საინტერესოა, რა გვარს ან ფსევდონიმს აირჩევდნენ ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები?!
მუხრან მაჭავარიანი, პოეტი:
- ჩემი გვარით ვამაყობ, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგა საქმე, ამილახვარს ან ემხუარს ავირჩევდი. მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბარს აღარ მოვყვები, ერთს კი გეტყვით, ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად გვარი ამილახვარი და ემხუარი იმიტომ მომწონს, რომ ძარღვიანი სიტყვებია. ფსევდონიმად მარგველს ავირჩევდი, რადგანაც წარმოშობით არგვეთიდან ვარ, ხოლო ძველად არგვეთელ კაცს მარგველს უწოდებდნენ.
გოგი თოფაძე, პარლამენტარი:
- ძალიან მომწონს მაჭავარიანი. თანაც ამ გვარს დედაჩემი ატარებს. არც ფსევდონიმის შერჩევაზე მჭირდება ტვინის ჭყლეტა - ახალგაზრდობაში თოფჩიკას მეძახდნენ.
თენგიზ არჩვაძე, მსახიობი:
- ჩემი გვარი ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ რადგანაც არჩევანის წინაშე მაყენებთ, ბაგრატიონს ავირჩევდი. ეკრანზე ბაგრატიონთა გვარის ორი მეფე განვასახიერე და ამ გვარს შეჩვეული ვარ.
ქართლოს ღარიბაშვილი, ადვოკატი:
- სტუდენტობის პერიოდში, როცა გაჟღენთილი ვიყავი მარქსის, ენგელსისა და სტალინის იდეებით, მართლაც ვფიქრობდი გვარის შეცვლაზე, მაგრამ საინტერესო ვერაფერი მოვიფიქრე და შევეშვი ამაზე ფიქრს. ღარიბაშვილი კარგი გვარია თუ ცუდი, მე მაკმაყოფილებს. მთავარია ვინ ატარებს გვარს. სხვათაშორის, თავის დროზე, როდესაც გვარის შეცვლაზე ვფიქრობდი, იმთავითვე გამოვრიცხე ბაგრატიონი. მიკვირს, რატომ ანიჭებენ ამ გვარს ამხელა მნიშვნელობას. განა ბაგრატიონებმა არ დაგვიტოვეს ერთი მუჭა საქართველო?!
დავით საგანელიძე, „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი:
- ბაგრატიონი ყველა ქართველისთვის საამაყო გვარია და მეც მას ავირჩევდი. ფსევდონიმი უკვე მაქვს - მემარჯვენე.
ლევან ბერძენიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:
- თავადური გვარების არასოდეს შემშურებია... თუ არჩევანზე მიდგა საქმე, დედის გვარს - რუხაძეს ავირჩევდი.
რომან გოცირიძე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი:
- რომანოვს ავირჩევდი, ნახეთ, რა კარგად ჟღერს - რომან რომანოვი! მაგრამ რადგანაც ეს გვარი მაინც რუსულია, რომელიმე მეგრულ გვარს შევარჩევდი. მაგალითად, რომან კონსტიტუცია ან რომან რევოლუცია.
აკაკი ასათიანი, ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი:
- ამ თემაზე არასოდეს მიფიქრია. ისე, ასეთი დილემის წინაშე რომ დავდგე, გარწმუნებთ, სააკაშვილს ნამდვილად არ ავირჩევდი.
გიორგი შენგელაია, რეჟისორი:
- მამაჩემის გვარს რომ არ ვატარებდე, არჩევანს დედაჩემის გვარზე - ანდრონიკაშვილზე გავაკეთებდი.
დავით მაღრაძე, პოეტი:
- რომ არ ვიყო მაღრაძე, გვარად მაინც მაღრაძეს ავირჩევდი...