30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 ტარდება. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტ საზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) კოორდინაციით იმართება.
ღონისძიება 10 თემატურ სესიას მოიცავს, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს განიხილავს.ფორუმი 2-დღიანია და ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარებს.
ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა - ეკატერინე იმედაძემ; -ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში; ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვმა ; გაეროს გლობალური ინტერნეტმმართველობის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე ანრიეტ ესტერიუსენმა, მსოფლიო კიბერსფეროს სტაბილურობის კომისიის კომისიონერმა; ინტერნეტ საზოგადოება (ISOC) უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ჯეინ კოფინმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა გახსნეს.
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელეკომ ბაზრის გახსნილობა, ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა და დარგის ტექნოლოგიური განვითარება აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხელმისაწვდომი და ადეკვატური მომსახურებები და გაიზარდოს ციფრული სერვისებიდან მიღებული ბენეფიტები. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო მეტად ციფრული ხდება, მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო კავშირი კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის როგორც ადგილობრივ ისე რეგიონალურ ბაზარზე არაერთი საინტერესო პერსპექტივა არსებობს. თანამედროვე ტელეკომში სულ უფრო მეტ გლობალურ პროექტებს და ინიციატივებს ეყრება საფუძველი, შესაბამისად ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარება ქმნის უპრეცედენტოდ დიდ შესაძლებლობებს ინოვაციებისთვის, რაც თავის მხრივ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო ციფრული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების უზრუნველყოფაში, თუმცა ასევე დიდია სფეროს მოთამაშეების პასუხისმგებლობაც. ქვეყანაში დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად აუცილებელია სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ინოვაციური და ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნების მისაღწევად არსებითი წინაპირობაა სექტორის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაც, რაც ნიშნავს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბარიერები უნდა მოიხსნას. უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ინოვაციური, ციფრული ბიზნეს მოდელების სტიმულირებით. ასეთი მიდგომით საქართველოში რეგულირების არსებული მოდელი სამაგალითო უნდა გახდეს.“ - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, კორონა ვირუსისგან გამოწვეული პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა და მათმა გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყანაში კრიტიკულად აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფის გასაგრძელებლად. „ამ მხრივ, ჩვენი სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიებსა და პროგრამებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობა, ასევე ინტერნეტ - ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება, ქვეყნის საერთაშორისო ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნეს, მესამე სექტორთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ისეთი გლობალური მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მთელი ქვეყნის დაინტერესებული წრეების პოზიციათა დაახლოება და ერთობლივი მუშაობა, რაც დღემდე წარმატებით ხორციელდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ნატალია ვუტოვას განცხადებით, ევროპის საბჭო სიამოვნებით უჭერს მხარს დაინტერესებულ მხარეთა მრავალმხრივ დიალოგს, რაც, ინტერნეტის სფეროში, დემოკრატიული გზით გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ჩვენ მივესალმებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფორუმში გაწევრიანებას და ვიწვევთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს გახდეს ფორუმის წევრი და გამოიყენოს აღნიშნული პლატფორმა ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების გამოსახატავად.
GeoIGF 2021-ზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები გინიხილეს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები; დეზინფორმაცია საქართველოს ინტერნეტ სივრცეში; ფართოზოლოვანი საქართველო – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; გახსნილი ტელეკომ ბაზარი და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარება; ინტერნეტ კონტენტის თვითრეგულირება; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა; ციფრული წიგნიერება და მზაობა, სხვადასხვა სექტორების როლი ამ პროცესში; ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების საკითხები და სხვა.
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ღონისძიებამ უმასპინძლა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას ინტერნეტ მმართველობის ფორუმსა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შორის.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობას საქართველოს ინტერნეტ მმართველობის დიალოგში, რამდენადაც იგი წარმოადგენს ინტერნეტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორს. ამ მიზნით, მხარეები, ინტერნეტის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანობა და ღიაობა. ამასთან, მემორანდუმი გულისხმობს კომიტეტის ფორუმში გაწევრიანებას.
ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია.
ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).
ფორუმმა, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 200-მდე მონაწილე ესწრება, უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც საქართველოს ინტერნეტ მმართველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ. ფორუმი თავს უყრის აღნიშნულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდული სექტორის მონაწილეებს. ფორუმი უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმაა წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წამოჭრილი აქტუალური საკითხებისა და პროექტების განსახილველად.