რატომ იყო რევოლუციამდელი ქართველი დღენიადაგ დაღვრემილი? იმიტომ, რომ მას გულწრფელად ეშინოდა - ვაითუ, რეჟიმი ვერ დავამხოთ და შევარდნაძე მუდმივ პრეზიდენტად შეგვრჩესო... თუკი ასეა, რატომაა რევოლუციის შემდგომი ქართველიც ასევე დღენიადაგ დაღვრემილი? იმიტომ, რომ მას გულწრფელად ეშინია - ვაითუ, ვარდების ხელისუფლებამ თვით ედუარდ შევარდნაძეც კი სანატრელი გაგვიხადოსო!
პრეზიდენტ შევერდნაძის სიძის გია ჯოხთაბერიძის დაპატიმრებამ და კომპანია „ომეგას“ გარშემო ხან უმისამართო სროლამ, ხანაც შავნიღბიანების მიერ უცოდველი მუშების ასფალტზე განრთხმამ საბოლოოდ ცხადყო, რომ დუნიაზე, ანუ საქართველოში, მუდმივი მხოლოდ მოსახლეობის შიშია ხელისუფლების წინაშე...
თუკი რევოლუციამდელ ქართველს ხელისუფლების უმოქმედობისა და პათოლოგიური გაუმაძღრობისა ეშინოდა, დღეს იმავე ქართველს ძალაუფლებით თრობის შედეგად აფექტში მყოფი ხელისუფლების ეშინია...
ეშინია, რადგანაც ეს ხელისუფლება საფრთხეს უქმნის უამისოდაც თითზე ჩამოსათვლელ სამუშაო ადგილების შემქმნელ ბიზნესჯგუფებს, უმისამართოდ და უსაფუძვლოდ ისვრის ჰაერში, ამკვიდრებს საყოველთაო ტერორის განწყობას და ყოველივე ამას სჩადის პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტამდე ორიოდე დღით ადრე...
შედეგიც არ აყოვნებს და „ვაშინგტონ პოსტში“ - გავლენიან ამერიკულ გაზეთში, ჩვენი ახალი პოლიტბიუროს - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ლამის ოფიციალურ რუპორში, რომელიც „ვარდების რევოლუციას“ დითირამბებს უძღვნიდა, უკვე ჩნდება სერიოზული კრიტიკა ვარდების ხელისუფლების მისამართით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინებულად იცოდა, თუ ვინ იყო დასაჭერი შევარდნაძის გარემოცვიდან, მან ასევე ჩინებულად იცის, თუ ვინ არის დასაჭერი სააკაშვილის გარემოცვიდანაც, ვინაიდან „დასაჭერთა“ ნაწილი, რომელიც თავის დროზე ედო ბაბუს გარემოცვის ხერხემალს შეადგენდა, დღეს სააკაშვილის გარემოცვაშია.
თანაც, მოტივირებული იქნებოდა ეს თუ არამოტივირებული, ნებისმიერ შემთხვევაში, სიტყვის თავისუფლების ხელყოფასთან დაკავშირებული სკანდალი არახელსაყრელი ფონი გახლავთ ქვეყნის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის წინ.
დასამალი არ არის, რომ „ვარდების რევოლუცია“ ზვავით მოაწყდა დახავსებულ რეჟიმს და ცდილობს, საბოლოოდ წალეკოს იგი, მაგრამ შევარდნაძის ყოფილი ათი ან ოცი თანაგუნდელისა თუ არაკეთილსინდისიერი გადამხდელის „ტრუბაში გაძვრენის“ შემდეგ ციცაბო დაღმართი, რომელზეც „ვარდების რევოლუციის“ ზვავი მოექანება, დასრულდება და დაიწყება თოვლის ამ უზარმაზარი მასის - ახალი ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის ბუნებრივი დნობის გარდაუვალი პროცესი.
დაპირებათა ვრცელი ნუსხა, რომელმაც ზვავივით ააზვირთა და ხელისუფლებისადმი უდიდესი ნდობით განაწყო მოსახლეობა, თვალსა და ხელს შუა დაილევა.
საინტერესოა, რა მოხდება შემდეგ?
ისევე, როგორც ახალი ხელისუფლების რეიტინგის ზრდა ვერ გახდა მუდმივი, ვერც ვარდების ხელისუფლებისადმი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის ვარდნა იქნება მუდმივი და გარდაუვალი იმედგაცრუება გარდაუვალ პროტესტში გადაიზრდება.
და დაიწყება კოტრიალა, ხუთ-ექვსთვიანი მინისტრთა ახალი კაბინეტების მუდმივი ვარდნა საქართველოში. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში უამრავი წვერულვაშახალწამოზრდილი ქართველი სტუდენტია, პრემიერ-მინისტრს ახალ-ახალი მინისტრთა კაბინეტების დაკომპლექტება არ უნდა გაუჭირდეს.
ევოლუცია და ერთ დროს ჩვენი პლანეტის ბატონ-პატრონი დინოზავრების გადაშენებაც ნათლად ცხადყოფს, რომ არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი და არც, თუნდაც, გია ჯოხთაბერიძის მიერ შექმნილი „მუდმივი კავშირის სამყარო“ არ გახლავთ მუდმივი ამ ცოდვილ მზისქვეშეთში!