ლაიმამ თბილისელებს „ასეთია ქურდი კაცის ბედი“  შეუსრულა

ლაიმამ თბილისელებს „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ შეუსრულა

ცნობილი მომღერლის ლაიმა ვაიკულეს თბილისში ჩამოყვანის სურვილი პროდიუსერ ნატო დუმბაძეს გაუჩნდა. მომღერალთან შეთანხმება არ გასძნელებია და არც ლაიმას შეუწუხებია თავი რეპერტუარზე ფიქრით - სცოდნია, რომ საქართველოში ძველი სიმღერებითაც საკმაოდ პოპულარულია. ერთი საათი და თხუთმეტი წუთი - ამ დროში უნდა მოესწრო ქართველ მსმენელს მისი მოსმენა. პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა კლუბ „ტრიუმფში“, ქალბატონმა ნატომ ჟურნალისტებისთვის ინტრიგაც ჩააგდო, - მსმენელზეა დამოკიდებული, რამდენჯერ გამოიყვანს ლაიმას სცენაზეო...

მომღერალს ვარსკვლავური პრეტენზიები არ გამოუთქვამს: სასტუმრო „მერიოტი“, ქართული სამზარეულო და კომფორტი... დანარჩენი კი იმის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო, რას მოისურვებდა უკვე თბილისში ჩამობრძანებული ლაიმა ვაიკულე.

ყველაზე მთავარი, ლაიმა თბილისში ბენდით (15-კაციანი შემადგენლობით) ჩამოვიდა და არა შოუთი - თურმე ქართველი მსმენელის გემოვნება გაითვალისწინა. თუ ქართული ჯიბის ამბავიც იცოდა, ვერ გეტყვით - ბილეთი 150-200 ლარი ღირდა.

ლაიმა ვაიკულეს თბილისში ჩამობრძანებას მსმენელის ერთი შეკითხვა უსწრებდა, უფრო ზუსტად ვარაუდი: ლაიმა ვაიკულეს იმიტომ ხომ არ უყვარს ქართველები ასე, რომ... ერთ დროს ქართველი მამაკაცი უყვარდაო. ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცოდა, თუმცა ის კი იცოდნენ, რომ ლაიმას ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს. ლაიმა ვაიკულეზე თბილისში კიდევ ბევრი რამ აინტერესებდათ.

ხასიათი: ცვალებადი. დაწყებული ამინდის ცვლილებით და დამთავრებული ადგილსამყოფლით, ნებისმიერმა რამემ შეიძლება ხასიათი გაუფუჭოს. განსაკუთრებით, კონცერტის წინ ეშლება ყველაფერზე ნერვები... არ ჩხუბობს, მაგრამ არც თავს შემოგევლება.

ძლიერ ქალს ქალურობის შენარჩუნებაში, ლაიმას აზრით, მხოლოდ ნამდვილი მამაკაცი ეხმარება. „ეს მამაკაცი ყველგანაა. ის მთავაზობს სკამს, მიღებს კარს, კიბეზე ჩამოსვლისას ხელს მიწვდის და ჭირვეულობასაც მაპატიებს!“ მიუხედავად ამ განცხადებისა, ანდრეი ლატკოვსკისთან (მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი) დაქორწინებისგან დიდხანს იკავებდა თავს, მაგრამ ბოლოს ურთიერთობა მაინც დააკანონეს: ლას-ვეგასში ჯვარი მალულად დაიწერეს.

კითხვაზე, როგორი აზრისაა, როცა ქალი „ვარდისფერია“, პასუხობს: „მე არავის ვკიცხავ, როგორც იტყვიან, ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია. არ არის ამის გამო ვინმეს დამცირება ან თავიდან აღზრდა საჭირო. გენიალური ფილმი აქვს ბერგმანს „მარიონეტების ცხოვრებიდან“ - იქ არის ნაჩვენები ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლის ტრაგედია. არავინ იფიქროს, რომ იმ ბუნებაზე უფრო ჭკვიანია, რომელიც ჩვენ გვქმნის.“

შეიძლება ბევრმა არც იცის, რატომ უსვამენ ამ კითხვას ლაიმა ვაიკულეს - მას ლესბოსელად მიიჩნევდნენ.

ბორის გრებენშჩიკოვის შემდეგ ის მეორე საბჭოთა მომღერალი იყო, ვისთანაც ამერიკელებმა კონტრაქტი გააფორმეს. რითი მოხიბლა ამერიკელები? - ლაიმაზე ამბობდნენ, ძალიან სექსუალურიაო.

„ჯანმრთელი კბილები, კარგი კანი და მოვლილი თმა“, - ასეთია ლაიმა ვაიკულეს ფიზიკური სილამაზის ფორმულა. სულიერ სილამაზეში ის უფრო ნიჭს, სიბრძნეს, განათლებას მოიაზრებს. პლასტიკურ ქირურგიაზე ხუმრობით ამბობს: ოდესღაც ალბათ მეც დამჭირდება, ამიტომაც აჯობებს ქირურგებმა მანამდე სხვებზე ივარჯიშონო.

ძალიან უყვარს ძაღლები. ერთხელ გერმანიაში გასტროლებზე ყოფნისას, როტვეილერი დაინახა და მიხვდა, ეს იყო ძაღლი, რომელზეც ოცნებობდა. მალე იყიდა პატარა ლეკვი და მას „კენდი“ დაარქვა. მისი საწოლი ლაიმას საწოლის გვერდით იდგა. კენდი გაიზარდა და მეტად ავი გამოდგა - ყველას კბენდა, ლაიმას, დედამისს... ერთხელაც გასტროლებზე წასვლის წინ დაიბარა, ძაღლს ისე მოექეცით, როგორც დაიმსახურებსო და მერე ლაიმას ის ძაღლი აღარ უნახავს.

ძაღლები ახლაც უყვარს და იურმალაში მოქმედ კანონს, რომლითაც ძაღლებს პლაჟზე გამოსვლა ეკრძალებათ, არასწორად მიიჩნევს. ახლა ლაიმას სამი ამერიკული ბულდოგი ჰყავს. ისინი ერთმანეთს არა მარტო გარეგნულად, ხასიათითაც ჰგვანან.

იურმალაში თავის ახალ სახლში ცხოვრობს. იქ ჟურნალისტებს იშვიათად ან საერთოდ არ უღებენ კარს, - ლაიმას არ უყვარს, როცა მის „ტერიტორიას“ ეხებიან.

სხვათა შორის, არც თბილისში ერთდღიანი სტუმრობისას „გაუხარებია“ ჟურნალისტები, არც „ტრიუმფში“ შესვლა ყოფილა ადვილი, სადაც ლაიმა ვაიკულეს კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ამას სტუმართა რაოდენობაზე „ცუდად“ არ უმოქმედია, თავისუფალი ადგილები ცოტაღა დარჩა.

ლაიმა სცენაზე შავი სამოსით გამოვიდა და, რა თქმა უნდა, რუსულად მოგვესალმა. და იმის გამო, რომ მისი ყველას გვესმოდა, დიდ რუსეთს მადლობა გადაუხადა.

ორი სიმღერა რომ შეასრულა ახალი რეპერტუარიდან, ხანმოკლე პაუზა გააკეთა და გვითხრა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურადაა - ისევ მღერის რაიმონდ პაულსის სიმღერებს და კვლავ ჭორაობენ ალმასებისადმი მის სიყვარულზე.

ლაიმა ვაიკულე ქართულ სიმღერას რომ შეგვისრულებდა, არავის უთქვამს. ამიტომაც, როცა თქვა, ერთ პატარა სიმღერას შეგისრულებთ ქართულად, რომლის ავტორის ვინაობაც არ ვიციო, სმენა დავძაბეთ. „ასეთია ქურდი კაცის ბედი, ფათერაკი უკან დასდევს მუდამ და ცხოვრების ნახევარზე მეტი, ციხე-ციხე გაატარო უნდა“, - გამართული ქართულით ლაიმასგან ამის მოსმენა მოულოდნელი აღმოჩნდა და ტაშიც დაიმსახურა. და საინტერესო „კითხვაზე“ პასუხის საინტერესო ვერსიასაც მოვკარი ყური: ქართველი ქურდის საყვარელი იქნებოდაო, ალბათ.

რამდენიმე სიმღერას მხოლოდ ტაში რომ მოჰყვა, მშვენიერმა ქალბატონმა ითხოვა, იცეკვეთ, იმოძრავეთ, მოძრაობა უხდება ადამიანსო, მაგრამ ამაოდ... მერე, ჩემთან ერთად „ჩა-ჩა-ჩა“ იმღერეთო და კლუბის სტუმრებმაც წაიმღერეს. ძველ ჰიტებს კი ცეკვა-სიმღერა მოჰყვა. როგორც შოუბიზნესში ამბობენ, „სიტუაცია რომ გახურდა“, ლაიმამ ნახვამდისო, გვითხრა. პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ კი თქვა, მსმენელზე იქნება დამოკიდებული, ლაიმა გადააცილებს თუ არა საკონცერტო დროსო, მაგრამ თავი არავის გაუგიჟებია.

სახვათა შორის, კლუბში ცნობილ სახეებს ნაკლებად ნახავდით, ეტყობა, ან ბილეთი ეძვირათ, ან ლაიმა მათთვის „ძველი სიმღერა“ იყო. ლაიმას დაწყებული კონცერტი „ფორტემ“ დაასრულა, ზურა მანჯავიძე გაიძახოდა, არც ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოვხვდითო.

8 ივნისს, გამთნიისას, ლაიმამ თბილისი დატოვა. მომღერლისა და კონცერტის სათანადო შეფასება ჩვენთან მოდური არ არის, მაგრამ მაინც გთავაზობთ კომპოზიტორ გია მაჭარაშვილის გულწრფელ კომენტარს:

„ლაიმას აღმოჩენა კომპოზიტორ რაიმონდ პაულსის სახელს უკავშირდება. ნიჭიერი, მაგრამ რიგითი მომღერალი იყო და ერთ-ერთ ბარში მუშაობდა. სწორედ იქიდან წამოიყვანა ლაიმა ვაიკულე რაიმონდ პაულსმა რუსული ესტრადის სცენაზე. რომ არა ბედნიერი შეხვედრა, შეიძლება რომელიმე კლუბში ემღერა დღემდე.

სცენაზე ლაიმა სექსუალურია... თვალდახუჭულმა რომ მოუსმინო მის შესრულებას (ცოცხალ შესრულებაზეა ლაპარაკი), რაღაც ნიუანსები შეიძლება დაიჭირო, მაგრამ მისი სასცენო იმიჯი მომღერლის ვოკალურ შესაძლებლობებს გავიწყებს“.