საკულტო სერიალის Sex and the City-ის ახალი სეზონის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება. ჩვენი საყვარელი ისტორიის გაგრძელებას — And Just Like That-ს 9 დეკემბერს ვიხილავთ. ძველი გმირებისა და ახალი პერსონაჟების გარდა, სერიალში შესაძლოა ქართველი მსახიობი იუნა შაფათავაც გამოჩნდეს.
იუნა შაფათავამ აღნიშნა, რომ საკულტო სერიალის ახალი სეზონის გადაღებებზე მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, შესაძლოა სერიალში ტექსტის გარეშე გამოჩნდეს.
"როდესაც გამოხმაურება მივიღე, მაინც მოულოდნელი იყო, რადგან ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, აყვანილი ვიყავი თუ არა. დიდი სურვილი კი მქონდა, დიდი როლი მიმეღო, მაგრამ ეს ე.წ. background როლია, რაც ნიშნავს სერიალში ტექსტის გარეშე გამოჩენას", — ამბობს იუნა.
იუნას მიხედვით, როგორც კი ნიუ-იორკში გადაღებების დაწყების შესახებ გაიგო, სააგენტო იპოვა და პროექტზე საკუთარ ანკეტას თითქმის ყოველდღე აგზავნიდა. მცდელობის მიუხედავად, სერიალისგან გამოხმაურებას არ ელოდა, თუმცა მალე გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა.
"თვითონ ეპიზოდზე ვერ მოგიყვებით, არ მაქვს უფლება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გადასაღებ მოედანზე სერიალის ერთი წუთისთვისაც კი ძალიან ბევრი დრო და ენერგია იხარჯება", — აღნიშნავს იუნა.
იუნამ ინტერვიუში სარა ჯესიკა პარკერთან შეხვედრაც გაიხსენა:
"რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ მკითხველებს, ეს არის სარა ჯესიკა პარკერი. დიახ, გამიმართლა და მე ის ვნახე. თვითონ რომელ სცენაში, კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ ჯერ ვერ მოგიყვებით, მაგრამ ეს გრძნობა იყო გადასარევი… გადასაღებ მოედანზე არათუ ფოტოების გადაღება, არამედ მსახიობების მიერ ერთმანეთის შეწუხებაც კი აკრძალულია", — ამბობს იუნა.
იუნას ინტერვიუში ეპიზოდის დეტალები არ გაუმხელია, რადგან, მისი თქმით, დეტალების გასაჯაროებისა და გადასაღებ მოედანზე ფოტოების გადაღების უფლება არ ჰქონდა. მსახიობის ვარაუდით, აღნიშნული ეპიზოდი დეკემბრის ბოლოს გამოვა.
And Just Like That… ახალი ოთხეულის ცხოვრების შესახებ ამჯერად 50 წელს გადაცილებული ქალების პერსპექტივით მოგვიყვება. შოუში გამოჩნდებიან სხვა ისეთი ცნობილი პერსონაჟები, როგორებიც არიან მისტერ ბიგი, ენტონი მარენტინო და სტენფორდ ბლაჩი. ასევე ვიხილავთ ახალ სახეებსაც: სარა რამირესი არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პერსონაჟის როლს მოირგებს.
Sex and the City-ის სერიალი 2004 წელს დასრულდა, მასზე გადაღებული მეორე ფილმი კი 2010 წელს გამოვიდა. ამ სამყაროს გმირების ახალი ისტორია, რომელსაც HBO Max იღებს, თანამედროვე დროში განვითარდება და მასში არც კორონავირუსის პანდემიას აუვლიან გვერდს.