ჩემს სხეულს ნივთად აღიქვამენ — ადელი საკუთარ წონაზე ხალხის რეაქციებს პასუხობს

ჩემს სხეულს ნივთად აღიქვამენ — ადელი საკუთარ წონაზე ხალხის რეაქციებს პასუხობს

ოქტომბერში ადელი 6-წლიანი შესვენების შემდეგ ახალი სიმღერით დაბრუნდა და გულშემატკივრები გრძნობებისა და ემოციების მორევში ჩაითრია. დიდხნიანი პაუზის შემდეგ კი ახლახან ოპრა უინფრის ინტერვიუ მისცა, სადაც ახალ მუსიკაზე, პირად ცხოვრებასა და საკუთარ გარეგნობასა თუ წონაზე ისაუბრა.

გასული 2 წლის განმავლობაში ადელმა დაახლოებით 45 კილო დაიკლო, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ამის შესახებ ადელი ოპრას გულწრფელად გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ვარჯიშის დაწყებისას მისი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, შფოთვასთან გამკლავება იყო.

"ქორწინების დასრულების შემდეგ პანიკური შეტევები მქონდა. თავიდან ბოლომდე პარალიზებული და დაბნეული ვიყავი, რადგან საკუთარი სხეულის კონტროლი არ შემეძლო", — აღნიშნა მომღერალმა.

საბოლოოდ მიხვდა, რომ სპორტულ დარბაზში ვარჯიში შფოთვასთან გამკლავებაში ეხმარებოდა, რისი დამატებითი და ბუნებრივი შედეგი კი წონაში დაკლებაც აღმოჩნდა. საუბრისას ოპრა უინფრიმ საკუთარი გამოცდილება გაიხსენა, როდესაც მისმა წონაში კლებამ სხვა ადამიანები გაანაწყენა. ადელი დაეთანხმა და უთხრა, რომ მსგავსი გამოცდილება თავადაც ჰქონია.

"ეს არც მიკვირს და არც მაბრაზებს, რადგან მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ჩემს სხეულს ნივთად აღიქვამენ. ან ზედმეტად მსუქანი ვარ, ან ზედმეტად გამხდარი. ან მიმზიდველი ვარ, ან — არა... ვალდებული არ ვარ, სხვა ადამიანებს განვუსაზღვრო, რა იგრძნონ საკუთარი სხეულების მიმართ. ვწუხვარ, რომ ამან სხვებს თავი ცუდად აგრძნობინა, მაგრამ ეს ჩემი ვალდებულება არაა. მე ვცდილობ, საკუთარ ცხოვრებას მივხედო. კიდევ ერთ სანერვიულოს ვერ დავიმატებ", — თქვა ადელმა.

მას შემდეგ, რაც ინტენსიური ვარჯიშის რუტინიდან სცენაზე გადმოინაცვლა, იცის, რომ შესაძლოა, მისი წონა შეიცვალოს, თუმცა ეს არ აღელვებს — მისთვის მთავარია, სიმძიმეების აწევა კვლავ შეეძლოს, რადგან ეს მისი საყვარელი ვარჯიშია.

"აქამდეც ვთვლიდი, რომ ყველა სხეული პოზიტიურად უნდა აღვიქვათ და ახლაც ასე ვფიქრობ", — განაცხადა ადელმა.

პირადი ცხოვრების, ყოფილ ქმართან და მამასთან ურთიერთობის განხილვის შემდეგ კი მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი ცხოვრებისეული მიზანი სიყვარულის გაცემა და მიღებაა. მისი თქმით, ყველაზე მეტად საკუთარი თავის სიყვარულით მიღებული სტაბილურობა უნდა.

"სტაბილურობას სხვისგან არ მოველი. საკუთარი თავის საყრდენი თავად უნდა ვიყო. მყარი სახლი უნდა იყო, რათა შტორმმა ვერ წაგიღოს", — თქვა მომღერალმა.

 

Katana - I love you!..
(ახლა არ მითხრათ, ჩვენს საიტს არ კითხულობსო!)
3 წლის უკან