(იბეჭდება შემოკლებით)
იმ ქვეყანაში, სადაც თავდაცვის მინისტრს ღვინის ექსპორტირების პრობლემების დარეგულირებას ავალებენ, პრინციპში აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, მაგრამ რა ვქნათ რომ გვიკვირს... ასე რომ, მაინც გაგვიკვირდა, როცა გავიგეთ რომ გიორგი კანდელაკი კრივის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგა და მის ადგილს კახეთის გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი იკავებსო. უარესად გაგვიკვირდა, როცა გავიგეთ რომ ანალოგიურად, ფინანსური პოლიციის შეფს, დათო კეზერაშვილს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ამზადებენო...
კულუარული ინფორმაციით, კანდელაკი პოლიტიკურად იყო მიუღებელი ხელისუფლებისთვის და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი კანდელაკს „ზემოდან“ აიძულეს გადადგომა. ამ ვერსიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. გიორგი კანდელაკსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შავმა კატამ ვარდების რევოლუციამდე ბევრად ადრე გაიცუხცუნა.
ნოემბრის არჩევნების წინ, გორში ნაციონალები და სახელისუფლო ბლოკის აქტივისტები ერთმანეთს დაერივნენ, მაშინ გიორგი კანდელაკი სახელისუფლებო ბლოკის სიაშიც იჯდა და ამ ინციდენტის უკანაც მოიაზრებოდა. სააკაშვილსა და კანდელაკს შორის ინციდენტი მაშინ მალევე ამოიწურა - სააკაშვილი და კანდელაკი საჯაროდ შერიგდნენ.
მაგრამ გამოხდა ხანი, სააკაშვილის მიერ ვარდებით განდევნილთა შორის კანდელაკიც იყო. კიდევ უფრო მოგვიანებით, კანდელაკი მოჭიდავეების ცნობილ აქციაზეც გამოჩნდა და შემდეგ სხვებივით აღარც ბოდიში მოუხდია. ამბობენ, რომ სწორედ ეს არ აპატიეს მას და გადადგომა მოსთხოვეს. ამ ვერსიას აძლიერებს ისიც რომ მის პოსტს, ვინმე უბრალო დროშისმქნევია ნაციონალი კი არა, ნაცმოძრაობის წამყვანი სახე - პეტრე ცისკარიშვილი იკავებს.
„ალიამ“ ყველა მხარესთან გადაამოწმა ეს ინფორმაცია.
გიორგი კანდელაკმა გადადგომის ფაქტი დაადასტურა.
- კი, დღეს დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ.
არსებობს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ გაიძულათ ამ ნაბიჯის გადადგმა.
- არა, ნამდვილად არ ყოფილა ასეთი რამ. უკვე 2 თვეა ვაპირებდი წამოსვლას და ნამგალაურთან ერთად ვეძებდით კანდიდატურას, ჩვენთვისაც რომ მისაღები ყოფილიყო. არჩევანი პეტრე ცისკარიშვილზე შეჩერდა.
კი, მაგრამ რატომ გადადექით?
- ჩვენ შევქმენით პროფესიონალური კრივის ფედერაცია, რომელიც გაწევრიანდა მსოფლიო ფედერაციაში. ეს ფედერაცია კერძოა, მე გავხდი ამ ფედერაციის პრეზიდენტი და ერთდროულად ორივე ფედერაციის ხელმძღვანელობას ვერ შევძლებდი.
კრივის ფედერაცია საკმარისად ფინანსდებოდა? რამდენი იყო წლიური დაფინანსება?
- არა, საკმარისი არ იყო, რა თქმა უნდა. 60 ათასი ლარი იყო...
„ალია“ კომენტარისთვის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ნამგალაურსაც დაუკავშირდა:
- დღეს შეიკრიბნენ კრივის ფედერაციაში, განიხილეს პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურა და დადებითად გადაწყვიტეს.
არსებობს ინფორმაცია რომ ხელისუფლებამ კანდელაკს მოჭიდავეების აქციაში მონაწილეობა არ აპატია და იძულებით მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება.
- არ გინდათ რა, ეს რაღაც პოლიტიკური შეფასებები... აქ არის საუბარი კრივის მაქსიმალურ შესაძლებლობებზე, გიორგის რაც საშუალებები აქვს, იმას დაემატება ბატონი პეტრეს შესაძლებლობები და ყველასი, ვისაც კარგი უნდა კრივისთვის.
რატომ პოლიტიკოსი და არა მოკრივე?
- გადახედეთ საზღვარგარეთის ქვეყნებს და ნახავთ რომ ნებისმიერ ქვეწყანაში ფეხბურთის კლუბებსაც, ფედერაციებსაც ხელმძღვანელობენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, რომლებიც იმ სახეობაში საერთოდ არ მოღვაწეობენ. მგონი ძალიან წარმატებული კლუბებიც აქვთ და ფედერაციებიც. ამ მიმართულებით, არა მგონია რომ ჩვენ რაღაც ახალს ვიგონებდეთ.
კი მაგრამ მარტო ნაციონალები რომ ხდებიან ფედერაციების შეფები?
- ეს საიდან მოიტანეთ? ჩვენ არანაირად არ ვანსხვავებთ ნაციონალია თუ... ვინ გითხრათ ასეთი რაღაცეები და რატომ სვამთ ასეთ კითხვებს?!
„ვინ მითხრა და კითხვას ასე რატომ ვსვამ“ რას ჰქვია? ჟურნალისტი ვარ და ეგ ჩემი კომპეტენციაა, კითხვას როგორ დავსვამ.
- მომისმინეთ რა... სპორტისთვის სასიკეთოდ თუ მესაუბრებით, სპორტში რამე რომ გიპასუხოთ და ნორმალური ინფორმაცია იცოდეთ, მელაპარაკეთ სპორტზე, რა არის ეს, რა კითხვებს მისვამთ?
იცი რა, პასუხი ნებისმიერი შეიძლება გამცეთ, მაგრამ კითხვას მე რასაც მინდა იმას დავსვამ და...
- მერე დამირეკეთ რა, თამაშზე ვარ, ბოლნისში...
დავით ნამგალაურმა ტელეფონი გათიშა და ამდენად შეუძლებელი გახდა მისი კომენტარის მოსმენა.
მცირედი გადახვევა ნამგალაურისთვის და ძმათა მისთათვის: ჯერ ერთი, ჩინოვნიკი ჟურნალისტს კითხვის დასმას არ უნდა ასწავლიდეს და პასუხის გაცემის მაგიერ ტუფლებიდან არ უნდა ხტებოდეს და მეორეც, დავით ბატონო, თქვენ რომ „გეპეიში“ საავტომობილო მეურნეობის საფუძვლებს ეუფლებოდით, მე უკვე გადაღლილი ვიყავი უმწვავესი კითხვების დასმით. თქვენგან ნამდვილად მესწავლება დროშის ქნევა, მაგრამ არა - კალმის.
„ალია“ კომენტარისთვის პეტრე ცისკარიშვილსაც დაუკავშირდა.
- რეზო, თქვენ სპორტზე გადაერთეთ თუ რა ხდება? მე მახსოვს სულ პოლიტიკაში იყავი ხოლმე... ახლა სპორტზე წერთ?
მე პოლიტიკაში მახსოვდით, პეტრე ბატონო... მაგრამ აგერ კრივის ფედერაციის შეფი ხდებით. რატომ დათანხმდით კრივის ფედერაციის შეფობაზე, რა შეხება გაქვთ, სიმპატიები გაგაჩნიათ ამ სპორტის მიმართ თუ?
- არ დაგიმალავთ რომ ამ სპორტის მიმართ მაქვს კეთილგანწყობა და სიმპათიები, მართლა ვაჟკაცური სპორტია, ჭიდაობის შემდეგ, სადაც ტრადიციულად ძლიერები ვართ... გავაკეთებთ იმას, რომ კრივი განვავითაროთ. პირველ ეტაპზე თვითონ ფედერაციის მუშაობაა მოსაწესრიგებელი, ფინანსების საკითხებია დასალაგებელი, ტურნირებზე, შეჯიბრებებზე გასამგზავრებელი თანხებია მოსაძიებელი, ნაკრებში მთავარი მწვრთნელი - დასანიშნი, და რა თქმა უნდა კრივის დარბაზების და რინგების კეთილმოწყობა. სპონსორებთან მუშაობაა სასჭირო.
კი მაგრამ კრივის ფედერაციის წლიური დაფინანსება სულ 60 ათასი ლარი იყო, 60 ათასით ამდენს შეძლებთ?
- ყველანაირად ვეცდებით რომ ეს დაფინანსება გაიზარდოს.
ისე, ჩვენში რომ დარჩეს, კრივისთვის დაფინანსების გაზრდა, ხელმძღვანელის შეცვლის გარეშეც მშვენივრად შეიძლებოდა. სახეობა სახეობად უნდა იყოს პრიორიტეტული და არა იმის მიხედვით, ვინ უდგას მას სათავეში. მოკლედ, ფაქტია - პეტრე ცისკარიშვილი ახალ ამპლუაშია.
კულუარებში ხუმრობენ, საგანელიძეზე „ვარჯიშის“ გამოცდილება კი აქვს და კრივსაც მალე დაუჭერს მუღამსო.