ცნობილი ჩოგბურთელი, რომელმაც ჩინელი პოლიტიკოსი ძალადობაში დაადანაშაულა, გაუჩინარდა

ცნობილი ჩოგბურთელი, რომელმაც ჩინელი პოლიტიკოსი ძალადობაში დაადანაშაულა, გაუჩინარდა

ჩინელი ფემინისტების გაერთიანებები და მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები შეშფოთებულები არიან, რადგან აღიარებული ჩოგბურთელის პენ შუაის ადგილსამყოფელი მას შემდეგ არავინ იცის, რაც მან ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი სექსუალურ ძალადობაში საჯაროდ დაადანაშაულა.

პენ შუაი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ამტკიცებდა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი გაოლი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

ცნობილია, რომ ჩინეთში ინტერნეტი დიდი ცენზურის ქვეშაა, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩოგბურთელის პოსტი მალევე წაიშალა და მის პირად ანგარიშზე კომენტარების ფუნქციაც კი დღემდე გათიშულია.

მიუხედავად ამისა, სოციალურ მედიაში ე.წ. "სქრინები" მაინც ვრცელდებოდა, რის გამოც ნებისმიერი სიახლე, რომელშიც სიტყვა "ჩოგბურთი" იყო ნახსენები, ასევე დაიბლოკა.

უკვე ორი კვირაა, რაც პენ შუაის აქტივობა არავის შეუნიშნავს ინტერნეტში და ის არც ფიზიკურად გამოჩენილა. ეს გარემოება ბევრს აღელვებს და ადგილობრივმა აქტივისტებმა სხვადასხვა პლატფორმა გამოიყენეს იმ კითხვის დასასმელად, რაც ბევრს აწუხებს: "სად არის პენ შუაი?"

მსოფლიო ჩოგბურთის ასოციაციამ ჩინეთის მთავრობას გამოძიების დაწყება მოსთხოვა. მოგვიანებით კი, ასოციაციის ხელმძღვანელმა New York Times-თან აღნიშნა, რომ რამდენიმე წყაროს ცნობით, პენს ფიზიკური საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მასთან დაკავშირება პირადად მაინც ვერ შეძლო. მან ასევე დასძინა, რომ ჩოგბურთის ასოციაციას ჩინეთის ხელისუფლებაზე მცირე გავლენა აქვს, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს.

ჩინეთის მთავრობას გამოძიებისკენ და პენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ ასევე ჩოგბურთის სამყაროში ცნობილი ისეთი სპორტსმენები, როგორებიც არიან კრის ევერტი, მარტინა ნავრატილოვა და ბილი ჯინ კინგი.

35 წლის პენ შუაიმ სოციალურ ქსელ Weibo-ზე გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც წერდა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ხშირად აიძულებდა სექსს და ამ ტიპის ურთიერთობა 10 წელი გრძელდებოდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მისი ტექსტი წაიშალა და სოციალურ მედიაში მხოლოდ "სქრინების" საშუალებით ვრცელდებოდა ეს ინფორმაცია.