მიხეილ მაჭავარიანს დაჭერის საფრთხე ემუქრება

მიხეილ მაჭავარიანს დაჭერის საფრთხე ემუქრება

ახალ საქართველოში ძველ ვალებს არავის არჩენენ, რის გამოც შევარდნაძისეული ეპოქის მინისტრებისა და თანამდებობის პირების მოღვაწეობას დღევანდელი ძალოვნები გულდასმით სწავლობენ.

ბევრი უკვე დაიჭირეს, ბევრს დღეს დაიჭერენ, ბევრი კი შიშით ელის, რომ ხვალ მასაც დაუკაკუნებენ კარზე. წინა კვირაში საგადასახადო ინსპექციის თავმჯდომარის მოადგილის ვახტანგ ჩახნაშვილის საქმემ გამოიწვია ხმაური და, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, გენერალურმა პროკურორმა მიხეილ მაჭავარიანის სახელიც ახსენა. მიიყვანს თუ არა გენერალურ პროკურორს ჩახნაშვილის საქმე შემოსავლების ყოფილ მინისტრთან და მართლა გამწვავდა თუ არა კონფლიქტი „ნაციონალებსა“ და „დემოკრატებს“ შორის? - ამ კითხვებზე თავად საგადასახადო შემოსავლების ყოფილი მინისტრი, „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი მიხეილ მაჭავარიანი გვიპასუხებს.

ბატონო  მიხეილ, საგადასახადო ინსპექციის თავმჯდომარის მოადგილის ვახტანგ ჩახნაშვილის საქმესთან მიმართებაში რამდენჯერმე გაისმა თქვენი გვარი. შესაძლებელია, რომ გენერალური პროკურორი თქვენამდეც მოვიდეს?

- დარწმუნებული ვარ, ასეთი მცდელობაც კი არ იქნება, რადგან ჩახნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩემი დაკითხვა გამორიცხულია. მე საჯარო პოლიტიკოსი გახლავართ და რამე რომ მქონოდა სათქმელი, ამას ყოველგვარი დაკითხვის გარეშეც განვაცხადებდი.

ბატონო მიხეილ, ესე იგი შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ვიღაცას თქვენი სახელის გატეხვა სურდა?

- არ ვიცი, ვის რა სურდა, მაგრამ მე ასე სახელს ვერავინ გამიტეხს. ვახო 11 წელია, რაც ამ სისტემაშია, საკმაოდ გამოცდილი კადრია და თითქმის ყველა მინისტრთან უმუშავია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემი გვარი აღმოჩნდა.

ბატონო მიხეილ, ამბობენ, რომ ყველა თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ მაქინაციებშია გახვეული, ედუარდ შევარდნაძის მითითებით მოქმედებდა. შეიძლება, ვინმემ თქვენზეც იგივე თქვას?

- რასაკვირველია, იყო ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებები, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველანაირ მაქინაციებს თავს ვარიდებდი. კანონი არასოდეს დამირღვევია, რადგან ვიცოდი, შევარდნაძეც და სხვებიც წარმავალნი იყვნენ, კანონი კი - მუდმივი. სხვათაშორის, რაც ამ სისტემიდან წამოვედი, ჯერ შევარდნაძემ, მერე მამალაძემ და რჩეულიშვილმა ბევრი ჩიჩქნეს ჩემი საქმეები, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს, რადგან მსგავსიც არაფერი ჩამიდენია. ყოველთვის წინ ვიყურებოდი და ისე ვმუშაობდი. ვერავინ იტყვის, რომ თუნდაც საჩუქარი მიმეღოს ვინმესგან. კალამი რომ კალამია, იმასაც კი ვერიდებოდი, რომ მერე ვინმეს სათქმელი არ ჰქონოდა - მიშას ეს ვაჩუქეო...

და ბოლოს, ბატონო მიხეილ, ბოლო ხანებში ხშირად საუბრობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ბურჯანაძე-დემოკრატებს“ შორის განხეთქილება მწიფდება. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?

- კონკურენცია ერთ პარტიაშიც არის, ამიტომაცაა პარტიების გაერთიანება რთული პროცესი. „ნაციონალებს“ ძლიერი სტრუქტურები აქვთ, „დემოკრატებსაც“ გამოცდილი ხალხი გვყავს და... არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ არის ჩვენ შორის მოლაპარაკებები, მსჯელობა, მაგრამ ეს განხეთქილება ნამდვილად არაა. უბრალოდ, ჩვენი მტრები თავდაუზოგავად ავრცელებენ ასეთ ჭორებს, რათა შექმნან საზოგადოებაში შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ შორის დაპირისპირებაა. ამაზე ნამდვილად ოცნებობს ბევრი, მაგრამ ჩვენი დაპირისპირება და ჩხუბი არასოდეს მოხდება!