1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია იგივე „კოვიდპასპორტი" ამოქმედდება. მისი მეშვეობით ვაქცინირებულ ან კოვიდგადატანილ, ან PCR ტესტის 72-საათიანი ვალიდურობის უარყოფითი პასუხის, ანდა 24-საათიან ანტიგენ-ტესტზე უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეს „მწვანე სტატუსი" მიენიჭება.
რა არის მწვანე პასპორტი?
• „CovidPass“ Georgia - აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
• covidpass.moh.gov.ge - საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
• საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის (კოვიდბარათი) QR კოდით (ან)
• ევროკავშირის წევრი და "EU Digital COVID Certificate" სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდი ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდი
აპლიკაცია, რომელიც მოქალაქის კოვიდსტატუსს განსაზღვრავს, უკვე ჩაეშვა. თუმცა ის, ამჟამად, სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებს.
Georgia e-Health-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია:
App store-ში - https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048
Google store-ში - https://play.google.com/store/apps/details?id=com.moh.geehealth
აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მოქალაქემ უნდა გაიროს მარტივი რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მის პირად გვერდზე ავტომატურად აისახება. პროგრამაში ასევე გამოჩნდება ინფორმაცია PCR - ტესტირებისა და კოვიდინფექციის გადატანის შესახებ.
აპლიკაცია Georgia e-Health და COVID-19 ბარათი საქართველოში მუშაობს, როგორც „მწვანე პასპორტი“.
„მწვანე სტატუსის“ მქონე პირი არის:
• სრულად ვაქცინირებული (ან)
• 72- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)
• 24 -საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ - სწრაფი ტესტის მქონე (ან)
• კოვიდგადატანილი
აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ თუ პირს „მწვანე სტატუსი“ მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე - „მწვანე სტატუსი“ შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.
როდის მიენიჭება პირს „მწვანე სტატუსი“?
• ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ;
• ტესტირების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხის ერთიან მონაცემთა სისტემაში ატვირთვის შემდეგ;
• კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ.
თუ პირი იტარებს PCR და ანტიგენის სწრაფ ტესტს, მან აუცილებლად უნდა მოსთხოვოს ტესტის ჩამტარებელ დაწესებულებას, მონაცემთა ბაზაში ატვირთვის დამადასტურებელი QR- კოდიანი საბუთი. ეს საბუთი მას გამოადგება მატერიალური სახითაც და ნიშნავს, რომ აპლიკაციაში მონაცემები განახლებულია.
იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაცია ან ტესტი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩატარებული აქვს საზღვარგარეთ (არა "EU Digital COVID Certificate" სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში), „მწვანე სტატუსის“ მიღებას საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ „CovidPass“ Georgia - აპლიკაციაში ან covidpass.moh.gov.ge - საიტზე რეგისტრაციის გზით შეძლებს.
ვალიდაციის კოდს, სურვილისამებრ, ქართული მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს. „მწვანე სტატუსის“ მისაღებად, აუცილებელია, რეგისტრაციის დროს პირმა გამოიყენოს ის დოკუმენტი, რომლითაც შემოვიდა ქვეყანაში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც ვაქცინაცია საქართველოში ჩაიტარეს, აპლიკაციებზე (Georgia e-Health; CovidPass Georgia) ან covidpass.moh.gov.ge - საიტზე რეგისტრაციის დროს, აუცილებელია, გამოიყენონ იგივე დოკუმენტი, რომლითაც ჩაიტარეს ვაქცინაცია.
როგორ მოვახდინოთ „მწვანე პასპორტის“ ვალიდაცია?
• „CovidPass Georgia“ აპლიკაციის QR წამკითხველით ან
• covidpass.moh.gov.ge QR წამკითხველით
„CovidPass Georgia“ აპლიკაციის QR წამკითხველის გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა. დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის
რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?
• პიროვნების ფოტოსურათს (თუ ის საქართველოს მოქალაქეა) და სახელისა და გვარის ინიციალებს
• აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება „მწვანე სტატუსს“
• რა ვადით აქვს პირს მინიჭებული „მწვანე სტატუსი“ (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, როდის ეწურება პირს „მწვანე სტატუსი“)
„მწვანე სტატუსი“ (პასპორტი) საქართველოში გამოყენებისთვის:
1-ლი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები - მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშო ბიზნესობიექტები / სპა ცენტრები და ფიტნესდარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.
აღსანიშნავია, რომ „მწვანე სტატუსის“ ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის. ასევე არ არის სავალდებულო საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, კოვიდპასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
კოვიდ სერტიფიკატები საზღვარგარეთ სამოგზაუროდ:
17 ნოემბრიდან საქართველო ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეს შეურთდა (EU Gateway-ის ქვეყნები). რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR- ტესტირების შესახებ, აღნიშნულ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.
EU Gateway-ზე მიერთებულ ქვეყნებში მოგზაურობისთვის საჭირო კოვიდსერტიფიკატების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, აპლიკაციის მეშვეობით, ან იუსტიციის სახლში Covid-19 ბარათის ამობეჭდვით.
ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?
• 144 - მთავრობის ერთიანი „ცხელი ხაზი“
• 1505 - ჯანდაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზი“
• 1522 -ვაქცინაცის „ცხელი ხაზი“
• 0800800909 - სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „ცხელი ხაზი“
• ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge