რეპერებს ტრევის სკოტსა და დრეიკს ტეხასში გამართულ კონცერტზე არეულობის გამოწვევის გამო უჩივლეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა და ათეულობით დაშავდა.
ერთ-ერთი პირველი მოსარჩელე 23 წლის კრისტიან პარედესია, რომელიც კონცერტზე მძიმედ დაშავდა. კიდევ ერთი სარჩელი ჰიუსტონის შტატის სასამართლოში დაშავებულმა მანუელ სოუზამ შეიტანა. მისი ადვოკატები კონცერტისას განვითარებულ ქაოსზე პასუხისმგებლობას როგორც სკოტს, ასევე კონცერტის სხვა ორგანიზატორებსაც აკისრებენ.
თავად ტრევის სკოტი მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა: როგორც რეპერი წერს, მომხდარით განადგურებულია და მზად არის, ჰიუსტონის პოლიციასთან ერთად დაშავებულებს დაეხმაროს.
დაზარალებული პარადესი სარჩელში აღნიშნავს, რომ როცა ბრბო უკონტროლო გახდა, ორგანიზატორების მიერ დანიშნული დაცვის თანამშრომლები დახმარების თხოვნის მიუხედავად, კონცერტზე მისულ მსმენელებს ყურადღებას არ აქცევდნენ. მოსარჩელე იმასაც აღნიშნავს, რომ ქაოსს თავად მომღერლის მოწოდებები იწვევდა.
მაგალითად, ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ ოპერატორისთვის იმის თქმას, რომ ვიღაც დაიღუპა, თუმცა ამ გაფრთხილებას ყურადღებას არავინ აქცევს.
ეს სკოტის მიმართ წაყენებული პირველი ბრალდება არ არის. 2017 წელს კონცერტზე პარალიზებული კაცის ადვოკატი ამბობს, რომ Astroworld-ზე მომხდარი ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მომღერალმა ქაოსი უკვე ბევრ კონცერტზე წაახალისა.
ვიდეოში სკოტის სიტყვები ისმის: "არ შეგეშინდეთ, ისინი დაგიჭერენ". შედეგად კი რამდენიმე ფანი აივნიდან ხტება და მათ შორისაა 27 წლის დაზარალებული კაციც, რომელიც დღემდე ეტლში ზის.
რაც შეეხება კანადელ რეპერ დრეიკს, მოსარჩელეები თვლიან, რომ სცენაზე გამოჩენით სკოტის კონცერტზე გამოწვეულ არეულობაში მანაც დიდი წვლილი შეიტანა. დრეიკს სიმღერა არც იმის შემდეგ შეუწყვეტია, რაც "ბრბო უკონტროლო გახდა" და "არეულობა გაგრძელდა".
5 ნოემბერს ჰიუსტონში ტრევის სკოტის კონცერტს 50 000 მსმენელი ესწრებოდა.
უკვე აღწერილი ტრაგიკული მოვლენების შედეგად, გარდაცვლილებს შორისაა 16 წლის სკოლის მოსწავლე ბრაიანა როდრიგესი, 27 წლის დებიშ ბეგი, რომელიც საცოლის გადარჩენას შეეწირა და ასევე ოჰაიოს უნივერსიტეტის ორი სტუდენტიც, რომლებიც კონცერტზე დასასწრებად თანხას ერთად აგროვებდნენ.
ინციდენტის შემდეგ 25 ადამიანი მძიმე დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 300-ზე მეტს დახმარება შემთხვევის ადგილზე აღმოუჩინეს.