ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბებიებს შვილიშვილების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, რაც, ალბათ, ბევრ ჩვენგანს საკუთარ თავზეც გამოუცდია. ამ ფენომენის გამოკვლევას მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ. მათ ისიც კი დაადგინეს, რომ ქალები რეპროდუქციული ასაკის შემდგომ ათწლეულების განმავლობაში სიცოცხლეს ისევ და ისევ შთამომავლების გამო ინარჩუნებენ, რადგან ეს ამ უკანასკნელთა გადარჩენის შანსს ზრდის. ასევე, ბავშვების ცხოვრებაში დედ-მამის მშობლების არსებობა მათ კეთილდღეობას უზრუნველყოფს და სწავლაში წარმატების მიღწევის უნარს აძლიერებს.
აშშ-ში მდებარე ემორის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა, კოლეგებთან ერთად, ამ ყველაფრის უკან მდგომი ბიოლოგიური მექანიზმის გაანალიზება გადაწყვიტეს. მათ კვლევაში მონაწილეობა ისეთმა 50-მა ქალმა მიიღო, რომელსაც 3-დან 12 წლამდე ასაკის 1 ან მეტი შვილიშვილი ჰყავდა.
მეცნიერებმა მოხალისეებს შვილების, მათი მშობლების, უცხო ბავშვებისა და ზრდასრულების ფოტოები აჩვენეს, რის პარალელურადაც ტვინზე ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს.
აღმოჩნდა, რომ, როცა ბებიები შვილიშვილების სურათებს უყურებდნენ, მათ ტვინში ემოციურ ემპათიასთან დაკავშირებული რეგიონები აქტიურდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი პატარების გრძნობების თანაგანცდისკენ არიან მიდრეკილნი.
შედარებისთვის, შვილების შემთხვევაში, იმპულსები კოგნიტიურ ემპათიაზე პასუხისმგებელ უბნებში წარმოიქმნებოდა, რაც შემეცნების დონეზე გაგებას გულისხმობს.
ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი. ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიგნება ბავშვებში არა მხოლოდ დედის, არამედ ბებიების ტვინზე მანიპულირების უნარის არსებობას ცხადყოფს. ისინი გეგმავენ, რომ მომავალში მამებზე, ბაბუებზე და პატარებზე მზრუნველ სხვა პირებზე კონცენტრირდნენ.