(იბეჭდება შემოკლებით)
სოზარ სუბარი გამოცოცხლდა! - ასე აფასებს ოპოზიცია სახალხო დამცველის 200-გვერდიან საპარლამენტო ანგარიშს. სახალხო დამცველის 2005 წლის ბოლო თვეების საანგარიშო მოხსენების ძირითადი ნაწილი სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასჯელაღსრულების სისტემას და მეწარმეთა უფლებების დარღვევებს ეხება.
ომბუდსმენი სავარაუდოდ, პარლამენტის წინაშე 21 აპრილს წარსდგება, თუმცა, მანამდე მთელი რიგი პროცედურები და საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიაროს.
სუბარი ყველაზე დიდ ყურადღებას პოლიციაში არსებულ დარღვევებსა და პოლიციელთა მხრიდან ცემა-ტყეპის ფაქტებზე ამახვილებს. 2005 წლის 9 თვის განმავლობაში დაზიანებები აღენიშნებოდა 604 პირს, რომელთაგან 196 აცხადებდა, რომ ეს დაზიანებები დაკავების პროცესში პოლიციელებისგან და წინასწარი დაკავების იზოლატორებში მიიღო. დავით ჯაფარ ოღლი სოფელ ფონიჭალაში რუსთავის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ის ჯერ დაკავების მომენტში სცემეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში. ინფორმაცია ამ ფაქტის შესასწავლად გენპროკურატურას გადაეგზავნა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, თუმცა უფლებამოსილების გადამეტებისთვის დღემდე არავინ დასჯილა.
ანალოგიური ფაქტი მომხდარა დაკავებულ აკაკი გურგენიძის მიმართ, რომელსაც დაკავებისას ისანი-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ძლიერი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ზაალ აკობია ზუგდიდში, საკუთარ სახლში 2005 წლის 18 აპრილს დააკავეს და წაიყვანეს კედიას ქუჩაზე მდებარე განყოფილებაში. აკობიას განცხადებით პოლიცია მას გზაშიც სცემდა, განყოფილებაში მიყვანისას კი პირში იარაღის ლულა ჩაუდეს და სიკვდილით ემუქრებოდნენ, თუ აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა. ორივე მათგანი სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ 2005 წლის 16 ივლისს გაათავისუფლეს.
ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქე გიორგი ჯავახიშვილსაც, რომელიც თელავის შს განყოფილების თანამშრომლებმა აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით სცემეს. მას აიძულებდნენ მეზობლის ვენახის გაჩეხვა ეღიარებინა. სუბარის მასალებით, პოლიცია ცემა-ტყეპისა და იძულების ფაქტებს მოწმეების შემთხვევაშიც ხშირად იყენებს: დავით კბილცეცხლაშვილის საქმე გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაშია გადაცემული, თუმცა დასჯით დღესაც არავინ დაუსჯიათ. ამ საქმის ერთ-ერთი მოწმე ციური ჩიქოვანზე იყო სისტემატური ზეწოლა პოლიციელებისგან, რომ დამნაშავედ დაესახელებინა კბილცეცხლაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააპატიმრებდნენ, როგორც თანამონაწილეს. ანალოგიური შემთხვევა მოხდა ქუთაისის პოლიციაშიც როცა არასრულწლოვანი გიორგი მიქელაძისა და თემურ ვაჩაძის ჩვენების საფუძველზე დააკავეს მოქალაქე თემურ ჭელიძე. მოწმეები კი სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით აცხადებენ, რომ ჩვენება პოლიციაში ფიზიკური ზეწოლის ქვეშ დააწერინეს.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ დაიკითხა 347 დაკავებული, აქედან 190-ს აღენიშნებოდა შესამჩნევი სხეულის დაზიანებები, რაც დაკავებულთა 54 პროცენტს შეადგენს. დაკავებულზე ფიზიკური დაზიანებების ნიშნების მაქსიმალური რაოდენობა აგვისტოს თვეშია აღმოჩენილი - 64 ფაქტი.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულად აკრიტიკებს შსს-ს რეგიონალური განყოფილებების დროებითი მოთავსების იზოლატორების მდგომარეობას. მაგალითად, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში სულ 6 საკანია, არ არსებობს სავენტილაციო სისტემა, არ თბება არც ერთი საკანი, არ არის ფანჯრებზე მინები, არის ანტისანიტარია.
სახალხო დამცველი დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ ყაჩაღობის ვერსია საეჭვოა. ამის დასტურად თუნდაც ის ფაქტი მოჰყავს, რომ დეპუტატს ყელიდან მსხვილი ოქროს ჯაჭვი არ ჩამოხსნეს.
სუბარი შინაგან საქმეთა მინისტრს მკაცრ და კონკრეტულ რეკომენდაციებსაც უყენებს: 1. პოლიციელები გაიწვრთნან წამების გარეშე გამოძიების მეთოდების გამოყენებაში. 2. უზრუნველყოფილ იქნას საიდენტიფიკაციო ნიშნების მუდმივად ტარება დაპატიმრებისას. 3. აიკრძალოს ნიღბების გამოყენება. 4. შეიქმნას მუნიციპალური პოლიცია.
სოზარ სუბარი განსაკუთრებით მკაცრია ყოფილი მოადგილის, ბაჩო ახალაიას მისამართით, თუმცა იქვე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ზოგადად სიტუაცია პროგრესირებადია. პატიმარი ცინციბაძე ხონის მე-9 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში 2005 წლის 30 სექტემბერს ჩამოხრჩობილი იპოვეს. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა საქმეში არსებობს საეჭვო დეტალები. გარდაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ცინციბაძე კანონიერმა ქურდებმა მოკლეს.
ქუთაისის მეორე საპყრობილეში 2005 წლის 22 დეკემბერს არეულობის შესწავლის შედეგად დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოყენებული ძალა წინააღმდეგობის არაადეკვატური იყო. სპეცრაზმის თანამშრომლები საკნებში სცემდნენ ყველას, განურჩევლად იმისა, მიიღო თუ არა მან მონაწილეობა არეულობაში. აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა მალხაზ სერგინავა, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბათუმის საპყრობილეში 2006 წლის 24 იანვარს ჩატარებული ჩხრეკა-დათვალიერების შემდეგ დაზიანება მიიღო საკმაოდ ბევრმა პატიმარმა. მათი განცხადებით, აიძულეს თოვლში მდგარიყვნენ ფეხშიშველები 4-8 საათის განმავლობაში და ისე დალოდებოდნენ საკნების დათვალიერებას. სპეცოპერაცია იმ მიზნით ჩატარდა, თითქოს იარაღი იყო, თუმცა იარაღი არ ამოღებულა. სუბარი პროკურატურას ამ ფაქტზე წინასწარი გამოძიების დაწყებას სთხოვს.
ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორის მოადგილეს ირაკლი კუჭუხიძესა და დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან მარუაშვილს ღამის საათებში საპყრობილეში მთვრალ მდგომარეობაში კორპუსების ჩამოვლასა და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მათ შეურაცხყოფა მედპერსონალსაც მიაყენეს, თუმცა თანამდებობას დღემდე ინარჩუნებენ.
ანალოგიურ ბრალდებას თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს პატიმარი დავით ზარნაძე უყენებს, რომლის განმარტებით, ქსნის მეშვიდე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ახალაიამ და მისმა მოადგილე ონიანმა სასტიკად სცემეს.
სახალხო დამცველი ფინანსურ პოლიციასაც უტევს და აცხადებს, რომ რესტორნებისა და კლუბების დალუქვის დროს დაირღვა მეწარმეთა უფლებები. სუბარი კონკრეტულ შემთხვევასაც ასახელებს. ერთ-ერთი კლუბი, „მეტელიცა“ 4 დღის განმავლობაში იყო დალუქული, როცა სავალდებულო ბრძანება არ იყო გაცემული. მეწარმეთა უფლებების დარღვევაში სუბარი ქალაქის მერიასაც ადანაშაულებს და ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებული რამდენიმე მესაკუთრის შენობის დემონტაჟს უკანონოდ აცხადებს: ზურაბ ტალახაძე, ირინა ნერგაძე, ნოდარ მაისურაძე უფლებაშელახული მეწარმეები არიან.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულად მწვავედ შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელს ეხება და მისგან შევიწროებული გივი ჯამელაშვილის ფაქტი მოჰყავს. ბიზნესმენ ჯამელაშვილს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ვაშლის კონცენტრანტის ქარხანა აქვს. ტყვიავი ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი ხელდასმული მიხეილ ქარელის მშობლიური სოფელია. სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, როგორ ხდებოდა მასზე ზეწოლა გუბერნატორის მხრიდან, როგორ ჩაუჭრეს გაზმომარაგება მისი უშუალო მითითებით კომბინატს, ერთ კვირაში კი მეწარმეს ქარელის მძღოლი და რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია. 2-3 კვირის შემდეგ თავდასხმა მოხდა ბიზნესმენ ჯამელაშვილის ვაჟზე. პოლიციამ დააკავა თავდამსხმელი, რომელიც მიხეილ ქარელის პირადი დაცვის უფროსის ახლო ნათესავია.
სახალხო დამცველი საკუთარ 200-გვერდიან მოხსენებაში დეტალურად საუბრობს ასევე რელიგიური უფლებების დარღვევებზე, მედიის უფლებების შელახვის ფაქტებზე და სოციალურად დაუცველ ფენაზე. სუბარის მოხსენებაში ერთი თავი ხელისუფლების არაჯეროვან მმართველობასაც ეთმობა: აქ სუბარმა ქალაქის მერს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსაც გაჰკრა კბილი. პირველს პიონერთა სასახლის გამო აკრიტიკებს: მის ბალანსზე არ იყო რიცხული და წესით ეკონომიკის განვითარების სამინისტროს უნდა განეკარგაო. ხოლო ზაზა გოროზიას და ზუგდიდის გამგებელს ალეკო ქობალიას ზუგდიდის ბაზრის კარების ჩაკეტვის გამო საპარლამენტო ტრიბუნიდან მისცემს შენიშვნებს.