(იბეჭდება შემოკლებით)
სტრასბურგიდან დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი ადგილსამყოფელს შეიცვლის და ვიდრე ყოფილი ჟანდარმერიის შენობას ახალი პრეზიდენტის რეზიდენციისათვის შეარემონტებენ, ოჯახთან ერთად სულხან-საბას ქუჩაზე, სამოთახიან ბინაში გადავა საცხოვრებლად.
ნაცნობი გზა კანცელარიისაკენ ორმაგად ნაცნობი ხდება. გზის აქეთ გისოსებშემოცლილი, დემოკრატიულად მოდერნიზებული კანცელარიის შენობა, გზის იქით კი - ვისთვის ქილიკის საგნად ქცეული, ვისთვის კი - შეჭირვებული ხალხის ასევე შეჭირვებულად მცხოვრები პრეზიდენტის ნაქირავები ბინა. იმედი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ახალ საცხოვრებელ ბინას მუშახელის სიმრავლით, გაძლიერებული დაცვისა და ცნობისმოყვარეთა მზერის წყალობით მივაგნებდი, ამაო გამოდგა.
- ქალბატონო, თქვენ ახალი პრეზიდენტის ახალი მეზობელი ბრძანდებით? - ვეკითხები შუახნის ქალბატონს. აქვე ვცხოვრობ! - მეუბნება იგი და შუშაბანდიანი სახლისაკენ იშვერს ხელს, - მაგრამ რად გინდა, აქეთ მხარეს არც აივანი მაქვს და არც ფანჯრები. რასაც სხვა ვერ ხედავს, იმის დანახვაა საქმე, თორემ ეგრე სულ ტელევიზორში არ იქნება? ან აქამდე არ იყო?!
მიხეილ სააკაშვილის მორიგ სავარაუდო მეზობელთან გასაუბრების მიზნით პურითა და ლიმონათის ბოთლებით დატვირთული ქალბატონი შევაჩერე, რომელიც თავისი ჩაცმულობით სახლთან ახლომდებარე მაღაზიაში სახელდახელოდ გადარბენილი დიასახლისის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გაღიზიანებული მზერა შემაფეთა და ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა: ჩემ წინ გარემოვაჭრე დევნილი ქალბატონი იდგა და კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციისაკენ მიიჩქაროდა,
- სად მაქვს სახლი და კარი, დამაქცია შევარდნაძის მთავრობამ. ახლა ესენი მოვიდნენ, რაღაც ორ კაპიკს ვშოულობდით ქუჩაში და იქიდანაც აგვყარეს. მეტი გასაკეთებელი და გამოსასწორებელი ვერაფერი ნახეს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში? როცა მათ სჭირდებოდათ, ხომ დავუდექით გვერდით, ახლა თვითონ დაგვიდგნენ! „კმარა“-„კმარას“ რომ გაიძახოდნენ, ფსოუზე თქვან, თუ კაი ბიჭები არიან, „კმარა“, დამაბრუნონ სოხუმში და ქუჩაში დამდგომს მოუკვდა პატრონი. - რაო, რა მითხარი? ამ სახლში უნდა იცხოვროს სააკაშვილმაო? - მეკითხება მოულოდნელად, თვალები ავისმომასწავებლად ააკვესა, ნიშნისმოგებით გაიღიმა და თითქოს ხსნის ახალი გზა აღმოაჩინაო, მსუბუქად აიკიდა თავისი საპალნე.
მორიგი გაუგებრობისაგან თავის დაზღვევის მიზნით სადარბაზოში შევედი და კარზე ზარი დავრეკე. ცნობისათვის: მიხეილ სააკაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლს სამი მემორიალური დაფა ამშვენებს, რომლებიც იტყობინებიან, რომ სხვადასხვა დროს აქ გამოჩენილი ადამიანები ცხოვრობდნენ: გეოლოგი კალისტრატე გაბუნია, პალეონტოლოგი, აკადემიკოსი ლეო გაბუნია და კომპოზიტორი ნოდარ გაბუნია. არ მიცდია იმის პროგნოზირება, დაჰკიდებენ თუ არა ამ სახლს წლების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახლობის მეოთხე მემორიალურ დაფას. ბევრად უფრო იოლი წარმოსადგენი, მეზობლის მოსაკითხად ჰოლანდიური ან, სულაც, ქართული კერძით ხელდამშვენებული პრეზიდენტის მეუღლე იყო.
ყოველგვარი წითელი ზონების, აკრძალვის ნიშნებისა და გაძლიერებული დაცვის წინაღობის გარეშე ავიარე საკმაოდ მოძველებული კიბეები და პრეზიდენტის მომავალი საცხოვრებელი ბინის კართან აბსოლუტურად მარტო აღმოვჩნდი. ამ კარს ყოველ დილით გამოაღებს მიხეილ სააკაშვილი და უკვე ყველასათვის ნაცნობი სწრაფი ნაბიჯებით აქვე, მეზობლად, კანცელარიაში გადავა სამუშაოდ.
არავინ იცის, რატომ აირჩია პრეზიდენტმა საცხოვრებლად ეს ბინა. გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტს გაუფრთხილდა, დაცვის სამსახურის ორმაგი ხარჯები შეამცირა, ხალხში გამოსვლისა და ფეხით სიარულის ტრადიციას არ უღალატა თუ ამით საკუთარ ოჯახს ყველაზე უსაფრთხო პირობები შეუქმნა?
ფაქტია, სასტუმრო „მერიოტის“ დაჯავშნული ნომრის შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატობის ეპოქა გაატარა, აწ უკვე ინაუგურაციაჩავლილი საქართველოს პრეზიდენტის საცხოვრებელი ბინის კარი მეტად დაუცველად გამოიყურებოდა.
სოლიდურ ეფექტებს მოკლებული, ალაგ საღებავგაცლილი რკინის კარები, რა თქმა უნდა, არავინ გაგვიღო. იქიდან ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა. სამაგიეროდ, გვერდით მეზობლის კარი იყო ფართოდ გაღებული და სამუშაოებით გატაცებული მუშახელის ღიღინი სადარბაზოშიც ისმოდა.
- ეს არ არის პრეზიდენტის სახლი. წელიწადზე მეტია, აქ ვმუშაობთ, კაცმა არ იცის, კიდევ რა დრო დაგვჭირდება. სააკაშვილი დღე-დღეზე გადმოდის. ეს ბინა მფლობელმა ერთი წლის წინ გაარემონტა, ახლა კი ჩვენს პრეზიდენტს მიაქირავა, ოღონდ რამდენად, არ ვიცი. - მეუბნება ხარაჩოზე შემდგარი ხელოსანი.
ოპონენტები დღესაც ედავებიან მიხეილ სააკაშვილს ახალშენის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიანი ბინის ბატონპატრონობაში. ბევრისათვის დღესაც გაუგებარია, რატომ მისცა საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა ძველ პრეზიდენტს კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრების უფლება, შევარდნაძის გარემოცვას კი ციხეში, უკეთეს შემთხვევაში - ციხის საავადმყოფოში ასახლებს. ვერც „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლზე უარის თქმის მოტივი ახსნა ზოგიერთმა, რადგან სულხან-საბას ქუჩაზე არსებული სახლიც ნაწილობრივ „იტალიური“ ტიპის მოდელზეა აგებული.
რაც შეეხება ავლაბარში მდებარე ყოფილი ჟანდარმერიისა და თბილისის ავტოინსპექციის ყოფილ შენობას, რომელსაც პრეზიდენტის სამუშაო და საცხოვრებელ რეზიდენციად ამზადებენ, მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება - ავლაბარში ბინების ფასი კატასტროფულად გაიზარდა.