველთვის სადარბაზოშივე ვიწყებდი დეზინფექციას. ფეხსაცმელს, ჩანთას მუდამ ანტიბაქტერიულით ხსნარით ვასუფთავებდი და შემდეგ აივანზე გასანიავებლად გამქონდა ტანსაცმელიც. მართლა ასე ხდებოდა კოვიდამდეც, ამიტომ ბევრს არ უკვირს, ახლა ასე რომ დავდივარ.
ზაფხულში შედარებით თხელი ხალათი მაცვია, 3 პირბადე მეკეთა ზაფხულშიც და ახლაც 3 მიკეთია, სამედიცინო ქუდიც მახურავს და ბახილებიც მაცვია. ასეთი კატეგორიული რეკომენდაციები არ არის, მაგრამ ეს საკუთარ თავს დავუწესე და არ მაწუხებს. ხშირად მეუბნებიან: „როგორ სუნთქავ, სათვალე არ გეორთქლება“? სპეციალურ საწმენს ვხმარობ და არ იორთქლება. რთულია პირბადეებით სიარული, მაგრამ ჩემთვის შემაწუხებელი არ არის. ბუნებრივია, დისკომფორტი არის იმ ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს კარგად ჩაცმა, აქვს საკუთარი სტილი და ხედავს, 2 წელია არაფერში დასჭირვებია თავისი ლამაზი ტანსაცმელი, მეც მომენატრა ნორმალურად გამოვიყურებოდე, მაგრამ ახლა იმდენად მნიშნელოვანია ეს სიფრთხილე, რომ ყველაფერს ვიცავ.
ხშირად მეუბნებიან, ასე გეშინიაო? შიში არ მაქვს, ეს უფრო სიფრთხილეა. შეიძლება შეცდომა მეც დავუშვა და მაინც დამემართოს კოვიდი, მაგრამ არ მინდა მქონდეს ის განცდა, ეს რომ გამეკეთებინა, იქნებ არ დამმართნოდა-მეთქი. რაც მთავარია, საკუთარი თავის გაფრთხილებით ვუფრთხილდები, პირველ რიგში, დედაჩემს და მერე ყველა სხვა ადამიანს, ვისთანაც მიწევს ურთიერთობა.
ამ ორი წლის განმავლობაში ჩემი სახლის კარი დაკეტილია ყველასთვის, მეც არსად დავდივარ სტუმრად. გაიხსნა კაფეები, რესტორნები, გაიხსნა თეატრი, რომელიც ძალიან მენატრება, რადგან პირველი პროფესიით თეატრმცოდნე ვარ, თუმცა, მაინც არსად დავდივარ...
3 საათში ერთხელ, ღია სივრცეში, სადაც არავინ არის, ხელების კარგად დამუშავებით, ვიცვლი პირბადეებს და ასე გრძელდება ყოველდღე...
რაც შეეხება აცრას, რასაკვირველია, ორჯერადად აცრილი ვარ, აუცილებლად გავიკეთებ „ბუსტერსაც“, რათა ვიყო სრულად დაცული. ისიც ვიცი, რომ აცრის მიუხედავად, შესაძლებელია ადამიანმა მაინც ვერ დააღწიო თავი ამ ვირუსს, მაგრამ შემდგომი გართულებები რომ არ გამოიწვიოს ამიტომ ავიცერი - მთავარი ხომ ესაა. აუცილებლად ავცრი დედაჩემსაც „ბუსტერით“, რომ მეტ-ნაკლებად მქონდეს სიმშვიდის განცდა.
ვფიქრობ, ამ დრომდე ჩემმა რეგულაციებმა დამიცვა. ასეთი ჩაცმული რომ ვჯდები მანქანაში, მერე ვიკეთებ პირბადეს. სანამ ჩავჯდები, მანამდე ცალკე პროცედურა მაქვს გასავლელი, ხელთათმნიანი ხელით ვაღებ ტაქსის უკანა კარს, ვამუშავებ სავარძელს ანტიბაქტერიულით და ისე ვჯდები უკანა სალონში, მძღოლის საპირისპირო მხარეს. მერე ვიცვლი ხელთათმანს, ვიმუშავებ ხელებს და ვიკეთებ ახალს. პირველი, რასაც მეკითხებიან მძღოლები, ეს ფრაზაა - „ხომ მშვიდობაა“? ვპასუხობ, - „თუ მშვიდობა ჰქვია, არის მშვიდობა. რამე ხომ არ გჭირთ“? არის მეორე კითხვა - „ალბათ ამ დროს საკუთარი თავი ადარდებთ“. ვპასუხობ - „არაფერი მჭირს, უბრალოდ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მოგიწოდებთ, თქვენც გეკეთოთ მუდმივად პირბადე“.
მანქანის დეზინფექციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ზოგადად, ისედაც არასოდეს ვჯდები გაუნიავებელ ტაქსიში. ზაფხულშიც და ზამთარშიც ვაწევინებ ყველა ფანჯარას. ადამიანები იწყებენ ჭკუის დარიგებას, ასე გადამეტებულად არ შეიძლებაო, მე ხომ არ ვთხოვ ადამიანებს, ყველამ ასე იარეთ-თქო, მე ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად იმ თვალსაზრისით, რომ ვიცი, ყველანაირად დაცული ვარ.
როდესაც ინფიცირებულთა მაჩვენებელმა დაიწია, არც მაშინ მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, რომ რამე შემეცვალა. ეს საკმაო ხარჯებსაც უკავშირდება, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია. ერთად ვყიდულობ გარკვეული რაოდენობის აღჭურვილობას. ისე შევეგუე ასე სიარულს, ღმერთმა ქნას, ყველაფერი მალე ჩაწყნარდეს, თუმცა ის ვიცი, რომ პირბადის ხმარება ძალიან დიდხანს დაგვჭირდება ადამიანებს, მით უფრო, როცა ისმენ, რომ კიდევ ახალი შტამი გამოჩნდა, რომელსაც კიდევ უფრო მეტი გავრცელება აქვს.
მსოფლიო ძალიან დაპატარავდა, სადღაც თუ გაჩნდა ახალი შტამი, აუცილებლად შემოაღწევს ამ პატარა საქართველოშიც, ამიტომ გამოსავალია ვაქცინაცია, რომ მეტად დაცულები ვიყოთ. მეც ძალიან მაკლია და ძალიან მიყვარს მეგობრებთან შეხვედრები, ურთიერთობები, ეს ადამიანებს ენერგიით გვავსებს. ცუდია, რომ ასეთ რეჟიმში ვართ და, კიდევ კარგი, ვიდეოზარით მაინც შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ხომ ვერ ცვლის იმ ურთიერთობებს, რასაც პირისპირ შეხვედრა ჰქვია? ეს მაკლია ძალიან....
იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, მან უნდა მიიღოს ვირუსული ნაწილაკის 1000 დოზა. სუნთქვით წუთში გამოიყოფა 20 ვირუსული ნაწილაკი. ლაპარაკით კი წუთში - 200 ვირუსული ნაწილაკი. ხველებით - 200 მილიონი და ცუდად განიავებულ სივრცეში ნაწილაკები რამდენიმე საათს რჩება. დაცემინებითაც 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი იფრქვევა. დაბალია ინფიცირების რისკი, თუკი ადამიანებს შორის დაშორება მინიმუმ 6 ნაბიჯია. პირისპირ ლაპარაკი (ნიღბით) - გადადების დაბალი რისკია, თუკი ურთიერთობა 4 წუთზე მეტხანს არ გრძელდება, ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ დისტანცია დავიცვათ...
ბევრს პირბადე აქსესუარად აქვს. ზოგს მკლავზე უკეთია, ზოგს მაჯაზე ან თუ უკეთია - ნიკაპზე ისე, რომ ცხვირი უჩანს, ამას, მითხარით, რა აზრი აქვს? ძალიან ხშირად პირბადეებს ეტყობა, რომ რამდენჯერმე აქვთ მოხსნილი, არადა ერთჯერადია და ერთხელ უნდა გაიკეთო. მე არ ვამბობ იმას, რომ ეს ყველაფერი იაფია, ძვირია, მაგრამ ხომ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ გაცილებით ძვირი დაჯდება შემდეგ ჩვენი ავადმყოფობა.
ამიტომ მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავსაც და სხვასაც. არა გვაქვს ახლა კომფორტის დრო, პირდაპირი მნიშვნელობით - ომია და იქ ვინმე კომფორტს ითხოვს? აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ იცრებიან ადამიანები, მესმის ასეთი არგუმენტები -„ ეს გამოუცდელი ვაქცინაა, მალე პრეპარატი იქნება და იმ პრეპარატით ვიმკურნალებ, რატომ ელოდები პრეპარატს და რატომ არ ენდობი აცრას? ის პრეპარატი ახალი გამოგონებული არ იქნება? თან ხედავ, რომ ახალ-ახალი შტამები ჩნდება. ისედაც 3 მილიონი ვართ და ყოველდღე ამდენი ადამიანი გვეღუპება. აიცერით, ადამიანებო, მერე რომც დაგემართოთ და რომც გართულდეს, არ მოჰყვება ლეტალური შედეგი, მთავარი ხომ ეს არის?!
ჩემ გარშემოც უამრავი ადამიანია, რომლებსაც ვერც გაუნათლებლობას დავაბრალებ, მაგრამ არ იცრებიან, ეს გაუგებარია ჩემთვის. საწოლფონდები აღარ არსებობს, როცა ასე გადატვირთულია ყველაფერი, ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. ექიმებიც ხომ ადამიანები არიან, მათი რესურსიც იწურება, გავუფრთხილდეთ ექიმებსაც. ყოველდღე ამდენი გარდაცვალება ძალიან მაშფოთებს. გთხოვთ, აიცრათ!