NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თავიდან მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ინტერნეტი დედამიწასთან მათ კავშირს უზრუნველყოფს.
გეგმის თანახმად, ასტრონავტები მთვარეზე დიდი ხნით დარჩებიან, მათ მიერ შეგროვილი მონაცემების გადმოსაცემად კი არსებული რადიოარხების სიმძლავრე საკმარისი არ იქნება. პროგრამა LunaNet მთვარის ზედაპირზე კავშირის გადამცემი რამდენიმე კვანძის განთავსებას ითვალისწინებს. დედამიწის WiFi-სგან განსხვავებით ის უფრო მდგრადი იქნება, ამასთან, კვანძები შეგროვილი ინფორმაციის შენახვასაც შეძლებენ.
ეს ტექნოლოგია ტესტირებას დედამიწაზე გადის. NASA-ს საპილოტე პროგრამა ოჰაიოს შტატის ყველაზე მსხვილ ქალაქში, კლივლენდში ხორციელდება.
ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე 1969 და 1972 წელს იმყოფებოდნენ. 2017 წელს კი ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დედამიწის თანამგზავრის ათვისების აუცილებლობის შესახებ დირექტივას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის იანვრამდე მთვარეზე უპილოტო კოსმოსური აპარატი Artemis-1 გაემგზავრება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი თანამგზავრზე ასტრონავტები გაფრინდებიან.